LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომები მიანიშნებს ტერფის პრობლემებზე და რაში გვეხმარება სუპინატორი – ტერფის სპეციალისტის თამარ კოტარიას რეკომენდაციები

2165
თამარ-კოტარიძე

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორი, ტერფის სპეციალისტი, კლინიკის „ტერდი“ გუნდის წევრი, თამარ კოტარია სტუმრობდა, რომელმაც ტერფის ყველაზე გავრცელებულ პრობლემებზე, დეფორმაციებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე, სუპინატორების და სწორად შერჩეული ფეხსაცმელების მნიშვნელობაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა და არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.

ქალბატონი თამარ, ყველა ადამიანს სჭირდება ტერფის სრული დიაგნოსტირება?

რა საკვირველია, კვლევა ყველა ადამიანს არ სჭირდება. ტერფის პრობლემას კონკრეტული, დამახასიათებელი ჩივილები აქვს, მაგალითად, ტკივილი ქუსლის არეში, თაღის მიდამოში, ასევე წვივის, მუხლის, ბარძაყის, წელის, ზურგის, კისრის მიდამოებში. ტერფი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ძვალსახსროვანი სისტემისთვის და იმდენად ბევრი რამ არის მასზე დამოკიდებული, რომ ბრტყელტერფიანობის დროს, ხშირად თავის ტკივილებიც კი არსებობს, განსაკუთრებით მოზარდებში. ასეთ დროს, ადამიანები პრობლემის დიაგნოსტირებას თავად, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებენ, ისინი აკითხავენ ბევრ სხვადასხვა სპეციალისტს და ბოლოს აღმოაჩენენ, რომ ამ თავისტკივილების მიზეზი ბრტყელტერფიანობაა. ტერფში არსებული დატვირთვა ტერფში არ ქრება, ის ყველა მასზე დაყრდნობილი სახსრის საშუალებით ყველა სხვა სახსარს გადაეცემა და თავის ქალამდეც საკმაოდ დიდი დატვირთვა აღწევს. შესაბამისად, ხანდახან, პრობლემა შეიძლება მოშორებული იყოს ტერფს, მაგრამ მიზეზი ტერფი იყოს. 

შესაძლოა თუ არა გვქონდეს ტერფის პრობლემა, მაგრამ მას არ ჰქონდეს გამოხატული სიმპტომი, ვიზუალურად ყოველთვის შესამჩნევია თუ არა ტერფთან დაკავშირებული პრობლემა და ყველაზე ხშირად, რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს აღნიშნული პრობლემა?

ტერფის პრობლემები ხშირად ძალიან მალევე, მოზარდობის ასაკში ვლინდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ 5-7 წლის ბავშვი აქტიურ სპორტში აღმოჩნდება, რადგან როდესაც დატვირთვა მიადგება ტერფს, პრობლემა მაშინვე გამოვლინდება. ამ შემთხვევაში, ბრტყელტერფიანობას ვგულისხმობ. ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში არის ისეთი სიტუაციები, როდესაც ბავშვი ხშირად ვარდება, ხშირად უბრუნდება ფეხი, აქვს სიმძიმის შეგრძნება. ასეთი ბავშვები ხშირად ითხოვენ ხელში აყვანას, დაჯდომას და ხშირად მათ ამას სიზარმაცეში უთვლიან, მაგრამ ეს ასე არ არის, ეს პრობლემა მათ აწუხებთ და ეს აუცილებლად ყურადღება მისაქცევია.

რამ შეიძლება განაპირობოს ბრტყელტერფიანობა, რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის მიზეზი?

ბრტყელტერფიანობა არის ან გენეტიკური ან თანდაყოლილი ან შეძენილი. უფრო მეტად ასე ხდება ამ პრობლემის დაყოფა, კი, ბევრი ქვე ვარიანტიც არსებობს, მაგრამ ყველაზე, რა თქმა უნდა, ვერ შევჩერდებით.

შეძენილი ბრტყელტერფიანობა ძირითადად ან ტრავმით ან ჭარბი წონით ან დატვირთვით არის განპირობებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის როგორი დატვირთვა აქვს.  სტომატოლოგებს, ქირურგებს, თმის სტილისტებს, ადამიანებს, ვისაც დიდი ხანი უწევთ ფეხზე დგომა და აქვთ ტერფის პრობლემა, ეს შემდეგ იზოლირებულად, მხოლოდ ტერფის პრობლემად  აღარ რჩება და ვლინდება ის სიმპტომატიკა, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ასეთ დროს ძირითადად წელის და ზურგის ტკივილი იჩენს ხოლმე თავს.

ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში ყოველთვის აუცილებელია თუ არა სუპინატორის გამოყენება და რა დახმარებას უწევს ის აღნიშნული პრობლემის მქონე ადამიანებს?

ახლა ძალიან ბევრია ისეთი ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს ეს რელიეფი და აქვს თაღი იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს ფიზიოლოგიურად და ის რაღაც გარკვეულ შეღავათს იძლევა, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სუპინატორის, ანუ ღაბაშის დამზადება, რადგან ფიზიოლოგიური ნადრეკები ყველას ერთნაირი არ აქვს, ტერფი ძალიან ინდივიდუალურია.

პატარა ბავშვებში, ფეხის ადგმის პროცესში სუპინატორიანი ფეხსაცმელი აუცილებელი არ არის, ხანდახან ამან პირიქით, რაღაც ზიანიც შეიძლება გამოიწვიოს, რადგან გააჩნია, თუ როგორი დგომა აქვს ბავშვს. თუ არის ეს ისეთი დგომა, როცა ქუსლები ცოტათი შიგნით არის ჩაყირავებული, ანუ არის ვალგუსური დგომა, ამ შემთხვევაში შეიძლება, მაგრამ ეს ხომ არ იცის ჩვეულებრივმა მშობელმა, რომელიც ექიმი არ არის. შესაბამისად, ჯობია, რომ სუპინატორიან ფეხსაცმელზე მეტად, აქცენტი ისეთ ფეხსაცმელზე გავაკეთოთ, რომელსაც დრეკადი ძირი აქვს, მაგრამ აფიქსირებს უკანა, კოჭ-წვივის სახსარს, ანუ უკანა ნაწილი შედარებით მაგარი და მკვრივი აქვს, რადგან როდესაც კოჭ-წვივის სახსარი ფიქსირებულია და სტაბილურად და კარგად არის მოთავსებული, ასეთ დროს, ძალიან კარგად ხდება სიარულის დაძლევა.

ბრტყელტერფიანობა იმ ტიპის პრობლემაა, რომელიც მთელი ცხოვრება მართვას საჭიროებს და არასდროს ალაგდება თუ რაღაც ეტაპზე, შეიძლება, საბოლოოდ დავემშვიდობოთ ამ დიაგნოზს? ამ მიმართულებით თუ არის  გარკვეული სიახლეები დიაგნოსტირების, მკურნალობის და მართვის მეთოდებში?

როდესაც ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტირება ადრეულ ასაკში ხდება, ვგულისხმობ 6-7 წელს, რადგან 3 წლამდე ყველა ბავშვი ბრტყელტერფიანია, მისი მართვა შეიძლება და თაღი შეიძლება ჩამოყალიბდეს, ოღონდ ამას გარკვეული დრო სჭირდება. ტერფის თაღის ჩამოყალიბება მარტივი არ არის, ეს საკმაოდ სერიოზული პროცესია. თუ 6-7 წლის ასაკისთვის თაღი არ არის და ბავშვს აქვს ჩივილები, მისი მართვა შეიძლება, თუ გამოვიყენებთ ინდივიდუალურ სუპინატორს, გავაკეთებთ სპეციალურ ვარჯიშებს, თუ ორთოპედი გააკონტროლებს ხერხემალს, რადგან ბრტყელტერფთან ერთად ძალიან ხშირია სქოლიოზიც. ამ ასაკში და ამ სიტუაციაში ყველაზე სასიკეთო სპორტი ცურვაა. 

როგორც აღნიშნეთ, ტერფის პრობლემებიდან გამომდინარე, შეიძლება, ხერხემლის პათოლოგიებიც განვითარდეს, თუ დროულად არ მოხდა დიაგნოსტირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება…

კი, ძალიან ხშირად, თითქმის ყოველთვის, თუ ტერფის პრობლემა არის, ხერხემლის პრობლემაც არის, რადგან ეს ერთი სისტემაა და ძალიან ურთიერთდამოკიდებულია. ეს არის ერთი მთლიანი სისტემა, ძვალსახსროვანი სისტემა და ეს იმდენად რთული აგებულებაა და აქ იმდენად ურთიერთდამოკიდებულია ყველა სახსარი და ყველა სტრუქტურა, რომ თუ ერთგან არის პრობლემა, აუცილებლად ყველაფერი უნდა გაისინჯოს და ინახოს.

გარდა ბრტყელტერფიანობისა, ტერფის სხვა რა დეფორმაციები გვხვდება ყველაზე ხშირად?

