რა შემთხვევაში უნდა მიაკითხოს პაციენტმა ფსიქოთერაპევტს – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ გეშტალტ-ფსიქოთერაპევტმა ანუკა პაპიძემ ისაუბრა.
რამდენად მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობა და როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი სპეციალისტი გვჭირდება?
თანამედროვე ცხოვრების დინამიკამ შექმნა საჭიროება იმის შესახებ, რომ ადამიანმა მეტად იზრუნოს თავის მენტალურ ჯანმრთელობასა და სულიერ ეკოლოგიაზე. რა თქმა უნდა გარემო ამისთვის სხვადასხვა გზებს გვთავაზობს, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი საჭიროებებისთვის სწორად შერჩეულ სპეციალისტებს მივმართოთ.
როგორც წესი, მენტალური პრობლემების დროს ადამიანი სამ სპეციალისტს აკითხავს, ესენი არიან ნევროლოგი, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ან ფსიქოთერაპევტი. ხშირად ეს მეგობრის, ახლობელს ან სანაცნობო წრის რჩევით ხდება, რაც ხშირადვე შეუსაბამოა და ჩვენგან დამატებითი რესურსების ხარჯვას მოითხოვს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას წარმოადგენენ ნევროლოგი, ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი და რა სახის დახმარების გაწევა შეუძლიათ მათ ჩვენთვის.
ნევროლოგი ეს არის ექიმი, რომელიც იკვლევს ნერვული სისტემის სტრუქტურასა და ფუნქციას, ის მხარდამჭერია ნერვული სისტემის ისეთ დარღვევებზე, რომლებსაც ბიოლოგიური საფუძვლები გააჩნიათ. მაგალითად, ალცჰაიმერი,პარკინსონი,ინსულტი და ა.შ.
ფსიქიატრი არის ექიმი, რომელიც იკვლევს ადამიანის ფსიქიკაში არსებულ პროცესებს და აშლილობებს, სწავლობს მათ გამომწვევ მიზეზებს, ახდენს დიაგნოსტიკას და ნიშნავს შესაბამის მედიკამენტოზურ მკურნალობას, რაც პაციენტს ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მართვაში.
ფსიქოთერაპევტი არის სპეციალისტი, რომელიც ადამიანს მხარს უჭერს მასში არსებული ეგზისტენციალური და მენტალური პრობლემების გაცნობიერებასა და გადალახვაში,გარემოსთან ადაპტირებაში,საკუთარ თავთან ინტეგრირებაში და მრავალ სხვა პროცესში. ფსიქოთერაპევტი არ არის აუცილებელი ფლობდეს სამედიცინო განათლებას, შესაბამისად ის არ ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას. ზოგადად ფსიქოთერაპია არის დისციპლინა,რომელიც გარკვეული შემთხვევების გარდა, მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე,ადამიანს ეხმარება საკუთარ თავში აღმოაჩენინოს რესურსები, რითაც ის შეძლებს გაუმკლავდეს ამა თუ იმ პრობლემას.
ფსიქოთერაპევტი უნდა ფლობდეს გარკვეულ ფსიქოლოგიურ განათლებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპევტად ფორმირებაში, გავლილი უნდა ჰქონდეს სტანდარტზე და განათლება, რაც მოიცავს მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ ცოდნას ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მოდალობაში, ეს იქნება გეშტალტთერაპია, ფსიქოანალიზი, პოზიტიური ფსიქოთერაპია, კოგნიტურ ბიჰევიორისტული თერაპია თუ სხვ. ასევე არსებობს წყვილთა თერაპია და ოჯახური, თუ ჯგუფური ფსიქოთერაპია.
რა უნდა ვიცოდეთ როცა ფსიქოთერაპევტს ვირჩევთ?
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მცირე განმარტებისა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მუშაობს თუ არა ფსიქოთერაპევტი შესაბამისი ლიცენზიით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას ,რომ სპეციალისტი მუშაობს საკუთარ თავზე, გადის პირად ინტენსიურ ფსიქოთერაპიას და მუშაობს სუპერვიზიით. რას ნიშნავს ეს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. სუპერვაიზორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ფსიქოთერაპევტის საქმიანობას, დღეში რამდენ კლიენტთან მუშაობს ის, როგორია მუშაობის დინამიკა, რა სირთულეებს აწყდება ამა თუ იმ კლიენტთან, როგორ უმკლავდება ამ პრობლემებს და ა.შ. ფსიქოთერაპიის სუპერვიზირების ქვეშ წარმართვა აუცილებელია, რომ პროცესი წარიმართოს სწორად ნაკლები შეცდომების და რესურსული დანახარჯებით.
საქართველოში დღესდღეობით ათეულობით ლიცენზირებული თერაპევტი მუშაობს სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მოდალობაში. რომელს აირჩევს ადამიანი, ეს უკვე გემოვნების საკითხია.
რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ თერაპევტს და კლიენტს თერაპიული ველის შექმნაში?
