LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ფიქრობენ პარაგლაიდინგის ფედერაციაში პარაპლანით ფრენების დროებით აკრძალვაზე: „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“

210
Untitled design (4)

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის წევრები გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურებიან და სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობენ.

სპეციალისტები გამოეხმაურნენ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებასაც, რომელმაც თქვა, რომ ვიდრე გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევა არ დასრულდება, პარაპლანით ფრენები აიკრძალება.

„რეგულაციების მიღების ერთადერთი სწორი გზა კვალიფიციური, კომპეტენტური დაინტერესებული პირების შეკრებაა. მიმაჩნია, რომ ამაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტო პრინციპულად უნდა იყოს ჩართული“, – აცხადებს საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძე.

პილოტი როსტომ ტალახაძე გონივრული რეგულაციების შემოღების საჭიროებას უსვამს ხაზს.

„ნებისმიერი მსგავსი ტიპის ღონისძიების აკრძალვა და რადიკალიზაცია არასწორი მიმართულებაა.

ორ მთავარ საკითხში ვართ დაინტერესებულები – პირველი, ასეთი ღონისძიებების უსაფრთხოდ წარმართვაა, რათა ადამიანები არ ზიანდებოდნენ და მეორე – ზოგადად, ეკონომიკის, ტურიზმის სექტორის განვითარება, ტურისტები, რომლებიც მოდიან, კმაყოფილები წავიდნენ და ეს ყველაფერი მშვიდ გარემოში წარიმართოს. საჭიროა გონივრული რეგულაციების შემოღება. გონივრული რეგულაციები გულისხმობს, ბევრი მიმართულებით, გარკვეული სტანდარტების დანერგვას.

მაგალითად, გასაფრენი ადგილის მოწყობას, აღჭურვილობის რეგულარულ შემოწმებებს, პილოტების კვალიფიკაციის შემოწმებასა და მსგავსი ტიპის, დავარქვათ, ტესტების, გამოცდების, ატესტაციების ერთობლიობას“, – აცხადებს როსტომ ტალახაძე.

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ მდივანი სამართლებრივ საკითხებში, კობა კობახიძე აცხადებს, რომ თუ გაირკვევა, რომ პარაგლაიდინგის ფედერაციამ შესაბამის უწყებებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით მართლაც მიმართა და მათ ეს არ გაითვალისწინეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, სიტუაციის დასარეგულირებლად შესაბამისი კანონი შეიმუშაოს.

„როგორც მოტოციკლის მართვას სჭირდება მართვის მოწმობა, თავისუფალი ფრენის შემთხვევაშიც აუცილებელია ლიცენზია, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ასეთი სპორტის სახეობები საქართველოში საკმაოდ მასშტაბური გახდა. ამის დასარეგულირებლად საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობა. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია შესაბამისი კანონი შეიმუშაოს, რათა ეს სიტუაცია დაარეგულიროს,“ – განაცხადა კობა კობახიძე.

მისივე თქმით, საინტერესოა ისიც, თუ რამდენად იყო პარაპლანისტი ლიცენზირებული და იყო თუ არა შესაბამისი უსაფრთხოების ზომები მიღებული.

„ამ ფაქტზე აუცილებელია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 251-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყოს, რაც უსაფრთხოების ზომებთან შეუსაბამო მომსახურებას გულისხმობს, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

პარაგლაიდინგის ფედერაცია ამბობს, რომ მათ შესაბამის უწყებებს კანონის შემოღებასთან დაკავშირებით მიმართეს, მაგრამ მათგან უკუკავშირის სახით ქმედებები არ მიუღიათ, ამიტომ, აუცილებლად გასარკვევია თუ კონკრეტულად ვის მიმართეს მათ და რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები პარაგლაიდინებთან დაკავშირებით.

თუ გამოძიებით დადგინდება, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი წესების და რეგულაციების პროექტები ჰქონდათ და პარლამენტის სხდომაზე ეს საკითხები არ გაიტანეს, ამ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს“, – აცხადებს კობა კობახიძე.

გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8 პირის ვინაობა ცნობილია

29 ივლისს, გუდაურთან, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით, ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

30 ივლისი საქართველოში გლოვის დღეს გამოცხადდა.

რა ვიცით გუდაურში მომხდარზე და რას შეცვლის ტრაგედია – დეტალები, მიზეზები და გამოსავალი