რა საკვირველია, ტერფის პრობლემა მხოლოდ ბრტყელტერფიანობა არ არის. ძალიან ბევრი ისეთი პარამეტრია, რაც ტერფის სწორ დგომას და სიარულს განაპირობებს. ეს ძირითადად არის: თაღი, ტერფის ღერძი, ფიზიოლოგიური ყრდნობის უბნები, წნევა-ძალა თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე და ეს ყველაფერი  პედოგრაფით ისინჯება. პედოგრაფია არის ტერფის დიაგნოსტიკა, არის დინამიკური სინჯი, ანუ ტერფის გამოკვლევა სიარულის პროცესში. არსებობს დგომის დროს ტერფის გამოკვლევაც, ესეც ძალიან ინფორმატიულია, მაგრამ ყრდნობის უბნების, წნევის და ძალის გამოკვლევისას, რა საკვირველია, მე პირადად დინამიკურ სინჯს ვანიჭებ უპირატესობას. ის ანაბეჭდი, რომელიც აქ მიიღება, პროგრამულად მუშავდება, შემდეგ ეს დამუშავებული ტერფი გადადის მეორე კომპიუტერში, რომელიც მიერთებულია სამკერვალო აპარატზე და პროგრამული მართვის ქვეშ მზადდება სუპინატორი, რომელიც აბსოლუტურად ინდივიდუალური და კონკრეტულად იმ ადამიანზე მორგებულია, ვისი მონაცემებიც ჩავტვირთეთ და დავამუშავეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კლინიკის პარტნიორები არიან გერმანელები და ბელგიელები, ორთო-კინეტიკის ინსტიტუტი და ისინი გვაწვდიან მასალას, რომლისგანაც ღაბაშის დამზადება ხდება. მოხმარებაში, ასე შექმნილი სუპინატორი არის ტერფის ანტაგონისტი, ანუ ის იძულებულს გხდის, რომ გააკეთო სწორი ნაბიჯი, ის გიკეთებს ისეთ თაღს, როგორიც გჭირდება და არ გაქვს, იქ კომფორტულად თავსდება ქუსლი და ა.შ. აქედან გამომდინარე, როდესაც ამდენი რამ მოგვარდება, მოგვარდება თაღის სიმაღლეც, ღერძიც, ყრდნობის უბნებიც… რა საკვირველია, ის პრობლემები, რომლების არასწორი სიარულით იყო გამოწვეული, ალაგდება.

ტერფი ძალიან რთული სტრუქტურაა და აქ ძალიან ბევრი დეფორმაცია და პათოლოგია არსებობს, ყველაზე ხშირია ვალგუსური და ვარუსული დგომა, რაც სხვათა შორის, ვიზუალურად ადვილი შესამჩნევია და ეს მარტო ტერფის პრობლემა არ არის, არის კოჭ-წვივის სახსრის პრობლემაც. ვალგუსური დგომა ნიშნავს, როდესაც სწორად დადგომისას, ქუსლები არის ერთად და შიგნით ჩაყირავებული და წინა ტერფი გარეთ. ვარუსული დგომისას წინა ტერფები ერთმანეთს უყურებს  და ქუსლები გარეთ არის გადახრილი. ეს ორივე ძალიან სერიოზული პათოლოგიაა. ორივე, ვარუსული ან ვალგუსური დგომა შეიძლება იყოს კომბინაციაში ბრტყელტერფიანობასთან. შეიძლება იყოს თაღი და მხოლოდ ეს პრობლემები იყოს, მაგრამ მათ მაინც სჭირდება მკურნალობა.

