„არ მესმის, ვიღაც ადამიანს რატომ უნდა ავუკრძალოთ პოლიტიკაში საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა საარჩევნო ბარიერისა და დეოლიგარქიზაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ქვეყანაში კონკურენტული სისტემა და ბუნებრივი საარჩევნო ბარიერია საჭირო.
„ჩვენ ბევრი მდიდარი ადამიანი გვჭირდება, ვისაც შეიძლება, თავისი პარტია და მედია ჰქონდეს. ბუნებრივია, მდიდარი ადამიანი გავლენას ახდენს ბევრ სხვა სფეროზე. ეს არის სიმდიდრის ერთგვარი პრივილეგია, რის გამოც ადამიანები სიმდიდრისკენ მიისწრაფვიან, ამიტომ ასეთი კანონების წინააღმდეგი ვარ. გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ჩვენ კონკურენტული სისტემა უნდა გვქონდეს.
გვჭირდება ბუნებრივი საარჩევნო ბარიერი. ჰოლანდიაში 150-კაციან პარლამენტში ათზე მეტი პარტიაა და შვიდია კოალიციაში. ეს არის დეოლოგარქიზაციაც, დეპოლარიზაციაც. თუ მართლა პრობლემის მოგვარება გვინდა, ასე შეიძლება, მოგვარდეს და თუ გვინდა, ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ და პოლიტიკიდან მამუკა ხაზარაძე ჩამოვაშოროთ, ეს პრობლემას არ მოაგვარებს, პოლარიზაციას გაზრდის და იანვარში ვერანაირ სტატუსს ვერ მივიღებთ.
პრობლემაა არა ივანიშვილია, არამედ ის, რომ შესაძლებელია ქვეყანა ერთი წერტილიდან მართო და ძალაუფლების გადანაწილება არ არსებობს, ყველაფერი არის ერთი ვერტიკალის ქვეშ. თუ სიტუაციის შეცვლა გვინდა, ეს უნდა შეცვალოთ, თორემ, ივანიშვილის ნაცვლად ღარიბი ადამიანი რომ დავსვათ, რამე შეიცვლება? – შეიძლება უარესიც იყოს, რადგან ამ ქვეყანაში ივანიშვილზე უკეთესი და უარესი ადამიანიც არსებობს.
ისეთი სისტემა არ გვჭირდება, რომელიც ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული. თუ ოლიგარქის დეფინიციას ტექნიკურად გადავხედავთ, ამაში ბიძინა ივანიშვილი შევა, მაგრამ სხვათა შორის, სხვა ბიზნესმენებიც შევლენ. მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი ოლიგარქი იქნება – მას ფული აქვს, გავლენა პოლიტიკურ პარტიაზე, შეიძლება გავლენა ჰქონდეს მედიაზე და ა.შ.
არ მინდა, ვიღაც შევზღუდოთ. პრობლემაა ვერ ვხედავ, რომ მამუკა ხაზარაძეს თავისი პარტია ჰქონდეს. უკრაინის მსგავსი კანონი რომ მივიღოთ, ამაში დავით კეზერაშვილიც მოხვდება, მამუკა ხაზარაძეც და ბევრი სხვა ადამიანიც. ამიტომ, ასეთი კანონის წინააღმდეგი ვარ.“– განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.