რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, პოლიციელი, რომლის გასროლასაც საკუთარ სახლში მყოფი ქალი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია.
შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღის საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.
თამარ ანთელავა საცხოვრებელი კორპუსში, მე-7 სართულზე, ხანდაზმულ დედასთან ერთად იყო, როცა ტყვია მოხვდა. ამ პერიოდში თბილისში კოვიდ პანდემიის გამო კომენდანტის საათი მოქმედებდა, ქუჩებში მოძრაობა არ შეიძლებოდა და თბილისელების უმრავლესობა სახლიდან არ გადიოდა.
როგორც აღმოჩნდა, ის შსს-ის თანამშრომლის, სიმონ გაბრიაძის მიერ უმისამართოდ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. გაბრიაძე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როცა აივანზე გავიდა და „ვიკინგის“ (Mр-446) ტიპის სამსახურებრივი იარაღით უმისამართოდ 13-ჯერ გაისროლა. ერთ-ერთმა ტყვიამ კი თამარ ანთელავას სიცოცხლე შეიწირა.
გაბრიაძე დააკავეს. პროკურატურამ მას თავდაპირველად ბრალი სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით წარუდგინა. მოგვიანებით ბრალდება შეიცვალა და 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. სასამართლომ საქმე სწორედ ამ მუხლით განიხილა, გაბრიაძე გაამტყუნა და 2021 წლის იანვარში 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რადიო „თავისუფლებისთვის“ ექსკლუზიურად მიწოდებული ინფორმაციით, პოლიციელი სოსო გაბრიაძე დაკავებიდან 15 თვეში, 2021 წლის ივლისში ციხიდან გაათავისუფლეს.