LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰპირდება ახალი საბაჟო კოდექსი ბიზნესს?!

მარტივი და სამართლიანი წესები, მოქნილი საბაჟო პროცედურები და საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება – ეს არის ის ძირითადი პრინციპებია, რომელსაც საბაჟო კოდექსის პირველადი ვარიანტი ითვალისწინებს და რომლის ამოქმედებასაც მთავრობა მომდევნო წლიდან აპირებს. კოდექსის ავტორი ფინანსთა სამინისტროა. უწყებაში აცხადებენ, რომ კოდექსთან დაკავშირებით, რეკომენდაციებისა და შენიშვნების მისაღებად მზად არიან.

კოდექსი, რომელიც ქვეყანაში საბაჟო პროცედურებს არეგულირებდა, ბოლო წლებში არ არსებობდა და მას სხვადასხვა ნორმატიული აქტები მოიცავდა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კი, კოდექსი მომდევნო წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში.

  • ახალი საბაჟო კოდექსით, ჩნდება საბაჟო პროცედურის მფლობელის დეფინიცია და პროცედურის მფლობელის ცვლილების შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული უფლებები გადაეცეს სხვა პირს. აღნიშნული სიახლე ბიზნესსექტორს მისცემს საშუალებას, აწარმოოს მისთვის სასურველი გარიგება საბაჟო ზედამხედველობაში მოქცეულ საქონელზე ისე, რომ ხელი არ შეეშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას.
  • კიდევ ერთი სიახლე, რასაც ახალი საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს, არის ის, რომ ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის გავლა კომპანიებს ელექტრონულად შეეძლებათ.
  • შემოდის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ცნება. ამ სტატუსის მქონე კომპანიები კი, ევროკავშირის ბაზარზეც ისარგებლებენ შეღავათებით.
  • ახალი შეღავათების ამოქმედება იგეგმება რეექსპორტში ჩართული კოპანიებისთვისაც. კომპანია, რომლის ავტომობილიც ექსპორტზე 6 თვის განმავლობაში გავა, მას იმპორტის გადასახადი, ავტომობილის განბაჟება-გაფორმებასთან გაღებული თანხები, სრულად დაუბრუნდება.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი „ფორტუნასთან“ საბაჟო კოდექსის „დაბრუნებას“ დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ის რომ ამ სფეროს ცალკე კანონი მოაწესრიგებს, გარკვეული სტაბილურობის გარანტიას ქმნის.

„ჩვენი და ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცეებისა და რეგულაციების დაახლოება ხდება. ეს აუცილებლად  შეუწყობს ხელს ინვესტორების შემოსვლას. მათთვის აბსოლუტურად იქნება განჭვრეტადი რეგულაციები, ის რაც მათ ქვეყანაშია და ჩვენთანაცაა.  ასევე მარტივი იქნება, აქედან გატანა და იქიდან შემოტანა პროდუქტის.  ძალიან კარგია ასევე ის, რომ საბაჟო სფეროში რა რეფომრებიც გატარდა, ამ ყველაფრის შენარჩუნება ხდება. ჩვენი ქართული მიღწევების შენარჩუნება ხდება და ამას ემატება მოწინავე ევროპული რეგულაციები. ერთგვარი სინთეზი კიდევ უფრო მიეხმარება ჩვენ ბიზნესმენებს, რაც კარგია შევინარჩუნოთ და რაც ევროპას აქვს კარგი გადმოვიტანოთ,“ – აღნიშნა ზურაბ ძნელაშვილმა.

ერთადერთი ბუნდოვანება, რაც ბიზნესომბუდსმენის მოადგილის აზრით, ახალ საბაჟო კოდექსშია, ესაა გარანტიის ახალი სახე – თავდებობა. როგორც ის აცხადებს, ჯერჯერობით კანონის პირველად ვერსიაში კარგად არ წერია თუ როგორ მოხდება ამის რეალიზება, რადგან თავდებობა რთული ინსტიტუტია და საქმე ეხება პიროვნულ უზრუნველყოფას. ზურაბ ძნელაშვილი იმედოვნებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ამას უფრო ნათლად კანონქვემდებარე აქტები დაარეგულირებს.

საბაჟო კოდექსს მოწინააღმდეგე არ ჰყავს არც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

როგორც „ფორტუნას“ მისმა პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განუცხადა, პირველი და ის, რაც პალატისთვის უშუალოდ რელევანტურია, ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზება – შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ ანალოგიურ კანონმდებლობასთან.

„ეს ცვლილება საშუალებას მისცემს ქართველ მეწარმეებს, უფრო სრულფასოვნად გამოიყენონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით მიღებული სიკეთეები – პრეფერენციები, ეს არის კონკრეტული პოზიტივი ცალკეული კომპანიებისთვის, ასევე ეს გახლავთ წინგადადგმული ნაბიჯი, რათა მოხდეს საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკაში უფრო მეტი ინტეგრაცია, რაც ნიშნავს მეტ შემოსავალსა და დასაქმებას. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება, ესაა ციფრული სერვისების შემოტანა. უდავოდ საბაჟო პუნქტებისა და გაფორმების ცენტრების გავლით პროცედურები იყო ძალზედ გამარტივებული, მაგრამ ახალა ეს სიმარტივე გადადის თვისობრივად ახალ სიბრტყეში, კონკრეტულად, მეწარმეებს საშუალება ეძლევათ, გამოიყენონ საბაჟოსთან დისტანციური-ციფრული ურთიერთობა, რაც აქამდე მეტწილად შიდა საგადასახდო თემატიკას ფარავდა,“ – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ჯერჯერობით საბაჟო კოდექსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ ეკონომიკის ექსპერტები. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღებამდე, ფინანსთა სამინისტრო მის განხილვას სწორედ ბიზნესმენებთან და ექსპერტებთან ერთად გეგმავს. მანამდე კი, ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ კარგია, როცა ხელისუფლების სტრატეგიაა – მაქსიმალურად გაუმარტივოს ბიზნესს დროისა და ფინანსური რესურსის ხარჯები და ეს ყველაფერი ასახულია ახალ საბაჟო კოდექსში.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები