ფემიციდის თემა ისევ აქტუალური და მწვავეა. “ფორტუნა” გთავაზობთ წამყვანის მარტა ქარუმიძის ბლოგს აღნიშნულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.
ფემიციდის პრობლემაზე მინდა ვილაპარაკო, მაგრამ საიდან დავიწყო არ ვიცი. არადა, თითქოს ვსაუბრობთ ამ თემაზე, ვამბობთ, რომ საშინელებაა, დაუშვებელია, დანაშაულია…მაგრამ პარალელურად ქალების მკვლელობები გრძელდება. დამნაშავის გამართლებას სადღაც, “ვიღაც” მაინც ცდილობს.
უნდა ვთანხმდებოდეთ, ძალადობას გამართლება არ აქვს, ძალადობა დანაშაულია, მკველობა დანაშაულია. მოუკლა შვილებს დედა, ქალი, რომელიც ოდესღაც გიყვარდა, ან არც გიყვარდა, მოკლა ვიღაცის შვილი, ვიღაცის და, ან მეგობარი, დანაშაულია და ამას გამართლება არ აქვს.
პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე გვგონია. სად ვეძებოთ სათავე, იქნებ აღზრდაში? ოჯახებში? რას ასწავლიან შვილებს? გოგონებზე ზრუნვასა და სიყვარულს თუ მათ ჩაგვრას? რას ასწავლიან დედები ვაჟებს ან რა ესმით მათ მამებისგან? როგორ ექცევიან მამები ცოლებს, დედებს, დებს, გოგონებს?
ტრაგედიაა, რომ ამ პრობლემებზე საუბარს დღესაც გაურბიან. მეზობლის სახლიდან გამოსულ ყვირილსა და ჩხუბზე დღესაც თვალს ხუჭავენ, “თვითონ გაერკვევიანო”, – ამბობენ. ამასობაში კი კიდევ ერთი ქალი, კიდევ ერთი დედა, კიდევ ერთი შვილი არის მოკლული, არასწორად აღზრდილი, მოძალადე კაცის გამო.
სირაქლემას პოზიციიდან ყველა უნდა გამოვიდეს, რადგან თუ მე და შენ არ ამოვიღებთ ხმას, პოტენციურ დამნაშავეს, მოძალადეს, რომელიც ქალზე ხელს აღმართვას, ეგონება, რომ ის „მართალია“. სადღაც ვიღაც კი, შეეცდება ძალადობის გამართლებას.
რას გააკეთებდით საკუთარი შვილის დასაცავად მოძალადისგან, გაჩუმდებოდით თუ დაიცავდით? სანამ ამას ვწერ, ვინ იცის, იქნებ ვიღაცის დაზე, დედაზე, შვილზე, ცოლზე ან ყოფილ ცოლზე ძალადობენ.
ჰოდა, სუფრებზე ქალებზე ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები საქმეს არ შველის. დროა გავიღვიძოთ! დროა შევთანხმდეთ, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს, ძლიერები არ ძალადობენ!