LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეეშალა ფაშინიანს და ვინ გადაწყვეტს საბოლოოდ მის ბედს – მამუკა არეშიძე ოფიციალური ერევნის შანსებზე საუბრობს

178
ფაშინიანი ალიევი

მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო ერევანში სიტუაცია სულ უფრო დაძაბული ხდება. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს. ამ მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ერევანში უკვე ბევრჯერ გაიმართა.

თავად ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ არსად წასვლას აპირებს,  ამბობს, რომ მომხდარში დამნაშავეა, მაგრამ იქვე დასძენს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვას.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დროს დაღუპულების პატივისცემის ნიშნად 19 დეკემბერიდან სამდღიან გლოვა გამოცხადდა. გადაწყვეტილება ფაშინიანმა მიიღო.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ვინ დარჩა ყველაზე მოგებული მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენებით, ეს კითხვა „ფორტუნამ“ ექსპერტ მამუკა არეშიძეს  დაუსვა.   

„სომხეთში ძალიან სერიოზული შიდადაპირისპირება მიმდინარეობს. საზოგადოება 2 ნაწილად არის გახლეჩილი. ნაწილი ფაშინიანის გადადგომას ითხოვს, მეორე ნაწილი კი ფაშინიანის მხარდამჭერია.

პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მორალური ძალაუფლების ხელში აღებას შეეცადა. ითხოვს, რომ ახალი მთავრობა მოვიდეს. ითხოვს, რომ საგანგებო სხდომა დაინიშნოს.

საზოგადოებისის ნაწილი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ძველი პოლიტიკური ძალების გავლენისგან თავისუფალი რომ იყოს, მაშინ გასაგები იქნებოდა მათი პოზიცია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ფაშინიანის მიერ დამარცხებული პოლიტიკური ძალები მართავენ საზოგადოების დიდ ნაწილს. ისინიც აბსოლუტურად მიუღებლები არიან და მათი ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ რევანშისტულად არიან განწყობილნი. ეს არის ხალხი, რომლებიც ყარაბაღიდან არიან გამოსული და რომლებიც ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ“- ამბობს ექსპერტი.

არეშიძე განმარტავს, რომ დაპირისპირებული მხარეების ბედის გადაწყვეტა, მოსკოვის ნებაზეა დამოკიდებული.

„ერთის მხრივ რევანშისტული ძალები  და მეორეს მხრივ ფაშინიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

რთული სათქმელია, ეს ყველაფერი რით დამთავრდება. აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული მოსკოვის გადაწყვეტილებაზე.  მათი პოზიცია გადამწყვეტი იქნება ვითარების შემდგომ განვითარებაში. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მოსკოვი ერჩის ფაშინიანს. პირიქით, რამდენიმე პოლიტიკოსისგან გაისმა მოსაზრება, რომ ის პრემიერად უნდა დარჩეს. რუსეთს აწყობს მისი დარჩენა, იმიტომ რომ ის მუდმივად დარტყმის ქვეშ იქნება და მასზე ჯოხის გადატეხვა ყოველთვის იოლი იქნება. რადგან დიასპორისა და მოსახლეობის თვალში სწორედ ფაშინიანია დამნასავე იმ შედეგებში, რაც დაიდო“, – აცხადებს არეშიძე.

აზერბაიჯანში აღნიშნეს ყარაბაღის დაბრუნება. ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტას,  თუმცა გუშინ დაიღუპნენ სამხედროები. რამდენად უნდა ველოდოთ, რომ ალიევი უფრო მეტს არ მოინდომებს და საომარი მოქმედებები შეწყდება… მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ყველაფერი მარტივად ვერ დამთავრდება.

„ვვარაუდობდი, რომ  ყველაფერი მარტივად ვერ დამთავრდებოდა.

რას ეყრდნობდა ჩემი მოსაზრება:

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მხარე გამარჯვებას ზეიმობდა, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მხარემ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. ვიტყოდი, რომ წარმატებას მიაღწიეს, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და რუსეთმა ბუნებრივია. ყველას თავისი ბონუსი შეხვდა.

აზრბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის 1/3. თურქეთმა წარმატებას მიაღწია იმ თვალსაზრისით, რომ სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდა აქტიური შესვენების შემდეგ. (სამხედრო -პოლტიკური თვალსაზრისით). რუსეთმა წარმატებას მიაღწია, იმიტომ რომ აისრულა თავისი ოცნება, რომ სამშვიდობოები დაეყენებინა ყარაბაღში. 1995 წლიდან ამას ფიქრობს.

