LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვები უნდა დაუწესდეს ონლაინ კაზინოებს?

64

ონლაინ თამაშებზე, შესაძლოა, გარკვეული რეგულაციები დაწესდეს. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია”, რომელიც პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსმა, ზურაბ კუკულაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა, მათი ინიციატივის მიხედვით, პირველ რიგში, ონლაინკაზინოში დარეგისტრირების წესი უნდა გამკაცრდეს.

”დღეის მდგომარეობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, გაყალბებული მონაცემებით, უპრობლემოდ დარეგისტრირდეს ონლაინკაზინოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს და 100%-ით შესაძლებელი გახდეს პირის იდენტიფიცირება. ეს მიმართულია, ერთი მხრივ,  იქით, რომ არასრულწლოვნებმა ვეღარ შეძლონ თამაში და, მეორე მხრივ, აღმოიფხვრას ფულის გათეთრების საფრთხეები”- განაცხადა ზურაბ კუკულაძემ

”აფბას” ანალიტიკოსის აზრით, დღეს არსებული რეგულაციით, სახელმწიფომ არ იცის ვინ არის მოთამაშე და ვერ აკონტროლებს ფულად ტრანზაქციებს, რაც ფულის გათეთრების რისკს ზრდის. კუკულაძე საჭიროდ მიიჩნევს ასევე, რეგისტრაციის პროცესში, მოთამაშის სოციალური სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობას.

”მოთამაშის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს შესწავლილი და ამის მიხედვით გადაწყდეს, მიეცემა თუ არა მას თამაშის საშუალება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ წაგების ლიმიტი, შემოსავლების მიხედვით, უნდა განისაზღვროს და თუ, მაგალითად, მოთამაშეს არ აქვს დადასტურებული შემოსავალი, მხოლოდ მინიმალური თანხით უნდა ჰქონდეს თამაშის უფლება” – განაცხადა ზურაბ კუკულაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ონლაინკაზინოების რეკლამაზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივითაც გამოდის. კუკულაძის თქმით, რეკლამის გავრცელება უნდა შეიზღუდოს არასრულწლოვნებზე და სამიზნე აუდიტორია ზუსტად უნდა შეირჩეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები