LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც უფრო ზუზუნებს მაჭახელას ხეობაში ტყე, მით უფრო აქტიურად მუშაობს ფუტკარი

122
379286550_1519306595486043_2761160641367523412_n

ფუტკრის ხასიათის გამოცნობის უმარტივესი წესი ასეთია – რაც უფრო მომრგვალებული დანაყოფები აქვს ფიჭას, მით უფრო ნაკლებად ავი და აგრესიულია მისი შემქმნელი ფუტკარი. რაც უფრო ზუზუნებს მაჭახელას ხეობაში ტყე, მით უფრო აქტიურად მუშაობს ფუტკარი და ამზადებს უნიკალურ თაფლს, რომელიც სწორედ მაჭახელას თაფლის სახელით არის ცნობილი.

ასეთი საინტერესო და საჭირო ინფორმაციითაა სავსე ყველა ის მასალა, რომელიც აჭარული, კონკრეტულად კი მაჭახელას ხეობის მეფუტკრეობის ისტორიას გვიყვება, XII-XVI საუკუნეებში დაწერილი „ტბეთის სულთა მატიანე“ იქნება ეს, 1960-იანი წლების „მეფუტკრეობის ისტორია“, 1974 წლის „მაჭახელის ხეობა“, თუ სხვა ლიტერატურა.

საქართველოს ეს მხარე ისტორიულად უკავშირდება მეფუტკრეობას იმ დროიდან, როდესაც ხალხი ხის, ქვის, ნედლეულის, კერამიკის და საპნის მოპოვება-დამუშავებით იყო დაკავებული. საუკუნეებისწინანდელ წყაროებში იკითხება სახელები – საფუტკრეთი, მეფუტკრეთი, როგორც ადგილმდებარეობა და გვარი – მეფუტკრისძე, როგორც საგვარეულო ხაზი. კონკრეტულად რთული სათქმელია, თუ ზუსტად რომელი სოფლის აღმნიშვნელია ეს დასახელებები ან რომელი სოფლის მოსახლეს ჰქონდა ეს გვარი, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ცნობილია, რომ ხეობაში, მეფუტკრეობის მიმართულებით ორი სოფელი ლიდერობს, ესენია მინდიეთი და ეფრატი. კონკრეტულად ეფრატი კი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ადგილობრივი თაფლი გასაყიდად გაიტანა და თაფლითა და თაფლის სანთლით ფინანსური შემოსავალიც მიიღო. ზოგადად, გეოგრაფიული აღნიშვნა „მაჭახელას თაფლის“ წარმოების არეალს წარმოადგენს შემდეგი სოფლების ტერიტორიები: მაჭახლისპირი, ქედქედი, აჭარისაღმართი, ჩხუტუნეთი და ჩიქუნეთი.

ფუტკრის მოშენება ოდითგანვე ველური მეთოდებით, ტყიურად ხდებოდა, ხეზე და კლდეზე, სადაც პირველი მეფუტკრეები სკებს აწყობდნენ (აჭარულად ბუკს). ეთნოგრაფიული მასალები ამტკიცებს, რომ მაჭახელას ხეობის მკვიდრმა ხალხმა შესაფერისი ხეების შერჩევა იცოდა. საუკეთესო იყო წიფლის და თელის ხეები. რაც უფრო დიდი ფუღურო ჰქონდა ხეს, მით უფრო მოხერხებული იყო მასზე სკის განთავსება. თითო ხეზე 30 სკასაც კი ატევდნენ. მაღალ ხეებზე სკები გრძელი თოკის დახმარებით აჰქონდათ, რომელიც ცაცხვის ფოთლებით იყო დაწნული. მას ჭაპანი ეწოდებოდა. აი, სწორედ აქ შემოდის ტყის ზუზუნა ხმების ამბავი – გადმოცემა ამბობს, ტყეში იმდენად ბევრი სკა გროვდებოდა, რომ გაზაფხულზე მთელ ტყეს ზუზუნი გაჰქონდა და მეფუტკრეები ხვდებოდნენ, თუ რა გაცხარებულ მუშაობაში იყვნენ მათი ფუტკრებიო. ასეთ ტყიურ და შინაურულ მეფუტკრეობის ეტაპს ისტორია გარდამავალ საფეხურად მიიჩნევს და „ძველ ხანას“ უწოდებს.

იმ ხანიდან დღემდე შენარჩუნებული ტრადიციების მიხედვით, მაჭახელას თაფლის აღება, ანუ, როგორც ადგილობრივები იტყვიან, „თაფლის ხილვა“ წელიწადში რამდენჯერმე ხდება, ყველაზე ხშირად თებერვალში და ივნისში (ვინაიდან ხეობაში თოვლის საფარი ხანდახან ივნისამდე არ დნება, ტყე სინოტივეს ინარჩუნებს და თაფლი დაცულია გვალვისა და მშრალი ქარებისგან).

მაჭახელას თაფლს მაჭახელას დათუნიასაც ეძახიან.

მაჭახელას თაფლი ოთხი სახეობისაა: მაისის, ცაცხვის, აკაციისა და წაბლის.

მაისის თაფლი ადრე გაზაფხულზე გროვდება, პირველად აყვავებული მცენარეებიდან მიიღება და მისი არომატიც მრავალფეროვნებითაა გამორჩეული.

ცაცხვის თაფლი შედარებით ბაცი ყვითელი ფერისაა. მას ახასიათებს მკვეთრი გემო და ცოტაოდენი სიმწარე.

აკაციის თაფლი ადრეული გაზაფხულის თაფლია, რომელიც იმდენად ღია ფერისაა, რომ პრაქტიკულად გამჭვირვალეა. „რობინია“ (ე.წ. თეთრი აკაცია) ერთ-ერთ საუკეთესო ადრეული თაფლის მომცემ კულტურად ითვლება.

წაბლის თაფლი მუქი ყავისფერია, დიდხანს არ შაქრდება, არომატით გვაგონებს გადამწიფებულ ვაშლს და სპეციფიკური, ოდნავ მწარე გემოთი გამოირჩევა.

დაშაქრებას და დაძველებას რაც შეეხება, ამასაც თავისი ტრადიცია აქვს მაჭახელაში. ძველად ასეთი წესი იყო – ვისაც ბევრი თაფლი მოუგროვდებოდა, თაფლით სავსე ჭურჭელს ერთი წლით ინახავდა. ამ დროის განმავლობაში თაფლი მაგრდებოდა და ღომის მარცვლებივით იკვრებოდა. მას „დაღომებულ თაფლს“ ეძახდნენ. უფრო გემრიელიც იყო და ხალხი სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდა ხოლმე.

მაჭახელას ხეობის თაფლის განსაკუთრებულობას თავად ხეობა განაპირობებს. ეს მხარე ხასიათდება შავმიწა ნიადაგებით, სადაც კარგად ხარობს თაფლოვანი მცენარეები. მცენარეთა ვერტიკალურ-ზონალური განლაგება კი პირდაპირ მოქმედებს თაფლოვან მცენარეთა სიუხვეზე.

გეოგრაფიული აღნიშვნა „მაჭახელას თაფლი“ საქპატენტში დარეგისტრირდა 2016 წლის 2 მარტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები