ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამა განახორციელა. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.
ახმეტის მუნიციპალიტეტში საკადასტრო სამუშაოები ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტაქტორმა კომპანიამ „რუკა მაპინგი“ შეასრულა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში, 13 დასახლებული პუნქტში ვენახების ფართობი შეადგენს 1817.2 ჰექტარს, რაც წარმოდგენილია 5992 ნაკვეთის სახით.
როგორც უწყებაში აცხადებენ, კადასტრის პროგრამა ღვინის კომპანიებს დაეხმარება სანედლეულო ბაზის პროგნოზირებასა და პროდუქციის სიმძლავრეების წინასწარ დაგეგმვაში, რომელიც პირდაპირ აისახება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მევენახეებს გაუადვილდებათ კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან, გამარტივდება ყურძნის მოსავლის პროგნოზირება და ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ღვინის წარმოების ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. 2015-16 წლებში კადასტრის პროგრამა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა. პროგრამა მომავალში კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.