35 ხანძარი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში – მხოლოდ ცხელი ზაფხული თუ ჰეროსტატეს კვალი. ვერსია რუსულ დივერსიაზე საზოგადოებაში განსაკუთრებით გააქტიურდა. ექსპერტები, ანალიტიკოსები და მთავრობის წარმომადგენლებიც კი ხანძრის გაჩენის ხელოვნურ მიზეზებზე ალაპარაკდნენ. საეჭვო დამთხვევა დროში, ხანძრების უპრეცედენტო რაოდენობა და ცეცხლის კერები ყველაზე მიუვალ ადგილებში… შინაგან საქმეთა მინისტრი პირად მოსაზრებას ამხელს და ამბობს, რომ ხანძრები შესაძლოა ხელოვნურად ყოფილიყო გაჩენილი.
“თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება, ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს. გამოძიება მიმდინარეობს, ვმუშაობთ ყველა ვერსიაზე და ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
„რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი არცერთ წელიწადს არ ყოფილა, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი”, -ამბობს მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.
არ ჩანს რადარებზე, შეუძლია მიუვალ ადგილებში დაბალ სიმაღლეზე ფრენა და ასაფეთქებლის გადატანა – ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი დრონია.
ჰიდროკოპტერი საქართველოში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული ნივთია. უპილოტო საფრენი აპარატი ფასიდან გამომდინარე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. აპარატს ფოტოებისა და ხედების გადასაღებად ტურისტებიც აქტიურად იყენებენ. თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების სარდალი გენერალი ამირან სალუქვაძე „ფორტუნასთან“ იმ გარემოებებზე აკეთებს აქცენტს, რის გამოც დრონით ხანძრების გაჩენის ვერსიას საფუძველი გააჩნია.
„კვადროკოპტერების აღმოჩენა საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით თუ აპარატი დაბალ სიმაღლეზე, მთა-გორიან რელიეფზე, ხეობებში დაფრინავს, ამ დროს მარტივია აპარატის სიგნალის დაკარგვა, დრონებით ხანძრის გაჩენის ვერსიას აქვს არსებობის უფლება, დივერსიისთვის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებაზე ეჭვი უკრაინასაც ქონდა. სწორედ დრონებს უკავშირებენ ხარკოვში საბრძოლო მასალების საწყობების დაწვას, დრონებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების დამაგრება პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს“, – განმარტავს ავიაციის სპეციალისტი.
დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები როგორც თვითმფრინავის, ისე შვეულმფრენის პრინციპით მფრენი თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალი ტყის ფერდობზე საფრენად. მინიატურული კვადროკომპტერის შემჩნევა ღამით, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია. დრონი იმით გამორჩევა, რომ მას პილოტი არ ჰყავს, მისი მართვა დისტანციურად ხდება და აპარატების უმრავლესობას საერთოდ არ აქვს ხმა. თუმცა არსებობს ერთი დეტალიც – შეზუდულია მათი ფრენის არეალი და რადიუსი. სწორედ ამ დეტალის გამო ფიქრობენ სპეციალისტები, რომ მთლიანად დრონების ვერსიაზე დაყრდნობა არ იქნება მართებული და გამოძიებამ ხანძრის გაჩენის სხვა არაბუნებრივ ვერსიებზეც აქტიურად უნდა იმუშაოს.
„ქვეყანაში მოკლე პერიოდში 30-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა. რთულად წარმოსადგენია ამდენი დრონი აფრენილიყო და ერთი მათგანი მაინც არ შეემჩნიათ. თუ მივყვებით იმ ვერსიას, რომ დრონების მართვა ოკუპირებული ტერიტორიიდან ხდებოდა, მცირე უპილოტო საფრენი აპარატების მართვის არიალი შეზღუდულია. ცხინვალიდან შესაძლებელია ხანძარი ბორჯომში გაეჩინათ, თუმცა აჭარაში, კახეთში ამ მანძილზე დრონის მართვა შეუძლებელია, ადგილები, სადაც ხანძარი გაჩნდა, შეიძლება ტექნიკისთვის მიუვალია, თუმცა არ არის მიუდგომელი ადამიანისთვის“, – ამბობს „ფორტუნასთან“ ამირან სალუქვაძე.
სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, ხანძრის წარმომქმნელი მიზეზების დასადგენად გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. 30-ზე მეტი ხანძრიდან ჯერჯერობით არცერთ შემთხვევაზე არ არის გამოძიება დასრულებული და საზოგადოებაც კვლავ ვერსიებზე აგრძელებს მსჯელობას.
თამუნა გოგუაძე