LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი რუსი მიგრანტი გადაწყვეტს საქართველოში დარჩენას გაურკვეველია – S&P

45
turistebi

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-იმ საქართველოს შესახებ შეფასება განაახლა. ორგანიზაციის მოლოდინით, წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით მეტია. S&P-ის შეფასებით, რუსი მიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ასევე გაზრდილი ტურიზმი საქართველოს ადგილობრივი მოთხოვნის სტიმულირებას ახდენს. როგორც S&P მიიჩნევს, არსებულ რეალობაში ისინი საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს უცვლელად, BB დონეზე შეინარჩუნებენ, ასევე უცვლელია საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდინი.

სარეიტინგო სააგენტო განიხილავს, საქართველოში შემოსული მიგრანტების ნაკადის საკითხს. ორგანიზაციის განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ათასობით რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მიგრანტი მიიღო, უცნობია თუ რამდენი მათგანი გადაწყვეტს ქვეყანაში გრძელვადიან ჭრილში დარჩენას. სწორედ რუსი და ბელარუსი მიგრანტების გადმორიცხვებს და ხარჯებს მიიჩნევს S&P ქვეყანაში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ წამყვან კონტრიბუტორად.

“საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი მიგრანტთა ნაკადია, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო. რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან ჩამომსვლელთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათ შორის ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. კონკრეტული მაგალითები მიუთითებს, რომ საქართველოში ძირითადად ჩამოდიან პროფესიონალები, რომელთაც დისტანციურად მუშაობის უნარი აქვთ და რომლებიც რუსეთის შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას და საერთაშორისო სანქციების შედეგებს გამოექცნენ. ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესებიც გადმოვიდნენ საქართველოში.

მიუხედავად მოკლევადიან პერიოდში არსებული ხელსაყრელი ეკონომიკური ფაქტორებისა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ არის შესამჩნევი, 2022 წლის შემდგომ ამ ფაქტორების შენარჩუნება ბუნდოვანია. პირველ რიგში გაურკვეველია რამდენი ახალი მიგრანტი გადაწყვეტს საქართველოში დარჩენას და როდის დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ დანიშნულების ადგილს ან სამშობლო ქვეყანას,” – წერს S&P-ი.

S&P მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ნარჩუნდება მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რისკები, რასაც ძირითად სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური შენელებაც ერთვის თან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები