LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც კანდიდატურებია ალბათ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა ყველაზე კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის“ – ვახტანგ სურგულაძე

301
Untitled design (2)

„პირდაპირ გეტყვით, რაც კანდიდატურებია ალბათ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა ყველაზე კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის და ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის ექსპერტმა, ლელოს წევრმა, ვახტანგ სურგულაძემ განაცხადა.

სურგულაძემ გადაცემაში „დღის თემა“ თქვა, რომ თალაკვაძეს შესაბამისი გამოცდილებაც გააჩნია და განათლებაც.

„სამედიცინო განათლება აქვს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძირითადი ჩავარდნა მაინც ჯანდაცვის სისტემაშია. გამოცდილებაც აქვს, როგორც საპარლამენტო ასევე სხვა და სხვა თანამდებობებზე მუშაობის. ასევე მუშაობდა ომბუდსმენის მრჩევლად, როდესაც სოზარ სუბარი იყო. ამიტომ გამოცდილებაც და განათლებაც გააჩნია. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება თუ არ იქნება არჩილ თალაკვაძე კი არა ბისმარკი რომ დანიშნონ ამ თანამდებობაზე, ის ვერ უშველის“ – განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.

რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს, სურგულაძე ამბობს, რომ ის იყო ყველაზე სუსტი ჯანდაცვის მინისტრი.

„ადამიანი, რომელსაც კომუნიკაციაც უჭირდა, პრობლემების დანახვაც და რისკების დანახვაც. ყველა პროექტი ჩააგდო“ – განაცხადა ლელოს წევრმა გადაცემაში „დღის თემა“.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი კობახიძე ზურაბ აზარაშვილის გადაყენებას “მართვის და კომუნიკაციის კუთხით” პრობლემებს უკავშირებს. კობახიძის განცხადებით, ის რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე დარწმუნდა, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა.

„ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით.. უკმაყოფილება იყო სამედიცინო საზოგადოებაში“ – რას აცხადებს პრემიერი ზურაბ აზარაშვილის გადადგომაზე

„მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა. შესაბამისად, გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებდა“,- განაცხადა კობახიძემ. გავრცელებული ინფორმაციით ჯანდაცვის მინისტრის შემცვლელად პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება.

კითხვაზე, მიიღო თუ არა მან ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შემოთავაზება, არჩილ თალაკვაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები