LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას შეცვლის ტაქსის მძღოლებისთვის ნებართვის აღება

57

დედაქალაქის მერია სატრანსპორტო კოლაფსის განსამუხტად კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. მიმდინარე წლიდან იმისთვის, რომ მოქალაქემ ტაქსით საქმიანობა განახორციელოს, მას ამის დამადასტურებელი ნებართვა დასჭირდება. ნებართვის აღება ერთჯერადად ფასიანი იქნება, მის მისაღებად მძღოლს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მართვის მოწმობა დასჭირდება, თუმცა ამის შემდეგ რა შეიცვლება, მძღოლებისთვის, ამაზე მერიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

როგორც თბილისის მერი, კახა კალაძე, ირწმუნება, ტაქსის მძღოლებისთვის ერთიანი სამართლებრივი სივრცის შექმნა ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვება. ეს იქნება პირველი, მარტივი ეტაპი, რომლის მიხედვითაც, ტაქსის მძღოლები ვალდებულები იქნებიან, ამ საქმიანობით დაკავებისას იქონიონ ტრაფარეტი და ნებართვა. მეორე ეტაპზე კი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების პარალელურად, ყურადღება მიექცევა ტაქსით მგზავრობისას კომფორტულ მომსახურებას. 

თბილისის მერის შემდეგ დეტალებზე მისმა მოადგილემ, მაია ბითაძემ, ისაუბრა.

„ფორტუნას“ კითხვაზე იმის შესახებ, რომ  ნებართვის შემდეგ მომდევნო ეტაპად ხომ არ მოიაზრება ტაქსის საქმიანობის რაიმე ფორმით დაბეგვრა, ბითაძე პასუხობს, რომ მათი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის მიმართული იმაზე, რომ მაქსიმალურად მოხდეს თანხების მობილიზება ან ამოღება.

„დღესაც ჩვენი კანონმდებლობით, კომერციული საქმიანობისას პირი ვალდებულია, საშემოსავლო გადაიხადოს. ეს ეხება ძიძასაც, მასწავლებელსაც და ტაქსისტსაც. ვინც შემოსავალს იღებს, ყველა რეგულირდება. ჩვენი, მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა არ მოიცავს საგადასახადო კომპონენტს. სახელმწიფოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უსაფრთხო და რეგისტრირებული,“  – განუცხადა „ფორტუნას“ მაია ბითაძემ.

თავად ამ საქმიანობით დაკავებული მძღოლები ინიციატივის გაჟღერებისთანავე უკმაყოფილებას გამოთქვამენ.  

ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი „ფორტუნას“ საუბრისას ამბობს, რომ ეს რეგულაცია მას უბიძგებს,  ეს საქმიანობა  ჩუმად, ტრაფარეტის გარეშე განახორციელოს.

„მერე ამ ტრაფარეტს საერთოდ მოვხსნი, არ ვივლი. ძალიან არ მომწონს. არ ეყოფათ, რასაც „ტეხავენ“? აღარ ყოფნით. ჯერ კლიენტი არ გამიყვანია, 9 საათიდან ვდგავარ და კიდევ რაღაცას მთხოვენ.  მე ჩემი მანქანა უნდა დავამტვრიო და იმათ ფული მივცე? იმას არ გადავიხდი, ტრაფარეტს მოვხსნი და ისე ვივლი,“  –  ამბობს ის.  

ახალი რეგულაციის შემოღების წინააღმდეგია დათოც. მისი თქმით, ეს პირველი ვითომ უმტკივნეულო ეტაპია. შემდეგ კი აუცილებლად დაავალდებულებენ, რაღაც მაინც რომ გადაიხადონ.

რაც შეეხება თავად კანონმდებლობას, როგორციურისტი ლევან ალაფიშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, დღეს მოქმედი რეგულაციით, ტაქსის გაჩერებისა და დაჯარიმების უფლება საგადასახადო ორგანოს აქვს, თუმცა ის ამ უფლებამოსილებას არ ახორციელებს.

„დღესაც ის ტაქსები  ექვემდებარებიან საგადასახადო ადმინისტრირებას. ამ მხრივ არაფერი არ იცვლება. ნებართვის შემოღება არაფერს შეცვლის, კანონდამრღვევი დღესაც და ხვალაც იქნება კანონდამრღვევი. ჩვენი კანონმდებლობით არაერთჯერადი მოგების ან შემოსავლის მიღების მიზნით წარმოებული საქმიანობა განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად.  შესაბამისად, მისი განმახორციელებული ექვემდებარება საგადასახადო ვალდებულების შესრულებას. აქედან გამომდინარე, ნებართვა იქნება თუ არ იქნება, მასზე ვრცელდება „საგადასახადო კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები,“  – აღნიშნა ალაფიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები