საქართველოში შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ეტაპი იწყება. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად განისაზვრა ის ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც ქვეყანაში 8 ივნისიდან დაიშვება, თუმცა კვლავ რჩება სავალდებულო ხასიათის შესასრულებელი მოთხოვნები.
ეკონომიკური საქმიანობა – შეზღუდვები, რომლებიც იხსნება:
- დასაშვები ხდება რესტორნების, ბარებისა და კაფეების დახურული სივრცის გახსნა;
- დასაშვები ხდება სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა: 1. მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით; 2. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.
- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლებენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები.
შეზღუდვები, რომლებიც რჩება:
- აკრძალულია სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ჩატარება და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები.
- აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
მიმოსვლა – შეზღუდვები, რომლებიც იხსნება:
- 8 ივნისიდან შესაძლებელი ხდება მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა.
შეზღუდვები, რომლებიც რჩება:
- აკრძალულია ტაქსით სამ პირზე მეტის გადაყვანა (მათ შორის ერთი მძღოლია). მგზავრები ამ შემთხვევაში კვლავ უკანა სავარძელზე უნდა ისხდნენ და ყველას პირბადე უნდა ეკეთოს;
- კვლავ აკრძალულია რკინიგზისა და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა ქალაქებს შორის (თუმცა შიდაფრენები მალევე, 15 ივნისიდან დასაშვები ხდება);
- აკრძალულია 10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხების გადახდა;
- დახურულ სივრცეში ყველა პირი ვალდებულია ატაროს პირბადე.
- მხოლოდ სამედიცინო ნიღაბით არის დასაშვები მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ფოტოამბავი: როგორია ტრანსპორტის ამუშავების პირველი დღე
რაც შეეხება სხვა სფეროებს:
- კვლავ აკრძალულია ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება.
- სკოლებსა და უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესი დასაშვებია დისტანციურად.
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება შეუძლიათ უსაფრთხოების წესების დაცვით;
- ასევე, დისტანციურად უნდა ჩატარდეს ტრენინგები, კონფერენციები და სემინარები.
რა შეზღუდვები მოიხსნა:
- 29 მაისიდან – მუშაობა გაანახლა ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, მათ შორის, მეტრომ (აუცილებელია პირბადის ტარება მგზავრობისას);
- 1 ივნისიდან — გაიხსნა ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, სავაჭრო მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და მხოლოდ ღია სივრცის მქონე რესტორნები (პერსონალი ვალდებული იქნება ატაროს ნიღბები, სტუმრებმა ერთმანეთისგან უნდა დაიცვან დისტანცია);
- 4 ივნისიდან – თეთრიწყაროში მოიხსნა საკარანტინე რეჟიმი.
ქვეყანაში სისტემური შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ინდივიდუალურად წესების დაცვა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს პირბადის გამოყენებისკენ მუდმივად მოუწოდებენ.
მოწოდების გაუთვალისწინებლობა რეგულაციის მიღმა არ დარჩება. გუშინ, 4 ივნისს გახდა ცნობილი, რომ დახურულ სივრცეში – აგრეთვე ავტობუსებსა და ტაქსებში – პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირები 50 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურდიული პირები – 10 000 ლარით.
გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსი ჯერ დამარცხებული არ არის. მეტიც, ჯანდაცვის უწყება მეორე ტალღის შესაძლო გავრცელებაზეც საუბრობს.
იქნება თუ არა მეორე ტალღა, ან როდის – მინისტრის მოადგილის პროგნოზი
5 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 6.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 805 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 650 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304 ადამიანი.