LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად სარისკოა საქართველოში ძიძის აყვანა [ვიდეორეპორტაჟი]

განათლება, ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილება და კარგი დახასიათება – საქართველოში მშობლები საკუთარი შვილის აღმზრდელის ძიებისას ამ სამ მნიშვნელოვან ფაქტორს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. როგორც ძიძების სააგენტო “ნენი ჯორჯიაში” განმარტავენ, ოჯახები ძიძის შერჩევისას ყურადღებას არაერთ დეტალზე ამახვილებენ, მათ შორის ძიძის ასაკზე და განსაკუთრებით იმაზე, მომავალი აღმზრდელი მწეველია, თუ – არა.

თავის მხრივ, მშობლების ნაწილი ძიძებს ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. როგორც “ფორტუნას” ერთ-ერთმა დედამ უთხრა, ყოფილი ძიძა ოჯახიდან ფულს იპარავდა, სასეირნოდ გაყვანილ ბავშვს ზამთარში ჯიხურის გამყიდველს უტოვებდა, თავად კი რამდენიმე საათით სადღაც მიდიოდა.

ძიძების სააგენტოში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ აღმზრდელობის მსურველი დღეს ძალიან ბევრია, შესაბამისად, სააგენტოში განაცხადიც ყოველდღიურად იზრდება. შესარჩევად ძიძობის კანდიდატებს გასაუბრება რამდენიმე ეტაპად უტარდებათ. ისინი სააგენტოში საკუთარ მონაცემებს ტოვებენ – ასაკს, ჯანმრთელობის ცნობას, ცნობას ნასამართლეობის შესახებ, ინფორმაციას გამოცდილების შესახებ, წინა დამსაქმებლის რეკომენდაციას და ამის შემდეგ სააგენტო კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინებით ძიძას ოჯახთან ამისამართებს.

“ნენი ჯორჯიას” დირექტორის, ეკა გოქაძის, თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს ძიძასთან რაიმე პრობლემა აქვს, ან ძიძა ბავშვთან მიმართებით არასათანადო მოპყრობაში იქნა შემჩნეული, სააგენტოს, როგორც ძიძასა და ოჯახს შორის შუამავალს, გარკვეულწილად პასუხისმგებლობა ეკისრება.

“ეს იმიტომ, რომ ჩვენი შეთავაზებით ხდება ძიძის და ოჯახის ურთიერთობა, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ, საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა ჩვენს ისტორიას არ ახსოვს. ოჯახებს და ძიძებს გამოსაცდელი ვადა ყოველთვის აქვთ. ეს ვადა სამ დღეს გრძელდება, რა დროსაც ძიძები და ოჯახები ერთმანეთს იცნობენ. ორივე მხარეს აქვს დრო იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ,” – უთხრა “ფორტუნას” ეკა გოქაძემ.

ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, ძიძის შერჩევისას მთავარი აქცენტი დასვან იმაზე, აღმზრდელი აღსაზრდელის მიმართ რამდენად გამოხატავს სიყვარულს, რადგან, ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, მოზარდის კოგნიტური, ემოციური თუ სოციალური განვითარებისთვის 3 წლამდე ასაკის ბავშვებში სიახლოვის განცდა იმ ადამიანთან, რომელიც აღმზრდელის როლშია, ბავშვისთვის გადამწყვეტია.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები