LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენჯერაც გაიგებდა მამამისი, მაღალი, შავგვრემანი ქართველი იპოვესო, სანახავად ჩადიოდა“ – აფხაზეთს შეწირული ზურა ძამუნაშვილი სახლშია

787

25 წლის წინ აფხაზეთში წასული ქართველი მებრძოლი ზურა ძამუნაშვილი, წითელმა ჯვარმა, ორი კვირის წინ თბილისში ჩამოასვენა.

27 წლის ქართველი ახალგაზრდის ცხედარი, ამ წლების განმავლობაში, აფხაზეთის მიწას იყო მიბარებული, სადაც ახლა ბაღია გაშენებული.

 

ომამდე ტანკისტი

მაშინ, როცა ზურაბ ძამუნაშვილმა ომში წასვლა გადაწყვიტა, ცოლი და ორი შვილი უკვე ჰყავდა.

როდესაც ოჯახში სავალდებულო გაწვევის სამსახურიდან დარეკეს, თუ არ მოხვალთ კომისარიატში, დეზერტირად გამოგაცხადებთო, ზურა უკვე ფრონტზე იბრძოდა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე იყო წარდგენილი.

პირველად ახალციხიდან გაჰყვა სატანკო ბატალიონს.

„გაიგო, რომ ახალციხეში, მატარებლებზე დებდნენ ტანკებს აფხაზეთში წასაღებად. ზურა მივიდა და უთხრა, ეს ბავშვები სად მიგყავთ, პროფესიონალი ვარ, მე წამიყვანეთო…“, – იხსენებს ბესო ძამუნაშვილი და ამბობს, რომ ზურამ, ამ დროისთვის, ტანკის მართვა მართლა იცოდა – ეს ცოდნა კი უსურინსკში (კამჩატკაზე) ჯარში მსახურობისას მიიღო.

„ზურა ასეთი იყო, რა საქმესაც მოკიდებდა ხელს, ბოლომდე სწავლობდა. მართლა კარგად იცოდა ეს საქმე. ქართველ გუდერიანს ეძახდნენ ომში“, – იხსენებს ბესო, რომელიც აფხაზეთში ძმასთან ერთად იბრძოდა.

ომის დროს, ზურა ფეხში დაიჭრა. ორი თვე იყო თბილისში და ფეხზე დადგომისთანავე დაბრუნდა აფხაზეთში – ფეხში სახრახნისით. მას წაყვა ბესოც.

„ბოლო წასვლის სცენა მახსოვს. მეორე სართულზე ვიჯექით. დედაჩემი ამოვიდა და ეუბნება, ხომ იყავი ერთხელ წასული, აუცილებლად უნდა მოკვდეო?

ზურამ უპასუხა: კარგი რა დედა, ვაჟკაცი გყავს და საქმე საქმეზე რომ მიდგა, ახლა კალთას გინდა ამომაფარო-ო… აქ დამთავრდა ამ თემაზე საუბარი.

მახსოვს ბებიაჩემიც, რომელიც თავისით გვილაგებდა ტანსაცმელს. თან ტიროდა, თან მეუბნებოდა, შენ სადღა მიეთრევიო…“, – იხსენებს ბესო ძამუნაშვილი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.

 

ზურას იღბლიანი ისტორიები ბრძოლის ველიდან

„სოფელ კინდღში, ერთი ადგილია „პწიცაფერმას“ ეძახიან. ბრძოლის დროს, ეს ადგილი მოხვდა შუაში (ალყაში მოექცა). მოწინააღმდეგეები მაღლობზე იყვნენ, ჩვენ ქვევით.

ეს ფერმა მთლიანად ბეტონის ფილებით იყო გარშემორტყმული, რომელიც ზოგიერთ ადგილას ტანკით იყო განგრეული. ამ ცარიელ ადგილას რომ მივედით, დაგვინახეს და ატეხეს სროლა, ჩვენ ველოდებოდით, რომ დაღლილიყვნენ.

ოცი წუთის შემდეგ, ზურამ თავისი ტყვიამფრქვევი გადაიდო მხარზე და ამ ცარიელ ადგილას ჩვეულებრივი ნაბიჯით გაიარა, არავინ ესროლა“, – ყვება ბესო ძამუნაშვილი „ფორტუნასთან“ და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერს უბრალოდ გამართლებას დაარქმევდა, ბევრი მსგავსი ისტორია რომ არ ახსოვდეს.

„იქ სოფლები ძალიან მთიან ადგილებზეა. მთა, ტყე, ყანა ყველაფერი ერთადაა. მივდივართ დაზვერვაზე, ერთმანეთის ნაკვალევში და შემთხვევით აფხაზების სანგარს წავადექით თავზე.

სანგარში ერთი ჯარისკაცი იჯდა და იარაღს წმენდდა. ოდნავ მოშორებით კი მათი შტაბი იყო. ამას იმით მივხვდით, რომ სროლის შემდეგ ძალიან ბევრნი გამოგვეკიდნენ. მივრბივართ ტყვიების ზუზუნში, გვგონია, რომ რასაც გვესვრიან, ყველაფერი უნდა მოგხვდეს. მივედით ტყის ბოლოში, სადაც მინდორი იწყება, შემდეგ ისევ ტყეა. მინდორზე რომ გავიდეთ, ყველას დაგვხოცავენ. უცებ, ზურამ დაგეგმა: თვითონ დარჩებოდა და სროლას ატეხდა, ჩვენ გავიქცეოდით. მერე 6 კაცი იქიდან დავაზღვევდით და ზურას გამოვიყვანდით.

ჩვენ გადავირბინეთ, ზურაც გამოიქცა. შუამდე რომ მოვიდა, ამაღლებული ადგილი იყო, რომელსაც გადაახტა და დაწვა. დაინახეს მოწინააღმდეგეებმა, სადაც დაწვა. დაფლითეს, დაშალეს ეს მაღლობი. ჩვენც ვისროდით, მაგრამ არ გვაქცედნენ ყურადღებას.

დრო აღარ გვქონდა, მალე გაიგებდნენ რაც ხდებოდა და ალყაში მოგვაქცევდნენ.

ზურა იწვა მშვიდად, სახით ჩვენკენ, იარაღი ფეხებთან ედო…

10 წუთის შემდეგ, სიგარეტი ამოიღო, გადაბმულად რამდენიმე ნაფასი დაარტყა, დიდი ბოლი რომ ამოსულიყო. იქიდან კი არ ისროლეს… ადგა და წამოვიდა მშვიდი ნაბიჯით. ასე იარა ტყემდე. რომ მოგვიახლოვდა 15-20 მეტრზე, ალბათ, გულმა ვეღარ გაუძლო და გამოიქცა. იმათ ან ტყვია გაუთავდათ, ან მობეზრდათ და წავიდნენ, ფაქტია აღარ უსვრიათ და ზურა გადარჩა“, – იხსენებს ბესო ძამუნაშვილი.

ძმაზე მოსაყოლი ისტორიები ფრონტის წინა ხაზიდან ბესოს ბევრი აქვს. ამბობს, რომ ზურა ლიდერი იყო, მისი მთელ გარემოცვას სჯეროდა და ენდობოდნენ.

პირდაპირი კავშირი ზურასთან 22 სექტემბერს გაწყდა. მას შემდეგ, რაც მისი ძმა ცხელი წერტილიდან, ტრავმის გამო, დაჭრილების თვითმფრინავით წამოიყვანეს.

ბესოს წამოსვლის შემდეგ, ზურას ამბები, მხოლოდ ჯარისკაცების მონათხრობით ვრცელდება. ასე, ჯარისკაცების გადმოცემით იციან მისი ტანკის აფეთქების ამბავიც.

 

ეგ ბიჭი გინდ გადარჩენილიყო, გინდ მომკვდარიყო, მაინც გმირიაო

იქ სადაც ზურა 23 სექტემბერს ტანკით ჩავიდა, კასპის ბატალიონი იდგა. როგორც ამბობენ, გარღვევა ხდებოდა და ამის გამო გამოიძახეს…

„ალბანოა“ ერთი ჯარისკაცი, რომელმაც თქვა, აფეთქების დროს იქ ვიყავიო. რომ გენახათ სად შევარდა, ეგ ბიჭი გინდა გადარჩენილიყო, გინდ მომკვდარიყო, მაინც გმირიაო…

გოჩუას ქუჩაზე დიდი აღმართია და მერე სწორდება. ზემოთ უკვე ისინი იყვნენ, ჩვენები უკან იხევდნენ…  ზურა ამ აღმართზე ასულა ტანკით, იმათ ტერიტორიაზე შევიდა და გაისროლა. ამით მთელი ყურადღება მიიპყრო – ყველა მის ტანკს ესროდა.

ძირითადად, ტანკის შიგნით, კანტუზიისგან იღუპებიან. ტანკსაწინააღმდეგო ტურსი ხვრეტს ჯავშანს და შიგნით ფეთქდება. დახურულ სივრცეში აფეთქებისას, წნევა ვერსად მიდის და შიგნით მყოფები ფილტვების დაზიანებისგან იღუპებიან. ამის გამო, ზურა ეუბნებოდა ბიჭებს, ტანკის ლუქებს ნუ კეტავთო. აფეთქება რომ მოხდეს, წნევის დახმარებით გაიხსნება და გარეთ გამოგაგდებთო.

ასეც მოხდა, აფეთქების შემდეგ, ზურა ტანკიდან ამოვარდა და როგორც კასპის ბატალიონის წევრები ყვებიან დაახლოებით 25 მეტრში დაეცა“, – ყვება ბესო ძამუნაშვილი.

ცხელი წერტილიდან ძამუნაშვილი ჯარისკაცებმა გამოიყვანეს. ისინი ყვებიან, რომ ზურას ფეხზე არტაშანი დაადეს, როგორც თვითონ ეუბნებოდა ისე. ამ დროს, ის ჯერ კიდევ გონზე იყო, თუმცა ჯარისკაცები იხსენებენ, რომ ბევრს სისხლს კარგავდა.

ცხელი წერტილიდან გამოყვანილი ზურა ლუაზ-ში ჩასვეს, რომლითაც დაჭრილები საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

20 წუთის შემდეგ ზუსტად ის „ლუაზი“, რომლითაც სხვა დაჭრილებთან ერთად ზურა წაიყვანეს, უკან მობრუნდა. ეს საეჭვოა, რადგან უახლოესი საავადმყოფო, უკვე მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა აღებული.

დაჭრილი ზურა აგუძერაში უნდა ჩაეყვანათ, რომელიც  12 კილომეტრის სავალზეა.

ბესო ძამუნაშვილმა გადარჩენილ ჯარისკაცებთან ვერ გაარკვია რამდენად რთული იყო იმ დროისთვის, ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობა.

აქ წყდება ჯარისკაცების მოთხრობილი ამბები, ზურა ჯერ კიდევ გონზე იყო, როცა მათ ბოლოს ნახეს.

 

ლოდინის 25 წელი

ეს ისტორია ძამუნაშვილებმა „ფაზლებივით“ ააწყეს სხვადასხვა პირის მონათხრობიდან. პარალელურად, მამა და ძმა ქართველ გმირს საკუთარი კონტაქტებით ეძებდნენ, ცოცხლებსა და მკვდრებს შორის.

„2 მეტრამდე იყო, გამხდარი. რომ ეტყოდნენ ასეთი მაღალი გამხდარი, შავგვრემანი ქართველი ბიჭი ვნახეთო, მამამისი პირდაპირი მნიშვნელობით, იღებდა ჯოხს და მიდიოდა აფხაზეთში.

ეძებდა ყველგან. ძებნაში რას ვგულისხმობ იცი? ეტყოდნენ, კონკრეტულ ადგილს აქ არის დამარხულიო, ჩავიდოდა აფხაზეთში, ამოთხრიდა, ნახავდა… ეძებდა იმ სახრახნისს, რომელიც პირველად დაჭრის შემდეგ, ოპერაციისას ჩაუტოვეს და მოგვიანებით უნდა ამოეღოთ“, –  გვიყვება ზურა ძამუნაშვილის ექთანი და მეგობარი ირინა თიკანაშვილი.

ომი რომ დასრულდა, ბესო მეგობართან ერთად სვანეთში წავიდა, საიდანაც გადარჩენილი მოსახლეობა გადმოდიოდა.

„ჭუბერში ხალხი მთაზე ესკალატორივით ამოდიოდა. ვიჯექით და ვცდილობდით, რაც შეიძლება შორიდან დაგვენახა და გვეცნო ზურა. ვინც ამოდიოდა ყველას ვეკითხებოდით მის შესახებ, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა“, – ყვება ბესო ძამუნაშვილი.

6 წლის შემდეგ, სოხუმში, ერთ-ერთი საფლავის გახსნაშიც მიიღო მონაწილეობა.