საერთოდ, ნაბიჯის შესრულება ძალიან რთული პროცესია. ზოგადად, ტერფი ძალიან რთული სტრუქტურაა, ის 26 ძვლისგან შედგება, აქვს 20 სახსარი და 24 პოზიცია. ნაბიჯი რომ შესრულდეს, ამისთვის 2 ურთიერთ საწინააღმდეგო პროცესი, პრონაცია და სუპინაცია უნდა შედგეს. პრონაცია ეს არის ტერფის მობრუნება შიგნით და სუპინაცია – ტერფის მობრუნება გარეთ. ნაბიჯი რომ შესრულდეს, უნდა მოხდეს ქუსლის წინა ტერფზე გადაგორება. მოგეხსენებათ, დგომისას ტერფი 3 წერტილს ეყრდნობა, ეს არის ქუსლი, პირველი თითის ქვემო ფალანგი და მეხუთე თითის ქვემო ფალანგი. სიარულის დროს უნდა შესრულდეს ასეთი პროცესი, ყრდნობა ქუსლზე, შემდეგ ყრდნობა მთლიანად ტერფზე და შემდეგ ყრდნობა წინა ტერფის თითებზე, როდესაც უკვე ტერფი უნდა მოწყდეს საყრდენს.  მეორე ფაზაში, როცა ტერფი მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს საყრდენს, ყრდნობის ფართი არის მაქსიმალური და თაღის სიმაღლე მინიმალური. ამ დროს, როდესაც მთლიანად ტერფის წყვეტა ხდება, თაღი უზრუნველყოფს ტერფის მობილიზაციას მოწყვეტისაკენ. როდესაც თაღი არ არის, ტერფს აღარ აქვს საშუალება, რომ მობილიზაცია გააკეთოს და მზად იყოს მოწყვეტისთვის და ხდება ტერფის მიკვრა საყრდენთან და ეს მოწყვეტა გართულებულია. ტერფს სჭირდება, რომ მოწყდეს საყრდენს, ამიტომ ეს დამატებით რყევებს იწვევს, არა მხოლოდ ტერფში, არამედ მთელ ქვემო კიდურში, რომელიც გადაეცემა ტერფიდან წვივის კუნთებში, ბარძაყის  კუნთებში, ზურგის კუნთებში და კისრამდეც კი. ამიტომ არის, რომ ტერფის პრობლემა იზოლირებული არასდროს არის, ის ასეთი აღმავალი ჯაჭვით გადაეცემა მთელს ძვალსახსროვან სისტემას. ეს პროცესი, ტერფის მოძრაობა შიგნით, თაღზე ყრდნობა, არის პრონაცია, შემდეგ კი იწყება მისი საწინააღმდეგო პროცესი, ანუ სუპინაცია, როდესაც ტერფის საყრდენიდან მოწყვეტა ხდება.

ბრტყელტერფიანობა ერთი სიტყვით თაღის არ არსებობას ნიშნავს, მაგრამ უფრო მეცნიერულად რომ ვთქვათ, ეს არის შეუსაბამობა ტერფის ანატომიასა და ფუნქციას შორის, იმ მიზეზის გამო, რაც მე ავხსენი. როდესაც თაღი არ არის, ასეთი გაუგებარი და რთული მოძრაობები იწყება მთელს ძვალსახსროვან სისტემაში.

რას ნიშნავს დიაბეტური ტერფი, როდის შეიძლება, რომ მასზე მივიტანოთ ეჭვი, ვინ დგას ამ დაავადების რისკის ქვეშ და რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნულ პრობლემაზე?

დიაბეტური ტერფი, რა საკვირველია, ემართებათ იმ ადამიანებს, ვინც შაქრიანი დიაბეტითაა დაავადებული და არა მხოლოდ. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი მაინც უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს. ბავშვებში არ არის დიაბეტური ტერფი, არც მოზარდებში, ეს უფრო ასაკოვან ადამიანებშია და მათში, ვისაც აქვთ ხანგრძლივი დიაბეტი. არის კიდევ ინსულინრეზისტენტული ფორმა, ანუ ისეთი შაქრის ციფრები ვისაც აქვს, რომელიც რთულად ემორჩილება კორექციას. ამ პრობლემის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყო, თუმცა დიაბეტური ტერფი, სამწუხაროდ, არსებობს და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების უმეტესობას, დაახლოებით 60%-ს, შეიძლება განუვითარდეს ის.

მოგეხსენებათ, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს განსაკუთრებით ზიანდება სისხლძარღვები, როგორც მაგისტრალური, ისე მცირე კალიბრის, განსაკუთრებით კი, სწორედ მცირე კალიბრის და ამას თავისი სახელიც აქვს ეს არის დიაბეტური ანგიოპათია. გარდა ამისა, ზიანდება პერიფერიული ნერვები, რომლებიც ასევე მცირე კალიბრისაა.