გარდა ამისა, უკვე კავკასიის სამივე რესპუბლიკაშია მისი სამხდრო-პოლიტიკური წარმომადგენლობა.

მაგრამ გამარჯვება არც ერთი მხარისთვისაა სრულყოფილი: 

  • აზერბაიჯანმა ვერ დაიბრუნა საბოლოო ჯამში ყარაბაღი, იმიტომ რომ 2/3 მაინც მისი კონტროლის მიღმაა დარჩენილი.
  • თურქეთი ვერ დაბრუნდა თავის სამხედრო წარმომადგენლობით, როგორც ჰქონდა ამის სურვილი
  • რუსეთისთვის კი გამარჯვება სრული არაა, რადგან იძულებული გახდა, თურქთისთვის ანგარიში გაეწია.

ზუსტად იმიტომ, რომ გამარჯვება არც ერთ ყულაბაში არაა, ყველა შეეცდება, რომ მიუხედავად ხელმოწერილი ხელშეკრულებისა, თავისი ამოცანა შეასრულოს:

ამოცანის შესრულება აზერბაიჯანისთვის არის ყარაბაღის დაბრუნება მთლიანად. ამ ამოცანის შეუსრულებლად ოფიციალური ბაქოსთვის გამარჯვება არ არსებობს. ამიტომ არის რომ დღეს ალიევი უფრო მეტს ითხოვს. მეტის მოთხოვნის ფონზე შეიძლება მიიღოს, ის, რაც მას უნდა“,- ამბობს არეშიძე.

კითხვაზე,  პრემიერი, რომელიც პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მოვიდა,  ქვეყნის მოსახლეობამ,  ევროპამ და რუსეთმაც თავიდან კარგად მიიღო, რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე, ექსპერტი პასუხობს:

„არასწორია გავრცელებული პოზიცია, რომ ის მაინცდამაინც ჟურნალისტიკიდან მოვიდა ხელისუფლებაში. გასული  90-იან წლებში ის პრეზიდენტ ტერპეტროსიანის პოლიტიკურ გუნდში იყო. მართალია, არ იყო გადამწყვეტი, მაგრამ პოლიტიკური ფიგურა იყო. ანუ გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება მას ჰქონდა. მეორეც ფაშინიანმა პოლიტიკაში მოსვლის დღიდან 2 ფრონტზე თამაში დაიწყო. ერთი მხრივ, ის რუსეთთან ურთიერთობებს ინარჩუნებდა და მეორე მხრივ, დასავლეთთან დაახლოებას ცდილობდა. ამიტომ ის გამაღიზიანებელი იყო, როგორც მოსკოვისთვის, ისე დასავლეთისთვის.  ოქროს შუალედის დასაჭერად გადამწყვეტ ნაბიჯებს არ დგამდა, უფრო დასავლეთისკენ იხრებოდა. 

შეიძლება, ყარაბაღი რომ არ ყოფილიყო, ასეთ პოლიტიკურ ნარატივს თავისი შედეგი მოეტანა.

ბაქოში ნათლად დაინახეს, რომ ფაშინიანის მდგომარეობა მყარი არ იყო. ეს რომ არ დაენახა, ბაქო  ვერ გაბედავდა, რაც გაბედა.

 

ფაშინიანმა ვერ მოახერხა განესაზღვრა თავისი სტრატეგია, რომელიც მას წარმატებას მოუტანდა ყარაბაღის კონფლიქტში.

ის ამბობს,  რაც მოხდა ყველაფერი ჩემი ბრალია და ახლა საქმეს ბოლომდე მივიყვანო. მისმა პოლიტიკურმა ალღომ არასწორი მოლოდინები შექმნა. ყარაბაღი რომ არ ყოფილიყო, მისი პოლიტიკური ნაბიჯები შედეგს გამოიღებდა, მაგრამ მისთვის დროის მიცემას არავინ აპირებდა“,- აცხადებს ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში.  

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველო დაპირისპირებული მხარეებისთვის მოლაპარაკების მაგიდის შეთავაზებაზე მეტის გაკეთებას ვერ მოახერხებს.