პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში “პრაიდთან” დაკავშირებული მოვლენების შესახებ გიორგი გახარიას შეფასებას გამოეხმაურა.
„ძალადობა რომ ძალადობას შობს, დაგიდასტურებთ, მაგრამ რა შობს ასეთ შუბლზე ძარღვგაწყვეტილობას, ვერ ვხსნი“, – აცხადებს ვოლსკი.
ვოლსკის თქმით, გახარიას განცხადება მიუღებელია და პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითია.
უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, ეს უუნარობის გამოხატულება იყო - გახარია ბოლო დღეების მოვლენებზე
„სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, ვერც მოქალაქეებს“,- აცხადებს ყოფილი პრემიერი.
“ძალადობა არ არის ის თემა, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს, მათ შორის არ ახასიათებდა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის დროსაც. მას მერე არ შეცვლილა სახელმწიფოში მიდგომა და თუ მის პოლიტიკას ასეთი განცხადებების კეთება სჭირდება, რასაკვირველია, მხოლოდ ამაზე შეიძლება გვქონდეს კომენტარი.
ის, რაც მისი განცხადების შინაარსში დევს, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითი, რომელზეც შეიძლება, მომავალ თაობებს ასწავლო, როგორ არ უნდა მოიქცე, როდესაც პოლიტიკურ პოზიციას იცვლი. მისი განცხადებები არათუ ბრძნულია, არამედ მიუღებელია, არაეთიკურია და არასწორია, ვინაიდან არ აქვს საფუძველი. მიზეზი იმისა, რომ ასე ისაუბროს, მხოლოდ შეიძლება იყოს პოლიტიკური სპეკულაცია და თავის წარმოჩენის სურვილი ”,- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი, გიორგი გახარია “პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის, რაც ვნახეთ, „წარმოუდგენელი იყო“ და სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.