როდესაც ეს ორი სერიოზული რგოლი ზიანდება, რა საკვირველია, შესაბამისი ჩივილები არის.  როდესაც არის იშემიური ტერფი, აქვთ კიდურის სიცივის შეგრძნება, უსიამოვნო, დაბუჟების შეგრძნება, მგრძნობელობის დაქვეითება, განსაკუთრებით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ვერ გადიან დიდ მანძილს, რადგან იწყება ტკივილი, როგორც ტერფის, ისე წვივის კუნთების მიდამოში. რაც შეეხება ნეიროპათიულ ტერფს, როდესაც ინერვაცია არის დარღვეული, ძირითადი დაავადების გამო, ამ შემთხვევაში, ტერფში შეიძლება იყოს, როგორც სიცივის შეგრძნება, ისე სიმხურვალის. კიდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება იყოს მგრძნობელობის დაქვეითება. შესაბამისად, დიაბეტური ტერფი ბევრი რისკის ქვეშ დგას, რადგან როდესაც მგრძნობელობა დაქვეითებულია,  შეიძლება, ადამიანმა ვერ იგრძნოს, რომ მას აწუხებს ფეხსაცმელი ან წინდა.

როცა ტროფიკა დარღვეულია, ანუ როდესაც არის იშემია და კარგად ვერ მიმდინარეობს სისხლით მომარაგება იმ უბნის, რომელიც ადამიანს აწუხებს, მაშინ მისი დაზიანება ძალიან ადვილია, ელემენტარული ზეწოლითაც კი. შეიძლება, ელემენტარულმა მწერის ნაკბენმა, ელემენტარულმა დაზიანებამ ან წინდის და ფეხსაცმლის მიერ დაჟეჟილმა ადგილმა, ისეთი სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს, როგორიცაა წყლული, რომელიც შეიძლება, განგრენაში გადავიდეს და გამოიწვიოს თითის ან ქსოვილის გარკვეული ნაწილის ამპუტაციაც კი. სწორედ ამიტომ არის დიაბეტური ტერფი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო და ამიტომ არის დიაბეტური ტერფის პრევენცია გადამწყვეტი. როცა ის ყველაფერი მოხდება, რაც მე ზემოთ აღვნიშნე, მერე, რა თქმა უნდა, ყველა ჩართულია პროცესში, ენდოკრინოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ჩირქოვანი ქირურგი და პაციენტს, რა საკვირველია, ბევრი მხრიდან მკურნალობენ და ყველაფერი კეთდება მისი კიდურის და ტერფის გადასარჩენად, მაგრამ პრევენცია გაცილებით ადვილია. პრევენციაში იგულისხმება, კარგად მორგებული ფეხსაცმელი, ინდივიდუალური სუპინატორი… დიაბეტური ტერფის რისკის მქონე ადამიანების ფეხსაცმლის ზედაპირი უნდა იყოს ძალიან გლუვი და სადა, არ უნდა იყოს არანაირი ნაკერი და ნაკეცი, რამაც შეიძლება ტერფის გაღიზიანება გამოიწვიოს, უნდა იყოს მრგვალი ცხვირი, ის უნდა იყოს ამორტიზებულ ძირზე, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა იყოს სპორტული სტილის ფეხსაცმელი ან ე.წ. „Comfort shoes“, რაც ახლა ძალიან მოდაში და ფართო მოხმარებაშია. წინდა უნდა იყოს კარგად მომდგარი, მაგრამ არა ისე, რომ უჭერდეს ადამიანს. წინდა უნდა იყოს განსაკუთრებული ქსოვილის, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის ყველაფრის ხმარება არ შეიძლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ტერფის ხშირი დათვალიერება, ყოველდღიურად კარგად დამუშავება. დამუშავებაში ვგულისხმობ იმას, რომ კარგად უნდა იყოს გამშრალებული თითებს შუა მიდამო, რადგან ეს რისკ ზონაა. თუ თავად ვერ ახერხებს ტერფის დათვალიერებას, ეს რომელიმე ოჯახის წევრმა უნდა გააკეთოს ან ეს უნდა მოხდეს სარკის საშუალებით. თუ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, თუ ხშირად დავათვალიერებთ ტერფს და მოვუვლით მას, თუ კომფორტული ფეხსაცმლით დავიცავთ და გამოვიყენებთ ინდივიდუალურ სუპინატორს, მაშინ, რა საკვირველია, დიაბეტური ტერფით მიყენებული ზიანის შანსი ნაკლებია.

დიაბეტთან ძალიან ხშირად არის დაკავშირებული ვენური პრობლემებიც… ზოგადად, რამდენად გავრცელებულია ვენური პრობლემები და რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს ის?

ვენურ პრობლემას მე ასე პირდაპირ დიაბეტს ვერ დავუკავშირებდი, ის ცალკე სერიოზული ნოზოლოგიაა და მას დიდი ყურადღება სჭირდება. ვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ეს რაღაცა ცალკე დარგია, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ხშირია.

