LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გულისხმობს ”სტარტაპ მეგობრული”?

120

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახალი პროექტის  ,,სტარტაპ მეგობრულის” განხორციელებას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას” სააგენტოდან აცნობეს, პროექტის მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც წაახალისებს ადამიანებს დაიწყონ ბიზნესი და ბიზნესსაქმიანობას გახდის უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს. პროექტის ფარგლებში დამწყებ ბიზნესებს – სტარტაპებს  შესაძლებლობა მიეცემათ, დაამყარონ ურთიერთობა სახელმწიფოსთან და მსხვილ კომპანიებთან,  რომლებიც თავის მხრივ სტარტაპებს მხარს დაუჭერენ სერვისების მიწოდების, სამუშაო სივრცეების შექმნის, ფინანსური თუ  საგანმანათლებლო რესურსების მოძიების და სხვა სახის  დახმარების  უზრუნველყოფით.

მათივე ცნობით, „სტარტაპ მეგობრულში” გაერთიანდებიან სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესები და სტარტაპები. პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის სახეს ატარებს  და  მისი მიზანია,  რაც შეიძლება ბევრმა  კომპანიამ  გაიცნოს სტარტაპები, რათა მაქსიმალურად მეტი ორგანიზაცია ჩაერთოს მათი  ხელშეწყობის  პროცესში.

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ყველაზე ახალგაზრდული, ყველაზე პერსპექტიული და ოპტიმისტური პროდუქტი – ასე აფასებს „სტარტაპ საქართველოს“ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დღეს ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

„სტარტაპ ჯორჯიაც“, თავისთავად, ჩვენი მთავრობის სტარტაპია, რომელსაც გაცილებით დიდი უკუგება გააჩნია, ვინაიდან, იგი ტრანსფორმირდება ახალგაზრდების აზროვნების ახალი, გაცილებით დინამიური, მომავალზე ორიენტირებული ბრენდის ჩამოყალიბებაში და ეს არის ამ პროგრამის ყველაზე დიდი შედეგი. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვყავს ამდენი გამარჯვებული ახალგაზრდა „სტარტაპ ჯორჯიას“ პირველ ტურში. თქვენ გაიმარჯვეთ კონკურენტულ, გამჭვირვალე კონკურსში, სადაც მონაწილეობდნენ, არა მხოლოდ ადგილობრივი სტარტაპის ექსპერტები, არამედ წამყვანი კომპანიების გენერალური დირექტორები “სილიკონ ველიდან” და სხვადასხვა ქვეყნიდან. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან დიდი რამ დავიწყეთ – ქართული ეკონომიკის განვითარების სრულიად ახალი ფაზა, ახალი ეტაპი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ სტარტაპები ქართული ეკონომიკის ყველაზე დინამიურ და სწრაფად მზარდ ნაწილს წარმოადგენენ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ვერც ერთი მსხვილი ბიზნესი ვერ გაიზრდება იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც შეიძლება გაიზარდოს ინოვაციური კომპანია.

„ამიტომ, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაიწყოს ამ მიმართულებით აზროვნება. ეს არის „სტარტაპ ჯორჯიას“ ყველაზე დიდი უკუგება, როგორც პროექტისა, რომლის შემდეგი ფაზის – „სტარტაპ მეგობრულის“ პრეზენტაციას ვმართავთ. „სტარტაპ მეგობრული“ ახალ სტარტაპებსა და მსხვილ, დამკვიდრებულ კომპანიებს, წარმატებულ ბიზნესებს შორის ურთიერთობის ფორმატის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ეს ფორმატი აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ სტარტაპს სჭირდება კომუნიკაცია ახალ ტექნოლოგიებთან და დიდ კაპიტალთან. ამიტომ, ეს ფორმატი, რომელიც დღეს იქმნება, სწორედაც არის ის ხიდი, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენებს, ჰქონდეთ გასასვლელი ჭიშკარი დიდი ბიზნესის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ადამიანებმა, რომლებიც ერთ დროს თვითონ იყვნენ დამწყები ბიზნესმენები, დღეს კეთილი ნება გამოიჩინეს. ახალ პროექტში პირველი „თიბისი ბანკი“ ჩაერთო, რომლის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, პრემიერის განცხადებით, თავის დროზე ბანკი 500 აშშ დოლარით დააფუძნა.

„ასეთი მაგალითებით იქმნება ქვეყნის ეკონომიკა. ასეთი მაგალითების ენთუზიაზმი არის ის, რასაც ქვეყანა წინ მიჰყავს. „სტარტაპ მეგობრული“ იქნება ის ფორმატი, რომელიც წაახალისებს და ერთგვარად სოციალურ პასუხისმგებლობად აქცევს დიდი ბიზნესისთვის სტარტაპ კომპანიებთან მეგობრობას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი არის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს მოგცემთ საშუალებას, გახდეთ დიდი ეკონომიკის ნაწილი. თქვენ ხართ დიდი ეკონომიკის საუკეთესო ნაწილი. ერთ-ერთი მთავარი შედეგიც ამ პროექტის, გახლავთ ის, რომ მსხვილმა ბანკებმა სტარტაპებს არ შეხედონ, როგორც გერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ბანკირი ვარ და ვიცი ბანკებში ჩამოყალიბებული პრაქტიკა. ამიტომ, ჩვენ, როგორც სტარტაპ ეკონომიკას გვჭირდება სხვანაირი მიდგომები, მსხვილი  კომპანიების მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება ასეთი დამწყები, ინოვაციურად მოაზროვნე ბიზნესმენებისადმი“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „სტარტაპ მეგობრული“ არ იქნება ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი და მთავრობას აქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რომელიც ახალგაზრდებს გაცილებით მეტი ენთუზიაზმით აღავსებს.

ცნობისთვის, პირველი კომპანია კერძო სექტორიდან, რომელიც პროექტში ერთვება ”თიბისი ბანკია”.  მისი მეშვეობით ”სტარტაპ მეგობრულის” მონაწილეები სხვადასხვა სახის მხარდაჭერას მიიღებენ.