მიხეილ ჯანელიძის განცხადება ლავროვთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატური იყო, ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. კვირიკაშვილის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის განმტკიცებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს უნდა ეფუძნებოდეს.
”ასეთ შეხვედრებს სჭირდება მომზადება. შეხვედრა უნდა იყოს გამიზნული იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება და ეს გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, უნდა განამტკიცებდეს და დაფუძნებული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღოთ. მიხეილ ჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა და მე ვფიქრობ, არაფერი მოულოდნელი ამაში არ უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები, სამწუხაროდ, ჩიხშია შესული და ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს, თუმცა „არა კომპრომისების ხარჯზე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე“.