LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში არ შედგება შეთანხმება – ოპოზიციის განცხადებები მოლაპარაკებების დაწყებამდე

103
BeFunky-collage

საქართველოში ევროკავშირის ოფისში შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იმართება.

შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს. მთავარ მოთხოვნად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები რჩება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მისთვის პრინციპულია მოლაპარაკების დოკუმენტში არსებული ექვსივე პუნქტი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებისა და პატიმრების გათავისუფლების საკითხი.

„საუბრებია, რომ რიგგარეშე არჩევნების ან პატიმრების საკითხი ამ დოკუმენტიდან ამოვარდება, პირდაპირ გეუბნებით, ამის 1%-იან შანსსაც არ ვუშვებ. ასე არ დგას საკითხი, ეს არის არასწორი ინფორმაცია, რაც ვრცელდება. ორივე ეს საკითხი აუცილებად იქნება“.- განაცხადა ვაშაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი კი აცხადებს, რომ “თუ  პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდნენ და  ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ წავა ევროპის წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება”.

“ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის უტიფარი განცხადებები ბრიუსელში და ასევე, აქ კობახიძის და თალაკვაძის განცხადებები. მათ განაცხადეს, რომ არც არჩევნები არ იქნება და არც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. თუ ეს აგრესიული რიტორიკა „ოცნებისგან“ გაგრძელდა, ეს ნიშანვს იმას, რომ ევროპისკენ კარს ხურავენ“.  – განაცხადა მინაშვილმა.

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებას ელოდება.

“ის ფაქტი, რომ მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ოპოზიცია და „ქართული ოცნება“, შეიძლება ვარაუდის დონეზე გულისხმობდეს იმას, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება. ეს შეიძლება იყოს ოპტიმიზმის საფუძველი. შეიძლება ეს ამის ნიშანი იყოს. ღარიბაშვილისა და კობახიძის საჯარო განცხადებები არაფერს ნიშნავს, მთავარია რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ამიტომ, აქ რაც მოხდება, ეგ იქნება მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია რა ხდებოდა ბრიუსელში, რაზეც ინფორმაცია არ გვაქვს. არცერთ მხარეს არ აქვს სრული ინფორმაცია, აქვთ მხოლოდ და მხოლოდ მომლაპარაკებლებს. გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმაზე რა შეხვედრა იქნება და რა ფორმატი. ერთადერთი ვიცი, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებიც იქნებიან”.- აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის,  „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის ოფისში, მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით შეხვედრა უკვე ნახევარ საათზე მეტია რაც მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები