LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც კი პრობლემა შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას, ყველა პრობლემის წინაშე ვართ დღეს და ასე ვამთავრებთ წელს: ბადრი ჯაფარიძე

96
ბადრი ჯაფარიძე

რაც კი პრობლემა შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას, ყველა პრობლემის წინაშე ვართ დღეს და ასე ვამთავრებთ წელს, – ამის შესახებ პარტიას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 2021 წელი შესაძლებლობების ხელიდან გაშვების წელი იყო და ხელისუფლებამ შესაძლებლობები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გაუშვა ხელიდან.

„ეს წელი გამორჩეული იყო სწორედ კრიზისების ოდენობით, მწვავე ვითარება გვქონდა ყველა მიმართულებით. პოლიტიკური კრიზისით დავიწყეთ წელი და პოლიტიკური კრიზისით ვამთავრებთ. ეკონომიკური კრიზისი, პანდემიური კრიზისი. ჰქონდა შანსი ქვეყანას, რომ გადაედგა წინ ნაბიჯები, როდესაც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას 19 აპრილს. სამწუხაროდ „ქართული ოცნება“ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან, რომელსაც ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი უწოდებს საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკას. გვქონდა ადგილობრივი არჩევნები, რომელიც გამორჩეული იყო დარღვევებით, შემდეგ გვქონდა და გვაქვს პოსტსაარჩევნო კრიზისები საკრებულოებში. ასე რომ, რაც კი პრობლემა შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას, ყველა პრობლემის წინაშე ვართ დღეს და ასე ვამთავრებთ წელს.

როდესაც ბერკეტები არის ხელისუფლების ხელში, ბერკეტების არასწორად გამოყენება ან არ გამოყენება ხდება კრიზისის შექმნის ან კრიზისის არ გადაჭრის მიზეზი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კრიზისებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, ყველა იმ კრიზისზე, რომელიც ჩამოვთვალე. 2021 წელი იყო სავსე მწვავე კრიზისებით, პრობლემებით და გადავდივართ 2022 წელში ამ მემკვიდრეობით. სამწუხაროდ, ასევე იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების წელი, რომელიც ხელისუფლებამ სამწუხაროდ, სწორედ მისი ძალაუფლების შენარჩუნებისკენ სწრაფვის გამო გაუშვა ხელიდან”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.