როცა ადამიანი საკუთარი პრობლემის მოგვარების გზად ირჩევს ფსიქოთერაპიას, უნდა გააცნობიეროს , რომ პასუხისმგებლობა მის მენტალურ ჯანმრთელობასა და სულიერ ეკოლოგიაზე მხოლოდ ფსიქოთერაპევტს არ ეკისრება. ამ პროცესში ფსიქოთერაპევტი და კლიენტი ერთად ქმნიან თერაპიულ ველს, რომელზეც ორივე ხდება პასუხისმგებელი, ანუ ორივეს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ველში, რაც გულისხმობს უპირველეს ყოვლისა მათი ფუნქციის განსაზღვრას. დასაწყისში, აუცილებელია თერაპევტი და კლიენტი შეთანხმდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ეთიკური ნორმების გათვალისწინება, კონფიდენციალურობის დაცვა, დაგვიანების, გაცდენის, გადახდის საკითხები, რაც მხოლოდ ტექნიკურ მხარეს არ წარმოადგენს, არამედ თერაპიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რითაც კარგად ჩანს, რამდენად სერიოზულად უდგება ადამიანი საკუთარ ცხოვრებას, მენტალურ მდგომარეობას და თავად თერაპიულ პროცესს.სასურველია თავიდანვე იქნას არჩეული კონკრეტულ დღე და საათი,რაც კლიენტს დაეხმარება საკუთარი პასუხისმგებლობის და თერაპიული სესიის მნიშვნელობის გააზრებაში.ასევე მნიშვნელოვანია სესიის ხანგრძლივობა,რაც 50-60-ით განსაზღვრება.
სად უნდა შევხვდეთ ფსიქოთერაპევტს?
ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია ფსიქოთერაპიული პროცესის სპეციალურად მოწყობილ კაბინეტში წარმართვა, სადაც თერაპევტს და კლიენტს აქვთ თავისი განსაზღვრული ადგილები. კაბინეტი შეიძლება იყოს მოწყობილი თერაპევტის საცხოვრებელ სახლში, სამედიცინო დაწესებულებაში, სპეციალურ ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრში და ა.შ. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კლიენტი თერაპიულ კაბინეტში თავს უნდა გრძნობდეს კომფორტულად, უსაფრთხოდ და დაცულად.
ფსიქოთერაპია ეს არის ხანგრძლივი,ინტენსიური პროცესი და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის საჭიროებაზე, პრობლემის ინტენსივობაზე, ადამიანის გაცნობიერების ხარისხზე და ა.შ. რა თქმა უნდა ხანგრძლივობა განისაზღვრება პროცესშივე და თერაპევტის დახმარებით.ფსიქოთერაპია უფრო მეტად ორიენტირებულია პროცესზე და არა შედეგზე. რადგან პროცესში ძალიან ბევრი გაუცნობიერებელი კატეგორია იჩენს თავს,ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია აქ და ამჟამად ყოფნა. თერაპიულ პროცესში ყოფნა სესიის დასრულების შემდეგაც გრძელდება, ამიტომაც საჭიროა სესიიდან სესიამდე ავიღოთ დრო, რამდენიმე დღე, ერთი კვირა და ა.შ. თუ პროცესი სწორად გაცნობიერებებით მიმდინარეობს, რასაკვირველია აუცილებლად დადგება სასურველი შედეგი.
რას გულისხმობს ფსიქოთერაპიული ეთიკა?
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გულისხმობს ფსიქოთერაპევტსა და კლიენტს შორის საზღვრების მნიშვნელობას, რომ თერაპიულ ველში ორივე,განსაკუთრებით კლიენტი იყოს დაცული. პირველ რიგში ეს ეხება კონფინდენციალურობის საკითხს.ყველა ინფორმაცია, კლიენტის სახელი და გვარი,სხვა მაიდენთიფიცირებელი მახასიათებლები უნდა იყოს დაცული თერაპევტის მიერ. ერთი და იგივე თერაპევტი ვერ იმუშავებს ოჯახის წევრებთან,მაგალითად ცოლთან და ქმართან, დედასთან და შვილთან,დასთან და ძმასთან,გამონაკლისი არის წყვილების თერაპია, სადაც წყვილი ერთად გადის თერაპიულ პროცესს. ადამიანი ვერ იქნება საკუთარი ოჯახის წევრის,მეგობრის,მეზობლის, კოლეგის თერაპევტი,რათა არ მოხდეს ველების არევა და არ გაუფასურდეს თერაპიული პროცესი. თერაპევტი ვერ იმეგობრებს კლიენტთან, ვერ ექნება სხვა სახის ურთიერთობა თერაპიული კაბინეტის მიღმა,გარდა იშვიათი გამონაკლისისა,რასაც თერაპევტი თავად ან სუპერვაიზორთან კონსულტაციით განსაზღვრავს.თერაპიის დასრულებიდან ორი წელი მაინც უნდა გავიდეს და თერაპევტიც და კლიენტიც უნდა დარწმუნდნენ რომ თერაპიული საჭიროება არ არსებობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება დასაშვები მეგობრობა,პარტნიორობა ან სხვა სახის ურთიერთობის წამოწყება.
ეს ყველაფერი მცირე ნაწილია იმ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროცესისა,რასაც ფსიქოთერაპია გულისხმობს.