31 დეკემბერი „რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ისტორიაში განსაკუთრებულად ჩაიწერება. დღევანდელ დღეს რადიო „ფორტუნა“ 24 წლის გახდა, ხოლო „ავტორადიო“ – 14-ის, თუმცა რადიოჰოლდინგში შეკრებილ კომპანიის ხელმძღვანელობას, თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს საზეიმო სხვა მიზეზიც გაუჩნდათ – დღევანდელ დღეს ეთერში გავიდა ახალი როკრადიო, რომელიც „ფორტუნას“ ჰოლდინგის კიდევ ერთი ნაწილი გახდა და როკმუსიკის მსმენელისა და ქართველი როკმუსიკოსებისთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა.
თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:
31 დეკემბერი, რადიო „ფორტუნასა“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღესთან ერთად, ჩვენთვის სხვა მიზეზითაც არის განსხვავებული – დღევანდელ დღეს დაფუძნდა ახალი „როკრადიო“. ვიმედოვნებ, ის იქნება ისეთივე წარმატებული და რეიტინგული, როგორიც ჩვენი დანარჩენი რადიოსადგურებია. ვფიქრობ, „როკრადიო“ ყველა თაობის როკმუსიკის მსმენელის გემოვნებას დააკმაყოფილებს. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ დეტალს, ამ რადიოს მოსმენა შესაძლებელია ჩვენს ვებ პლატფორმაზე fortuna.ge, სადაც ასევე წარმოდგენილია ჩვენი სხვა რადიოები.
მაია მაზანაშვილი, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ კომერციული დირექტორი:
ჩვენი მხრიდან ახალი პროექტი ამბიციური განაცხადია. ეს ჩემთვისაც და თითოეული თანამშრომლისთვისაც დიდი მოტივაციაა. ახალი სუნთქვა, ახალი საქმე, ახალი სურვილები და მიზნები… ჩვენმა არაჩვეულებრივმა გუნდმა ერთიანი ძალით შექმნა მესამე რადიოსადგური 31 დეკემბერს და მთლიანობაში ხუთი რადიოსადგური ამ წლების განმავლობაში. მოლოდინი არის შემდეგი – რადიოჰოლდინგი ვითარდება როგორც ამ მიმართულებით, ასევე ონლაინ მიმართულებითაც და აქ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გვექნება მომავალ წელს.
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ერთ-ერთი ყველაზე ერთგული თანამშრომელი, რეზო კაკულია მოგვიყვა, როგორ დაიბადა „როკრადიოს“ დაარსების იდეა.
რეზო კაკულია, რადიო „ფორტუნა პლუსის“ მენეჯერი:
ბოლო წლებში FM-ზე არსებული რადიოსადგურების უმეტესობა, რა თქმა უნდა, გადართულია სხვადასხვა კომერციულ ფორმატზე. თითქმის არც ერთი რადიოს ეთერში აღარ ისმის როკი. ჩვენ გვაქვს საშუალება fortuna.ge-ზე, სადაც თანამედროვე პლეერია წარმოდგენილი და ჩვენს ოთხივე რადიოსადგურს მსმენელი აქამდეც უსმენდა, დღეიდან დაემატოს როკრადიო, ასეთი მარტივი და გენიალური სახელით. მის ეთერში გაიჟღერებს „ბითლზიც“, ელვის პრესლიც და „მეტალიკაც“, ასევე თანამედროვე როკიც. თუ მრავალრიცხოვანი მსმენელი გაუჩნდება, ეტაპობრივად დავამატებთ სხვადასხვა კონტენტს. მისი ეთერის საშუალებით მოისმენთ ყველა ცნობილი ჯგუფის ლეგენდარულ ლაივებს. მგონი, თავის მსმენელს ეს რადიო აუცილებლად მონახავს.
დღევანდელ დღეს „ფორტუნას“ ესტუმრნენ მუსიკოსები, რომლებსაც ამ რადიოჰოლდინგთან არაერთი წლის მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა აკავშირებთ.
ზაზა ხუციშვილი:
ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივაა „როკრადიოს“ დაარსება, რადგან როკმუსიკა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი დომინანტია დღესაც. როკმა მოახერხა ის, რომ აბსოლუტურად ინტერნაციონალური გახდა, მთელი მსოფლიო გააერთიანა და საერთო სიყვარულის მუსიკა გახდა. ჩემი ყველაზე დიდი გატაცება და საყვარელი მიმართულება ეს არის და ამრიგად, ძალიან მიხარია, რომ იქნება ცალკე როკრადიო, რომლის ფორმატიც გაითვალისწინებს კონკრეტულად ამ მუსიკის მოყვარულთა ინტერესებსა და გემოვნებას. ეს იქნება ერთ-ერთ რადიო, რომელსაც მანქანაში აუცილებლად ჩავრთავ!..
