რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, მუქარის ზარები მიიღო მას შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ ომის მომხრეთა მხრიდან კრიტიკა დაატყდა თავს, ომის თაობაზე არასაკმარისად პატრიოტული გამონათქვამების გამო. ამის შესახებ გამოცემა “მედუზა” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კრემლის მოხელე გააკრიტიკეს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა და მმართველი პარტია “ედინაია როსიას” გენერალურმა მდივანმა, ანატოლი ტურჩაკმა, რომლებიც უკრაინასთან ომის გაგრძელებას უჭერენ მხარს.
მასალის გამოქვეყნებისთვის პესკოვს, კადიროვსა და ტურჩაკს ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რამზან კადიროვმა პესკოვი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ არ თვლის მოღალატეებად და მეხუთე კოლონად იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ომის შემდეგ დატოვეს.
ასევე ნახეთ
ჩეჩნეთის მმართველმა კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი პესკოვი გააკრიტიკა
ტურჩაკის მხრიდან კრიტიკა კი კრემლის პრესმდივანმა იმის გამო დაიმსახურა, რომ პესკოვმა აღიარა რუსეთის “მნიშვნელოვანი დანაკარგები” უკრაინასთან ომში და დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა კიევთან მოლაპარაკების გასამართავად.
“მედუზის” წყაროები ამტკიცებენ, რომ კრემლის პრესმდივნის წინააღმდეგ კრიტიკა არ არის კოორდინირებული, მაგრამ პუტინი მას არც კრძალავს. ანონიმური წყაროები ასევე დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი “ვერ გაბედავს” მისი პრესმდივნის საჯაროდ დაცვას, რადგან უკრაინასთან მოლაპარაკების საკითხმა შესაძლოა დარტყმა მიაყენოს პუტინის რეიტინგს.
წყარო: რადიო თავისუფლება