ამ შემთხვევაში, პაციენტები უფრო ხშირად ქალბატონები არიან. 40-60 წლის ასაკში ეს დაავადება ქალებში ძალიან ხშირია.

რა თქმა უნდა, როცა ვარიკოზულ პრობლემას შეამჩნევთ, გადავადება არ შეიძლება და უნდა მიმართოთ სისხლძარღვთა ქირურგს. არსებობს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე ოპერაციული მკურნალობა.

არის მძიმე ფეხის სინდრომი, ლიმფოსტაზი, ლიმფო-ვენური უკმარისობა და მათი სიმპტომატიკა შემდეგნაირია, არის სიმძიმის შეგრძნება წვივის მიდამოში, არის შესივება, როგორც ტერფის, ისე წვივის,  დისკომფორტი, წვის შეგრძნება… თუ შორსწასული ფორმაა, შეიძლება, გარკვეული უბნის ფერის შეცვლაც მოხდეს. ლიმფო-ვენური უკმარისობა და მძიმე ფეხის სინდრომი განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მთელი წლის განმავლობაში იყოს. ამას, რა საკვირველია, მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება და სჭირდება დახმარება ტერფიდანაც, რადგან ტერფი ისეთი სტრუქტურაა, რომ ზოგიერთი დაავადება ვლინდება ტერფში და არის ისეთი დაავადებები, სადაც შეიძლება, რომ გამშვებ მექანიზმში მონაწილეობდეს. ასეთია ზუსტად ლიმფო-ვენური უკმარისობა. ლიმფო-ვენური უკმარისობის დროს, დახმარების ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი არის ინდივიდუალური ღაბაში, ანუ ტერფის კორექცია, რადგან, როგორც წესი, ამ ქალბატონებს ეს პრობლემაც აქვს.

გარდა ბრტყელტერფიანობისა, კიდევ რა დროს არის საჭირო ღაბაში?

უკვე ავხსენით, თუ რატომ არის საჭირო ღაბაში ლიმფო-ვენური უკმარისობის დროს, დიაბეტის დროს, როგორც პრევენცია და დაცვა.

აქვე მინდა აღვნიშნო სპორტული დატვირთვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთან ძალიან დიდია სპორტსმენების მომართვიანობა. თავიდანვე ვთქვი, რომ როდესაც ბავშვი სპორტზე მივა, მაშინვე იჩენს თავს გარკვეული პრობლემები, რაც აუცილებლად ყურადღება მისაქცევია. მინდა აღვნიშნო, არასაკმარისი ზეწოლა. ტერფს აქვს ფიზიოლოგიური ყრდნობის უბნები, რომელშიც უნდა ეყრდნობოდეს ადამიანი, თუ ეს ფიზიოლოგიური ყრდნობის უბნები არ იტვირთება, იტვირთება სხვა მიდამო, მაგალითად, წინა ტერფის ცენტრალური ნაწილი. როდესაც ფიზიოლოგიურ უბნებზე დატვირთვა არ ხდება, ასეთ დროს, ძალიან მალე იღლება სპორტსმენი და ასეთ დროს, კორექციისთვის საჭიროა სუპინატორი, რომ სწორი მიმართულებით მოხდეს ქუსლიდან წინა ტერფზე გადაგორება. წინა ტერფის ცენტრალური ნაწილი ძალიან ხშირად ეტვირთებათ ფეხბურთელებს და მორბენლებს. ფეხბურთელის და მორბენალის ტერფი ანაბეჭდზე ისეთი დამახასიათებელია, რომ შეიძლება, არც იცოდე, რომ ადამიანი ამ აღნიშნული სპორტით არის დაკავებული, მაგრამ მოცემულობიდან გამომდინარე იფიქრო. საერთოდ, ტერფზე ძალიან აისახება ადამიანის ცხოვრების სტილი, სპეციალობა და ბევრი სხვა რამ, რადგან ის ყველაფერზე ძალიან რეაგირებს.

