„COVID19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკები მძიმედ აისახება რეგიონზე და მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე“ – ამის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების” მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ანალიზში, რომელშიც ჩვენი რეგიონის ქვეყნების ვალუტების არსებული მდგომარეობაა მიმოხილული.
„მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ინდიკატორია გაცვლითი კურსი, რომელიც, გარკვეული სახით, ქვეყნის სავაჭრო კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელია მსოფლიო ბაზარზე. წლის დასაწყისიდან ლარი ინარჩუნებდა პოზიციებს დოლართან მიმართებაში. მას შემდეგ, რაც ეპიდემია გაძლიერდა და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დაიწყო ეკონომიკური რყევები, ამას დაერთო ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა.
რა ფაქტორები მოქმედებენ ლარზე?
ტურიზმი – მას შემდეგ, რაც ქვეყნების დიდი ნაწილი ერთმანეთის მიყოლებით ჩაიკეტა და ტურისტული მიმოსვლები შეწყდა (თებერვლის ბოლო), ლარმა მყისიერად დაიწყო გაუფასურება.
საერთაშორისო გზავნილები – უდიდესი წილი რუსეთიდან და იტალიიდან შემოდის. იტალიაში ეპიდაფეთქების გამო შეწყდა ეკონომიკური აქტივობა, შესაბამისად, საქართველოსკენ ფულადმა ნაკადმაც საგრძნობლად იკლო. ნავთობის ფასის დრამატულმა ვარდნამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთის ეკონომიკაზე, შესაბამისად გზავნილებზე, ლარი მის ტრენდს მარტის დასაწყისიდანვე აჰყვა და გაუფასურდა.
ექსპორტი – თებერვლის ბოლოდან მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობების შემცირების შესაბამისად შემცირდა მოთხოვნა ქართულ ექსპორტზეც.
იმპორტი – მასობრივი გაურკვევლობისა და იზოლაციის ფონზე შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა იმპორტის კლებას განაპირობებს, რაც თავის მხრივ ქვეყნიდან უცხოური ვალუტის ნაკადების გადინებას ამცირებს.
ამ ყველაფერს თან დაერთო გაურკვევლობა ბაზარზე. მარტის დასაწყისიდან ნეგატიური მოლოდინების გამო, დოლარის პანიკური შესყიდვა დაიწყო, რასაც ლარის ზედმეტად გაუფასურება მოჰყვა და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა.
ნეგატიური მოლოდინების ჩასაქრობად და ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის ინტერვენცია განახორციელა, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოიწვია ლარის კურსის გამყარების ტენდენციით წასვლა და დღეს ლარი დოლართან მიმართებაში 11%-ითაა გაუფასურებული, წლის დასაწყისთან შედარებით. რეგიონში ყველაზე გაუფასურებული ვალუტა რუსული რუბლია, დაახლოებით 26%. თურქული ლირა დაახლოებით 11%-ით არის გაუფასურებული, ხოლო სომხური დრამი შედარებით სტაბილურია და გაუფასურების 5%-იან ნიშნულზეა. (აზერბაიჯანული მანათი განხილული არ არის, რადგან კურსი ფიქსირებულია)“,- ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვაში.