LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიახლეებს გეგმავს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მიმდინარე წელს – სახალხო პლატფორმა

231
დავით-ფაჩულია

რა სიახლეებს გეგმავს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მიმდინარე წელს – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ ისაუბრა.

რა მიმართულებები შედის შპს თბილსერვის ჯგუფი კომპეტენციაში?

მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების, სკვერების, მუნიციპალური და სახელმწიფო ტერიტორიების დასუფთავება, გარე გნათების ქსელის მოწყობა და მოვლა-პატრონობა, სანიაღვრე სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა, საგზაო მონიშვნები ანუ გზების დახაზვის სამუშაოები ნაწილობრივ. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მართლაც თავდაუზოგავად, 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან ქალაქს სხვადასხვა მიმართულებით.

გარკვეულ უბნებზე პერიოდულად არის დასუფთავების, კონტეინერების გადავსების კუთხით პრობლემები. რა არის ამის მიზეზი?

თბილისში უმეტესი ლოკაციებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა 3-ჯერ ხდება. არის მისამართები, ძირითადად, ტურისტული ზონები, საიდანაც ნარჩენის გატანა 4-5-ჯერ ხდება. ზოგიერთ ლოკაციაზე კონტეინერები 2-ჯერ იცლება. დიახ, სამწუხაროდ, ნარჩენების კანონიერად განთავსების არსებული წესი ხშირად ირღვევა კერძო კომპანიების მხრიდან, ასევე, გარკვეულწილად მოქალაქეების მხრიდანაც. ზოგადად, საგრძნობლად მომატებულია ქალაქში ნარჩენების რაოდენობა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ, 24 საათის განმავლობაში დროულად მოხდეს გატანა და დასუფთავება. მაგალითად, ურნების გადავსებას სამშენებლო ნარჩენის განთავსებაც იწვევს, რაც ასევე აზიანებს სპეცტექნიკას, ნაგავმზიდებს. შეფუთვის/მუყაოს ნარჩენი, რაც საკმაოდ მოცულობითია, დაკეცილ მდგომარეობაში უნდა მოთავსდეს კონტეინერებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ესეც იწვევს ურნების გადავსებას. ზოგიერთი ლოკაციიდან ოპტიმიზაციის ფარგლებში მოგვიწია ურნების აღება, საიდანაც ნაგავმზიდებს უჭირდათ გადაადგილება და დროულად ნარჩენის გატანა, ასევე, მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე ავიღეთ გარკვეული მისამართებიდან კონტეინერები, რადგან კატეგორიული მოთხოვნა იყო მოქალაქეების მხრიდან. და ასეთ ადგილებში ასფალტზე ტოვებენ ნარჩენს. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, ნუ დავაბინძურებთ ჩვენს დედაქალაქს, ნარჩენი განვათავსოთ მიმდებარედ არსებულ ურნებში და ნუ დავტოვებთ გზაზე. საიდანაც ავიღეთ კონტეინერები, აუცილებლად დგას სხვა ურნები 30-40 მეტრში, ახლო პერიმეტრზე.

აც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, ძველ ავეჯ, ძველ ტექნიკა, სად უნდა განათავსოს ადამიანმა კანონიერად?

დიახ, კომპანიებმა და მოქალაქეებმა სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი და ნივთები არ უნდა განათავსონ ქუჩებში და კონტეინერებთან, ეს აკრძალული და დაუშვებელია. ასეთი ფაქტების იდენტიფიცირებას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ახდენს და კანონის შესაბამისად აჯარიმებს სამართალდამრღვევ პირებს. ჯარიმების ოდენობა საკმაოდ დიდია. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ჩვენი სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეღავათიან ფასში შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება. ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია “თბილსერვის ჯგუფის” ცხელ ხაზზე – 2 61 90 50. ასე, რომ ვისარგებლოთ ამ სერვისით და ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს.

ვაკის პარკში ახალი ტიპის პოლიეთილენის პარკის ურნების დადგმას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. რისთვის გაკეთდა და რა დადებითი მხარე აქვს ერთჯერად ურნებს?

ზოგადად, დამეთანხმებით, სიახლეების მიღება ქართველების ძლიერი მხარე არ არის, შესაბამისად, არც გაგვიკვირდა აზრთა სხვადასხვაობა ამ თემაზე. საცდელად გვქონდა რამდენიმე ხნის წინ მსგავსი ურნები და კარგად იმუშავა, შესაბამისად, უკვე დავიწყეთ გამოყენება. ამ ეტაპზე 100 ერთეული განვათავსეთ. ბევრად სუფთაა, არ სჭირდება რეცხვა, თანამედროვეა, ყოველდღიურად იცვლება პოლიეთილენის პარკები, ადვილად მოსავლელია, ზედა მხარეს საფერფლეებიც განთავსდა. საკიდი რგოლი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, სადაც მოთავსებულია ეს ერთჯერადი პარკი, რომელიც ისეთი ხსნარით არის გაჟღენთილი, რომ ცხოველი არ ეკარება, შესაბამისად არც ზიანდება. დრო რომ გავა, დარწმუნებული ვარ, პრაქტიკაში მოქალაქეებს უფრო და უფრო მოეწონებათ.

მიმდინარე წელს რა მნიშვნელოვანი სიახლეები გაქვთ დაგეგმილი?

დიახ, ნარჩენების მართვის ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით 2024-ში და მომდევნო 2-3 წელში უმნიშვნელოვანესი პროექტები გვაქვს დაგეგმილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით. აღსანიშნავია მუნიციპალიტეტის, „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლების პროცესი, რაც აგრეთვე ხელს უწყობს არსებული გამოწვევების დაძლევას. 2023 წელს 26 ერთეული ახალი სპეცმანქანა შეემატა ავტოპარკს, კიდევ 63 ერთეული 2024 წელს ეტაპობრივად შემოვა. ასევე, ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება. შესაბამისი ხელშეკრულება „თბილსერვის ჯგუფსა“ და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. ერთი წლის განმავლობაში კონტრაქტორმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პროექტირება და შემდეგ მშენებლობა. პროექტის მიზანია დედაქალაქს ჰქონდეს გარემოსთვის უსაფრთხო, მოდერნიზებული და ლოგისტიკურად უფრო გამტარი გადამტვირთავი სადგური. მოეწყობა ცილინდრული ტიპის დანადგარები საპრესი მოწყობილობით, რაც საგრძნობლად დააჩქარებს ნარჩენების გადატვირთვის პროცესს და შეამცირებს სუნს. ასევე, მოეწყობა მოდერნიზებული სამრეცხაო, სპეცტექნიკისთვის განკუთვნილი პარკინგი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.