LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში გაძვირდება ელექტროენერგია და გაზი?

116

საქართველო იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასურს დოლარში იხდის. შესაბამისად მისი ფასი ლარის კურსთანაა მიბმული.

ლარი დოლართან მიმართებაში პერმანენტულად უფასურდება, თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გაძვირება არ იგეგმება.

”ამ ეტაპზე არსებული დოლარის კურსი, რასაც ანალიზი უკეთდება, შემოტანილი დოკუმენტაციის საფუძველზე არ იძლევა იმის პროგნოზის საშუალებას, რომ ელექტროენერგია გაძვირდეს”, – ასეთია სემეკის ოფიციალური პოზიცია.

რის საფუძველზე ნარჩუნდება იგივე ტარიფი და რა შემთხვევაში გაძვირდება კომუნალური გადასახადები, ამასთან დაკავშირებით ”ფორტუნას” სემეკის წევრი გოჩა შონია ესაუბრა.

მისი თქმით, ენერგოკომპანიები ელექტროენერგიას 2.40 კურსით ყიდულობენ. ამის გამო, ჯერ-ჯერობით ფინანსური დეფიციტი არ ფიქსირდება.

გოჩა შონიას განცხადებით, ფასობრივი მონაცემების შედარებისას თუ ანალიზი გვიჩვენებს, რომ დეფიციტი ძალიან დიდია, მაშინ ტარიფების კორექტირება მოხდება.

კურსი ყველა კომპანიის ტარიფში ერთი და იგივეა გათვალისწინებული – საშუალო წლიური  2.40 ლარი. “როცა თბოელექტროსადგურებს ვუდგენდით ტარიფს ეს კურსი ავიღეთ. შესაბამისად, კომპანიები ელექტროენერგიას ყიდულობენ სწორედ იმ ფასად, რა ფასიც ჩვენ მათ შარშან დავუდგინეთ. რაც შეეხება ტარიფს, ამას  სჭირდება ანალიზი. კომპანიები ელექტროენერგიას სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურებიდან, თბოელექტროსადგურებიდან ყიდულობენ. შესაბამისად, იქმნება საშუალო შეწონილი ფასი და გამომდინარე აქედან, უნდა შედარდეს წინა წლის ფასობრივ მონაცემებს. თუ ანალიზი გვიჩვენებს, რომ ფინანსური დეფიციტი ძალიან დიდია, მაშინ კომისიის მიერ ხდება ტარიფის გადაანგარიშება და დაკორექტირება. თუ არ არის, ამ შემთხვევაში ტარიფი არ იცვლება”, – განაცხადა გოჩა შონიამ.

ლარი დოლარის მიმართ გუშინაც გაუფასურდა. დღეს  ერთი დოლარის ღირებულება 2,4773 ლარია. რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი 0.0227 პუნქტით გაუფასურდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები