„ის, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე, ეს დადასტურებულია ომბუდსმენის ჩვენებებიდან და ასევე ექიმების კონსილიუმის მიერ, ამიტომაც, ჩვენ უნდა ვენდოთ საექსპერტო დარგების სპეციალისტების დასკვნებს“, – ამის შესახებ პარტია ლელო საქართველოსთვის წევრმა, კოალიციური კაბინეტის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ლანა გალდავამ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
„როგორც ყოფილი ომბუდსმენი და როგორც ყოფილი იურისტი აღვნიშნავ, რომ ყველა, პრეზიდენტი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი მსჯავრდებული, რომელიც იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და ამ შემთხვევაში უკვე არსებობს ექიმების კონსილიუმის დასკვნა, აუცილებელია, რომ ასრულდეს.
რაც შეეხება იმ ნაწილს, რამდენად იქნება მისი უსაფრთხოება დაცული ციხის საავადმყოფოში, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანო გიორგი რურუას ციხეში ცემის ფაქტი, ის პენიტენციურმა სისტემამ ვერ დაიცვა. 2018 წელსაც მახსოვს შიმშილობის შედეგად გარდაცვლილი პატიმარი.
ამიტომ საჭიროა დარგების სპეციალისტებს ვენდოთ და მათი დასკვნები ასრულდეს“,-განაცხადა ლანა გალდავამ.
მისი თქმით, პოლიტიკური პროცესების უკეთესად წარმართვისთვის საჭიროა გონივრული ნაბიჯები გადაიდგას.
მარგველაშვილმა ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრა შესთავაზა
“მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადახედოს თავის უფლებამოსილებებს. მას გააჩნია ეს ბერკეტი, რაც არის შეწყალება და მისი გამოყენება. რათქმაუნდა, მას ვერავინ აიძულებს ადამიანი შეიწყალოს, ეს მისი უფლებაა, მაგრამ სიტუაციის განსამუხტად, პოლიტიკური პროცესების უკეთ წარმართვისთვის და პოლარიზაციის დასასრულებლად, ალბათ გონივრული ნაბიჯი იქნებოდა. პრეზიდენტი არის ის და მან უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ლანა გალდავამ.