„13 კაცი იყო დასაფლავებული

ბესო ძამუნაშვილი

საერთო სამარხში. ეს იყო ტალახის, ხორცისა და ნაჭრის მასა, ამაში მიწევდა ზურას ფეხში ოპერაციის დროს ჩატოვებული ხრახნისა და კბილების ძებნა. ტუჩებს რომ ვუწევდი გვამებს, ხორცი ხელში მრჩებოდა. ტვინი მეწვოდა, ასეთი გრძნობა არასდროს მქონია. ერთადერთ რამეს ვფიქრობდი, როგორ არ ვითიშები, რკინის ვარ?!…“, – იხსენებს ბესო ძამუნაშვილი.

„8 თვის თავზე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ დნმ დაემთხვა

ზურა ძამუნაშვილის ოჯახს, მისი ცხედრის პოვნის თაობაზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან, 8 თვის წინ დაურეკეს. 25 წლიანი ლოდინის შემდეგ, რამდენიმე თვე ელოდნენ დნმ-ის პასუხსაც.

ზურას პოვნა ოჯახისთვის ერთდროულად სტრესიც იყო და შვებაც.

„ჯერ მდგომარეობიდან ვერ გამოვედი, მაგრამ თითქოს ამოვისუნთქე. სად იყო ამდენი ხნის განმავლობაში, ზუსტად არ გვეუბნებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზი ოჯახის ეზოში იყო დასაფლავებული. ძალიან მინდა ეს მჯეროდეს, მაგრამ რეალობასთან უფრო ახლოსაა ის, რომ ე.წ. სამხედრო  წმენდის დროს, სხვა დაღუპულებთან ერთად დაკრძალეს. ზურა სწორედ იმ ქუჩაზე იყო დამარხული, სადაც ჩვენი ძებნისას კვალი გაწყდა “, – ამბობს „ფორტუნასთან“ ზურა ძამუნაშვილის ძმა.

გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ ზურა სხვა ახალგაზრდებთან ერთად, გაყიდულ ომს და საკუთარ ადამიანობას შეეწირა.

„ქართველების ავადმყოფობა რაც არის, მაშინაც იგივე მოხდა… ღალატი, გაყიდვა… ჩვენნაირი ხალხი სჭირდებოდათ… ავტომატებად…

იქ რომ ხარ, სულ სხვა ინსტიქტი გერთვება. იცი, რომ თბილისამდე ვერ ჩამოვლენ აფხაზეთში. თუ დაკარგავ, აფხაზეთს კარგავ და სახლში არავინ შემოგივარდება, სამშობლო არ არის მხოლოდ ის, სადაც ცხოვრობ…

ბრძოლის მეორე ნაწილში კიდევ სხვა ინსტიქტი გვქონდა. იქ აღარ იყო უკვე მოგება-წაგებაზე, იარაღით ხელში ვიდექით მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს გაქცევა მოესწრო.

ვინც წინა ხაზზე, იბრძოდა ყველას შეეძლო გადარჩენა, მაგრამ მერე, ისინი ხალხს დაეწეოდნენ და საშინელი მსხვერპლი იქნებოდა…“, – იხსენებს ბესო ძამუნაშვილი.

 

მართლა სახლში ხარ, ძმაო…“

ნივთებს შორის, რომელიც ოჯახს გადასცეს არის სამხედრო ტანსაცმლის 8 ღილი და მინიატურული ზარი.  ზარი, რომელიც საბოლოოდ სახლის სიმბოლო გახდა.

„იცი როგორი ზარია ეს? სახლში ხომ ყველას გაქვთ ნივთი, რომელიც მთელი ცხოვრება გახსოვთ და არასდროს არავის სჭირდება. ხან ერთ ლარნაკში გდია, ხან უჯრაში, ხან თაროზე… წლების განმავლობაში არ ჩანს, შემდეგ სადღაც წააწყდები და გაგიკვირდება, რომ კიდევ არსებობს. ეს ზარი ჰქონდა ზურას წაღებული.

ერთხელ ოპერაციიდან მოვედით, მე ვწევარ, ზურა ბოლთას სცემს და ყურთან ამ ზარს აწკარუნებს. შევხედე, რას აკეთებ-თქო, გამომხედა და მითხრა: ამას რომ ვუსმენ, სახლში ვარო.

ეს ზარი რომ გადმომცეს, თავი ვეღარ შევიკავე… ეგრევე გამახსენდა ის მომენტი და ვთქვი: „მართლა სახლში ხარ, ძმაო…“

***

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო.

საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა.

მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იპოვეს, 148 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და ეს პროცესი გრძელდება.

 

თამთა უთურგაშვილი