LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად უსაფრთხო იყო 2016 წელი ქართული ავიაციისთვის და რამდენი ფრენა იგეგმება წელს?

35

2016 წელი სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო წელიწადია. ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ.
მათივე ცნობით, 2016 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში, ან საქართველოს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე ფატალური შედეგით დასრულებული საავიაციო შემთხვევა არ მომხდარა.

”ადამიანთა დაღუპვა ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერი რაოდენობით სამწუხარო მოვლენა და უმძიმესი დანაკლისია, თუმცა იმ ფონზე რომ მსოფლიო მაშტაბით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, რადიკალურად შემცირდა მსხვერპლით დასრულებული სერიოზული საავიაციო შემთხვევების რაოდენობა. ისევე როგორც გასული რამდენიმე წელი, 2016 წელიც ამ მხრივ რეკორდულად დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩეოდა.

საავიაციო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე და საავიაციო შემთხვევების მონაცემთა ბაზის მქონე წამყვანმა ინტერნეტ ქსელმა „Aviation Safety Network“ საავიაციო შემთხვევების 2016 წლის ინფოგრაფიკა და სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. დამოუკიდებელი კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სულ დაფიქსირდა 19 სერიოზული საავიაციო შემთხვევა (იგულისხმება მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულების ბორტები) 325 მსხვერპლით. როგორც აღნიშნული მონაცემებით ვლინდება, 2016 წელი კომერციული ავიაციის ისტორიაში მეორე ყველაზე უსაფრთხო წელია. საავიაციო შემთხვევათა ყველაზე დაბალი რაოდენობა, კერძოდ კი 16 საავიაციო შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა, მსხვერპლის რაოდენობით კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წელს გამოვლინდა (265 დაღუპული).

2016 წლის ყველაზე მძიმე საავიაციო შემთხვევა 28 ნოემბერს, კოლუმბიის საჰაერო სივცეში მოხდა. ბოლივიური ავიაკომპანია „LaMia“-ს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 71 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2016 წელს მომხდარი ორი საავიაციო შემთხვევის შემთხვევაში ტერორიზმის კვალი ვლინდება (EgyptAir Flight 804, Daallo Airlines Flight 159). 19 საჰაერო ხომალდიდან 2 ევროკავშირის ე.წ. „შავი სიის“ ოპერატორ კომპანიას ეკუთვნოდა (Daallo Airlines, Tara Air). რაც შეეხება ტენდენციებს, Aviation Safety Network-ის კვლევებით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე მკვეთრად არის შემცირებული აფრენისა და დაფრენის ფაზებში მომხდარი შემთხვევების რაოდენობა”, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2017 წელს მსოფლიოში დაახლოებით 35 მილიონი კომერციული ფრენაა მოსალოდნელი, აქედან სერიოზული საავიაციო შემთხვევის დადგომა ყოველი 3 200 000-დან მხოლოდ ერთ ფრენაზე ივარაუდება.