განვამარტოთ, ასეთს რას აკეთებს სუპინატორი, ანუ ღაბაში… მას უჭირავს სიგრძივი და განივი თაღი, ანეიტრალებს დატვირთვას, უზრუნველყოფს მიწიდან წამოსული დატვირთვის კორექციას, კორელაციას აკეთებს სიმძიმის ძალით, ანუ ჩვენი წონით განვითარებული და მიწიდან წამოსული დატვირთვის კორელირებას აკეთებს. აქედან გამომდინარე, ამცირებს ზეწოლას ფიზიოლოგიური ყრდნობის უბნებში და გადააქვს დატვირთვა იქ, სადაც უნდა იყოს. შესაბამისად, იზრდება დატვირთვის ხანგრძლივობა და კილომეტრაჟი, რაც სპორტსმენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ფეხბურთში თითქმის ყველას, აქვს თუ არა პრობლემა, ინდივიდუალური სუპინატორი აცვია. ამერიკის ჯარს უკვე ძალიან დიდი ხანია აცვია სუპინატორები. ასე რომ ვთქვათ, ინდივიდუალური სუპინატორი ჯადოსნურია. სხვათა შორის, არსებობს ერთი რეკლამა, რომელიც მე ძალიან მომწონს და რომელიც ძალიან ნათლად ავლენს სუპინატორის მნიშვნელობას. ფედერერი იხდის ზედას, ბოტასებს, ყველაფერს ამას ისვრის და სუპინატორებს იღებს და იხუტებს.

რატომ ხდება, რომ ქალების ნაწილი საერთოდ ვერ ხმარობს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ნაწილი კი ძალიან კომფორტულად იყენებს მას ყოველდღიურობაში და აღნიშნავს, რომ პირიქით, დაბალძირიან ფეხსაცმელს ვერ იყენებს, რადგან ეს მისთვის დისკომფორტს იწვევს, რაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი, არის თუ არა ეს ყურადღებამისაქცევი პრობლემა და საერთოდაც, პრობლემასთან გვაქვს ამ დროს საქმე თუ უბრალოდ ჩვევასთან?

ქუსლიანი ფეხსაცმელი ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია. 2005-2007 წლებში, რა დროსაც „დრეს კოდი“ ძალიან მკაცრი იყო და ეს იყო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ვიწრო ქვედაბოლო,  დაიდო სტატისტიკა წვივის კუნთების ტკივილის, ტერფის და წელის მალების პრობლემების და შემდეგ, დაისვა საკითხი, თუ საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. დანაშაულის რაღაც წილი ამ „დრეს კოდზეც“ მოვიდა.

თუ ხართ დაკვირვებული, ახლა, ქუსლიან ფეხსაცმელზე ისეთი მოთხოვნა აღარ არის.

საერთოდ, 2-3 სანტიმეტრიანი ქუსლი ძალიან კარგია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ზოგს საერთოდ არ შეუძლია დაბალ ძირიან ფეხსაცმელზე სიარული, 2-3 სანტიმეტრიანი ფეხსაცმელი კი ძალიან კომფორტულად ათავსებს ქუსლს. ტერფის ამორტიზაციის ძირითადი ელემენტი არის ანატომიური ქუსლი და როდესაც ეს ჩვენი ქუსლი კომფორტულად არის მოთავსებული, მაშინ ნაბიჯის შესრულება ძალიან ადვილია და იხსნება დაღლის პრობლემაც. ამიტომ 2-3 სანტიმეტრიანი ქუსლი და ე.წ. „ტანგეტკა“ ძალიან კარგია.

რა ხდება მაშინ, როდესაც ქუსლი 4 სმ-ზე მეტია… ყოველი სანტიმეტრი 4 სანტიმეტრის ზევით, სხეულის წონის ერთ მეოთხედს  წინა ტერფზე გადაიტანს. ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა დატვირთვა მოდის წინა ტერფზე, როცა 6-8 სანტიმეტრიანი ქუსლია. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი ასეთ მაღალ ქუსლზე დგას, ჩვენი ანატომიური ქუსლი, რომელიც ყველაზე მთავარია და რომელმაც უნდა დაიწყოს და დაამთავროს ნაბიჯი, ატყორცნილია სადღაც ზევით და საერთოდ გამორთულია ამ მექანიზმიდან, ისევე, როგორც თაღი, რომელმაც ქუსლიდან წინა ტერფზე გადაგორება უნდა შეასრულოს. შესაბამისად, ადამიანი დადის წინა ტერფით. წინა ტერფს კი ძალიან უჭირს ამხელა დატვირთვასთან გამკლავება. როდესაც ქალბატონი მცირე წონის არის, იქ იმდენად დიდი დატვირთვა არაა, მაგრამ მაგალითად, 70 კილოგრამი და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი უკვე ისეთი დიდი დატვირთვაა წინა ტერფისთვის, რომ იქ მართლა შეიძლება, გარკვეული პრობლემები დაიწყოს.  თუმცაღა, ხშირად ეს ტერფი, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე მოსიარულე მოდელებსაც აწუხებთ, მაგრამ იქ კიდევ სხვა სიტუაციაა. როდესაც წონა დიდია და კიდევ მაღალ ქუსლზე დადის ადამიანი, ეს წინა ტერფი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ამიტომ არის ე.წ. პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში პოდაგრის სახელით არის ცნობილი. პოდაგრა ძალიან სერიოზული, სისტემური დაავადებაა და ის ერთ-ერთი  ელემენტია, როდესაც გამოწვეულია პირველი თითის მიდამოს ტკივილები. პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია ძალიან ხშირია და გარკვეული სტატისტიკით, ყოველ მეშვიდე ქალს აქვს. ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს, ეს არის: მყესის რიგიდულობა, გენეტიკური ფაქტორი, წინა ტერფზე ზეწოლა. წინა ტერფზე ზეწოლის პროვოცირებას კი, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ახდენს, რადგან ამ დროს ტერფს სხვა გზა არ აქვს.

ახსენეთ ადამიანები, რომელთაც საერთოდ არ შეუძლიათ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა და ამის მიზეზი, ალბათ, უფრო კომფორტის მოყვარულობაა, რადგან ზოგიერთ ადამიანს დისკომფორტში ხანგრძლივად ყოფნა არ შეუძლია.

ქულიან ფეხსაცმელთან დაკავშირებული რეკომენდაცია ასეთია… რა თქმა უნდა, ვისაც ის უყვარს, მოსწონს, მან უნდა იხმაროს და უნდა ჩაიცვას, მაგრამ სასურველია, რომ ეს მთელი დღის განმავლობაში არ იყოს. ეს უნდა იყოს 2-3, მაქსიმუმ 4 საათი. მოზარდები, რაც უფრო მოზრდილ ასაკში და იშვიათად გამოიყენებენ, უკეთესია.

რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომელთაც უძირო ფეხსაცმლით სიარული არ შეუძლიათ, მათთან ტერფის პრობლემაა. სულ უძიროდ სიარული არც უნდა შეგეძლოს, რადგან ამ დროს ძალიან იჭიმება აქილევსის მყესი, რომელიც ასევე მონაწილეობს ნაბიჯის განხორციელებაში. აქილევსის მყესი ერთი ბოლოთი ქუსლის ძვალთან არის მიმაგრებული და მეორე ბოლოთი წვივის კუნთების უკანა ორ ტყუპ კუნთზე. ეს წვივის კუნთები, რა საკვირველია, ნაბიჯის შესრულებაში გარკვეულ როლს თამაშობს, ამიტომ ის გარკვეულ დისკომფორტშია, როდესაც სულ უძიროა ფეხსაცმელი და უჭირს, რადგან არის დაჭიმული. როდესაც ქუსლიანზე დგას, პირიქით, შეკუმშულია ეს აქილევსის მყესი და ამ შემთხვევაში, იმიტომ ვერ იღებს მონაწილეობას სიარულში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ტერფის ანატომია ძალიან რთულია, მე უკვე აღვნიშნე, რომ უამრავი ძვალი, მყესი, კუნთი და პოზიცია აქვს მას. მისი რთული აგებულების გამო, მას როგორც ანატომიურ ერთეულს კი არა, როგორც ფუნქციონალურ ერთეულს ისე განიხილავენ. ტერფის ერთი ძვალიც, რომ დაზიანდეს, ამაზე მთელი ტერფი აგებს პასუხს და მთელი ტერფი დისკომფორტში ვარდება, ეს ძვლები იმდენად ურთიერთდამოკიდებულია. შესაბამისად, ის ძალიან მოსაფრთხილებელია და ფეხსაცმელი ჩვენი გარდერობის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტია, რადგან მასზე ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი სიარულის სტილი, განწყობა და რაც მთავარია, ტერფის უსაფრთხოება. ტერფი ისეთ ფეხსაცმელში უნდა იყოს მოთავსებული, რომ დაცული იყოს. ასეთი ფეხსაცმელია 2-3 სანტიმეტრიანი განიერი ქუსლით, განიერი ცხვირით, უფრო თასმებზე მორგებული ფეხსაცმელი, ან წინა ტერფი, რომ ცოტა დაბალია და შემდეგ, რომ ფართოვდება. ასეთი ფეხსაცმელი იდეალურია ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელსაც პრობლემა არ აღენიშნება, ხოლო ვისაც პრობლემა აქვს, მისთვის სპორტული ტიპის ფეხსაცმელია რეკომენდებული. სწორედ ამიტომ შემორჩა მოდაში ამდენი წელი სპორტული ფეხსაცმელი.