ლადო ბურდული:
საქართველოში ქართული როკის მოსმენა ყველგან არ არის შესაძლებელი, განსაკუთრებით ქართული როკის. ძალიან მიხარია როკრადიოს დაარსება, რომლის ფორმატი როკი, პანკი, ალტერნატივა, როკ ენ როლია. მე უფრო აქტიურად შევძლებ თანამშრომლობას. ადამიანებს ექნებათ საშუალება, გაეცნონ, რა ხდება ახალი და საინტერესო ქართული როკის სცენაზე, ალტერნატიულ სცენაზე. როცა ქართული ჯგუფები ტრიალებს, ხალხი უფრო უკეთ ეცნობა. უცხოური ჯგუფების დატრიალება კარგია, მაგრამ რადიოს თავისი იდეა აქვს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ როკრადიო ქართული როკმუსიკის განვითარებისკენ იქნება მიმართული, ყოველ შემთხვევაში, მე ამის სურვილი მაქვს.
ერეკლე დეისაძე:
საქართველოში როკმუსიკის ძალიან დიდი ტრადიცია გვაქვს. ამ მუსიკამ ბევრჯერ შეიცვალა ფორმა. არის ქართულიც, რუსულიც, ინგლისურენოვანიც, ვგულისხმობ ადგილობრივ ბენდებს. კარგია, რომ ეს იდეა გაჩნდა და შემდეგ განხორციელდა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ. ვფიქრობ, „როკრადიო“ შექმნის ფორმატს მომავალი მუსიკალური გამოწვევებისთვის. არტისტისთვის მნიშვნელოვანია, როცა იცის, სად წაიღოს თავისი შემოქმედება, იცის ადრესატი, ეს არის მოტივაცია და ამისთვის მადლობა „ფორტუნას“.
ანრი ჯოხაძე:
ზოგადად, გული მწყდება, რომ მსოფლიოში როკმუსიკა აღარ არის მეინსტრიმული, ამას თავისი ახსნა აქვს, მაგრამ მივესალმები „როკმუსიკის“ შექმნის იდეას, რადგან ისეთი მუსიკალური ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, „როკრადიო“ აუცილებლად უნდა იყოს. ვიცი, რომ ეს გუნდი საინტერესო პროდუქტს შემოგვთავაზებს. პოპინდუსტრია, დამეთანხმებით, იწყება როკიდან.
რაც შეეხება რადიო „ფორტუნას“, განსაკუთრებულად კარგი სიტყვები მინდა ვთქვა – იცით, როგორ ვულოცავ? როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს მივულოცავდი, დიდი სიყვარულითა და დიდი გულშემატკივრობით. ფაქტობრივად, ეს რადიო არის ჩემი ყმაწვილობის პერიოდის დიდი ინსპირაცია, როცა „ფორტუნა“ გაიხსნა და მას მოჰყვა რადიოების ჯარი. დღემდე ნომერი პირველია, ტოპ ჰოლდინგია და ბრავო!..
„რუსთავი 2“ ის ტელევიზიაა, რომელსაც „რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთან“ მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მათი წარმატებული თანამშრომლობა არაერთი რეიტინგული პროექტის ირგვლივ ტრიალებს…
ირაკლი იმნაიშვილი:
მე წარმოვადგენ ინსტიტუციას, რომელიც 27 წლის განმავლობაში არის ქართული სატელევიზიო სივრცის მთავარი და განუყოფელი ნაწილი – „რუსთავი 2“- არის 30-წლიანი სახელმწიფოს სატელევიზიო მეგზური 27 წლის განმავლობაში. რადიო „ფორტუნა“ და მთლიანად ეს რადიოჰოლდინგი არის დამოუკიდებელი საქართველოს რადიომეგზური, რომელიც მთლიანობაში 24 წელს ითვლის. მეგზურია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან როდესაც თბილისიდან გავდივარ, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ფმ. 106.9 არის ის რადიო, რომელიც მაწვდის საჭირო ინფორმაციას, მასმენინებს მუსიკას, რომელიც მიყვარს და მომწონს და არ აჩენს სურვილს, რომ მოვძებნო სხვა მეგზური. ამას ახერხებთ ბოლო 24 წელიწადია. რა ახალი პროექტიც უნდა დაიწყოთ, ის აუცილებლად იქნება წარმატებული, რადგან თქვენ იცით რადიოში წარმატების ფორმულა.
31 დეკემბერს, რადიოჰოლდინგში შეკრებილმა სტუმრებმა, მასპინძლებთან ერთად გაჭრეს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ტორტი წარწერებით, „თეატრალურის კვარტეტისა“ და „ქართული ხმების“ წევრების ტრადიციული მრავალჟამიერის ფონზე, მანამდე კი სტუმრებს ლაშა სურმავასა და ზაზა ხუციშვილის შესრულებით სასიამოვნო როკმელოდიების მოსმენის საშუალება მიეცათ… ტრადიციული საახალწლო შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა კიდევ ერთი რადიოს, ამჯერად „როკრადიოს“ ისტორია ახლა იწყება!..
მასალა მოამზადა ნინო მურღულია