LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაფაელ მარიანო გროსი კვლავ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორია

123
გროსი

ავსტრიის ქალაქ ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 67-ე გენერალური კონფერენცია გაიამართა. ღონისძიებას IAEA-ის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები და 3000-მდე დელეგატი ესწრებოდა.

დელეგატებმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორად მეორე ვადით  მოქმედი გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი აირჩიეს.

გროსიმ სააგენტოს ოთხი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა ბირთვული ენერგიის როლს კლიმატის ცვლილების შერბილებაში და ბირთვული ტექნოლოგიის მნიშვნელობას პლასტიკით დაბინძურების შემცირებაში.

რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით,  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მშვიდობის, უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ინსტრუმენტია. მხოლოდ 2022 წელს, სააგენტო 149 ქვეყანას სურსათის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა  და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში დაეხმარა.

საქართველოს მხრიდან კონფერენციაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციაზე საქართველო ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობა რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.