მიწების რეგისტრაციის შესახებ კანონის ამოქმედება მოქალაქეებს მიწების რეგისტრაციას გაუმარტივებს, ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, თუ საჯარო რეესტრი მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანო იყო, ახლა უფრო აქტიური იქნება და მოქალაქეებს გაუადვილებს მიწის რეგისტრაციის პროცედურებს, კერძოდ, ეს ეხება დოკუმენტების მოძიებასა და აზომვითი ნახაზების შედგენას.
“პროექტის ღირებულებას რაც ეხება, საწყის ეტაპზე, 5 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო სახელმწიფომ, ხოლო შემდგომ ეტაპზე, საჭიროებების გათვალისწინებით, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხის რაოდენობა გაიზრდება” – განაცხადა გელა სამხარაულმა.
რაც ეხება საკითხს, ხომ არ არის საფრთხე, რომ ხარვეზიანი დოკუმენტების მქონე პირებმა მიწების დარეგისტრირება ვერ შეძლონ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამის საფრთხე არ არსებობს.
მიწების რეგისტრაციის შესახებ კანონი სრულად 1 აგვისტოდან ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საკუტრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პირის უფლება არ დგინდება. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, შესაბამისი დოკუმენტაციისა და პროცედურების შემდეგ, მიწის ნაკვეთები გადაიფორმონ და განკარგონ.