LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში შეძლებს სააკაშვილი თავისუფალ გარემოში მკურნალობას – რა პრაქტიკა აქვს საქართველოს

467
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბრიდან მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადის.

50 დღიანი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სხვადასხვა პროფილის ექიმები ზრუნავენ.

ისინი ამბობენ, რომ ყველაზე მეტად შიმშილობის შემდგომ 3 დღის ეშინოდათ. ამ დროისთვის, მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიიჩნევს, რომ  ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმების გუნდში ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ჩართვა აუცილებელია.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია,  რომ სააკაშვილმა მკურნალობის კურსი თავისუფალ გარემოში გაიაროს.

სააკაშვილის უკრაინელი პარტნიორი, რადას წევრი, ლიზა იასკო ამბობს, რომ ის გლდანის ციხეში უფრო მხნედ და ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ვიდრე ახლა გორის ჰოსპიტალში. 

მისი თქმით აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლებაზე იმკურნალოს.

იმავეს ამბობს სააკაშვილის დედა გიული ალასანია. 

 

 

მკურნალობა გისოსებს მიღმა

 

რამდენად არის შესაძლებელი სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულების მიღმა, თავისუფალ გარემოში მკურნალობა, არის თუ არა მსგავსი პრაქტიკა საქართველოში?

შესაძლოა თუ არა გადავადდეს სასჯელი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო?

როგორც გავარკვიეთ,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების პრაქტიკა განსხვავებულია.

„ფორტუნას“ საიას ადვოკატმა ბექა თაკალანძემ განუცხადა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, განაჩენის გადავადება სასამართლოს პრეროგატივაა.

ამ გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება იყოს მსჯავრდებულის „მძიმე ავადმყოფობა“, რაც „ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე“.

ამასთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უნდა იყოს.

სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვს მსჯავრდებულს, მის ადვოკატს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის  გენერალურ დირექტორსაც.

ადვოკატის განმარტებით, პერიოდი, რომელიც პატიმარს რეაბილიტაციისთვის დასჭირდება, ჯამში, მისი პატიმრობის ვადას არ აკლდება.

 

„ფორტუნასთან“ საკუთარ პრაქტიკაში არსებულ გამოცდილებაზე საუბრობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და ამბობს, რომ საქართველოში, ჯანმრთელობის გამო, არამხოლოდ გადავადებული სასჯელი, არამედ სასჯელისგან სრულად გათავისუფლების მაგალითებიც არსებობს:

„თუ პაციენტს აღმოაჩნდება დაავადება, შესაძლოა მოხდეს სასჯელის გადავადება.

სასჯელის გადავადება როცა ხდება, ის ადამიანი, რა თქმა უნდა, თავისუფლებაზე გამოდის და როდესაც ის გამოჯანმრთელდება, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აბრუნებენ. ამავდროულად არის მთელი რიგი დაავადების ჩამონათვალი, რომელიც საერთოდ სასჯელისგან ათავისუფლებს ადამიანს. თუმცა, ამაზე სასამართლომ უნდა იმჯელოს.

ბევრი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის გადავადებაც მომხდარა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობიდან გათავისუფლებულა კიდეც რაიმე დაავადების გამო“.- აცხადებს რამიშვილი „ფორტუნასთან“.

 

აუცილებელი თუ სასურველი ?!

 

ცენტრის „ემპათია“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, „ფორტუნასთან“ საუბრისას განმარტავს, რამდენად უმჯობესია, სააკაშვილმა რეაბილიტაციის კურსი თავისუფლებაზე გაიაროს და დასძენს, რომ “სამედიცინო თვალსაზრისით ეს ყველაზე კარგი გამოსავალია – იურიდიულ ჭრილში კი სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ”.

„სამედიცინო თვალსაზრისით თავისუფალ გარემოში მკურნალობა გაცილებით უფრო ადეკვატურია. პაციენტს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ აირჩიოს მკურნალი ექიმი და ექიმებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ შეზღუდვების გარეშე განახორციელონ პაციენტთან ვიზიტი და დააწესონ მონიტორინგი. 

ასე რომ, სამედიცინო თვალსაზრისით ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. იურიდიული თვალსაზრისით კი ალბათ, ადვოკატებმა უნდა იმსჯელონ, როგორ შეიძლება მოხერხდეს ეს.

ვინაიდან, ის არის წამების მსხვერპლი  და ვინაიდან, ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ და სავარაუდოდ, ვისი ხელშეწყობითაც მიმდინარეობდა მისი წამება, კვლავ თანამდებობებზე რჩებიან, ჩემი მოსაზრებით, გორის ჰოსპიტალში მისთვის უსაფრთხო გარემო არ არის.

მე არ ვამბობ, რომ გორის ჰოსპიტალში მას სათანადოდ ვერ უმკურნალებენ. უბრალოდ უკეთესია, როდესაც მას არ აქვს შეზღუდვა აირჩიოს მისი მურნალი ექიმი და არ ექიმებსაც არ აქვთ პრობლემა, რომ პაციენტთან ვიზიტი განახორციელონ.

გორის ჰოსპიტალში  არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ხელს შეუშლის რეაბილიტაციას.

კითხვაზე, რამდენად აპრობირებული მეთოდია მსგავსი რეაბილიტაციის დროს, რომ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ჩაერთონ პაციენტის რეაბილიტაციაში, ჯიშკარიანი პასუხობს:

„ზოგადად ჯანმრთელობის რეაბილიტაცია ფსიქოლოგიური ჩარევის გარეშე არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ამის კულტურა ნაკლებად არის. საერთაშორისო სტანდარტებით ეს ასეა. ჩვენ  გავეცით დასკვნა,  როგორ უნდა მოხდეს როგორც რეფინფდინგი, ასევე ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ვინაიდან ადამიანი როგორც მინიმუმ ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია. 

სამწუხაროდ, ეს კულტურა არ არსებობს საქართველოში და გორის  ჰოსპიტალში ეს ვერ მოხერხდება.

როგორც ნავალნის საქმეში, ამ შემთხვევაშიც ევროპულმა სასამართომ უნდა თქვას (და ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება), რომ  გათავისუფლებული იქნას“. – განაცხადა ჯიშკარიანმა „ფორტუნასთან“.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ მიმდინარე წლის 16 თებერვალს განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, „მიუთითოს რუსეთის მთავრობას“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან ალექსეი ნავალნი.

სასამართლო განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილება, მოეთხოვა ნავალნის გათავისუფლება, იმ საფრთხით იყო განპირობებული, რაც შესაძლოა მის სიცოცხლეს ემუქრებოდეს.

სტრასბურგის მოთხოვნა უკანონოდ და უსაფუძვლოდ მიიჩნია რუსულმა  მხარემ და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.