LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა საქციელია ეს ზელენსკისგან? უკვე ეჭვიც მაქვს, რომ ერთგვარი ნაბიჯია საქართველოს ომში ჩასათრევად” … “თორნიკე რიჟვაძეობა უხერხულია”- რატომ დაუპირისპირდნენ გოგა ჩანადირი და ვახო სანაია 

3485
Untitled design (1)

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ზელენსკის ეს საქციელი არ მოსწონს.

ამის შესახებ ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ “უკვე ეჭვიც აქვს, ერთგვარი ნაბიჯია საქართველოს ომში ჩასათრევად, მეორე ფრონტის გახსნის დასაქოქად”:

“არაფრით მომწონს პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე. ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდაო. ეს არის მიზეზი? ალოგიკურია.

არც მისი მეზობელი მოლდოვა შეუერთდა სანქციებს, არც ჩინეთი, არც ბრაზილია, არგენტინა, ყაზახეთი, სომხეთი და კიდევ უამრავი ქვეყანა და მაშ სად არის ლოგიკა? იქიდან ელჩები რატომ არ გაიწვია? ბელარუსი სულაც რუსეთს ეხმარება და ელჩი იქაც კი დატოვა.

არც ერთ ხსენებულ ქვეყანას იმაზე მეტი არ გაუკეთებია უკრაინისთვის, რამდენიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა. არც ერთ ქვეყანას იმაზე დიდი სიმწარე არ განუცდია რუსეთისგან, როგორც საქართველომ.

არც ერთ ქვეყანას იმხელა მსხვერპლი არ გაუღია უკრაინისთვის, რამდენიც საქართველომ. არც ერთი ქვეყნის მებრძოლი მოხალისე არ არის უკრაინაში, რამდენიც ქართველია.

რა საქციელია ეს ზელენსკისგან? არ მომწონს და უკვე ეჭვიც მაქვს, რომ ერთგვარი ნაბიჯია საქართველოს ომში ჩასათრევად, მეორე ფრონტის გახსნის დასაქოქად”, – წერს ჩანადირი.

გოგა ჩანადირის ამ სტატუსს მოგვიანებით ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ვახო სანაია და აღნიშნა, რომ ამას ყურადღებას არ მიაქცევდა, სტატუსი ზუსტად რომ არ იმეორებდეს “ქართული ოცნების” პროპაგანდას.

“გოგა ჩანადირმა დაწერა სტატუსი, სადაც ზელენსკის აკრიტიკებს ელჩის გაწვევის გამო. ჯერ ერთი, მკაფიოდ ითქვა, რატომ გაიწვია ელჩი. საუკეთესო შემთხვევაში, სტატუსის ავტორს წარმოდგენა არ აქვს, რა განაცხადა ზელენსკიმ, რატომ გაიწვია ელჩი. მაგრამ ერთი წუთით დავანებოთ ამას თავი და ყურადღება გავამახვილოთ, რა წერია ამ ამონარიდში. არ მივაქცევდი ყურადღებას, რომ ეს სტატუსი ზუსტად არ იმეორებდეს “ქართული ოცნების” პროპაგანდას.

  • “არც მისი მეზობელი მოლდოვა შეუერთდა სანქციებს, არც ჩინეთი, არც ბრაზილია, არგენტინა, ყაზახეთი, სომხეთი და კიდევ უამრავი ქვეყანა და მაშ სად არის ლოგიკა?”

მოლდოვა – ნეიტრალური სახელმწიფოა.

ჩინეთი – უზარმაზარი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინას საჯაროდ დაუჭირა მხარი, რეალურად კი რატომ უნდა გამოიწვიოს ელჩი ჩინეთიდან ამ ეტაპზე, როცა ამ სახელმწიფომ შეიძლება, გადამწყვეტი როლი შეასრულოს. პეკინი ელოდება მოვლენების განვითარებას. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ზელენსკი უსაფრთხოების გარანტორად მოიაზრებს.

ბრაზილია – ასევე უზარმაზარი სახელმწიფოა და სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს.
არგენტინა – იგივე ვითარებაა, რაც ბრაზილიის შემთხვევაში.
ყაზახეთი – იქ რუსეთმა სისხლისღვრა მოაწყო უკრაინაში ომამდე, ჩამოაცილა ნაზარბაევი, რომ სრული კონტროლი დამეყარებინა. ახლა ყაზახეთი სრულად ექვემდებარება რუსეთის დიქტატს.

სომხეთი – სრულად რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. რუსული ბაზები უდგას ერევნის თანხმობითვე. მოსკოვის სატელიტი და მოკავშირეა. ამ კონკრეტულ მომენტში ოდეკებეს თავმჯდომარე ქვეყანაა. რა აზრი აქვს იქიდან ელჩის გაწვევას.

ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტეთ, უკრაინის მოკავშირე ვართ თუ არა? ვის ვუჭერთ მხარს ამ ომში? თორნიკე რიჟვაძეობა უხერხულია”, – წერს სანაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია და თქვა, რომ “არიან ისეთები, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თანამდებობაზე დარჩნენ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – მოძებნეთ სხვა სამსახური”.

ფორმალურად საქმე გვაქვს იმასთან, როცა უკრაინის პრეზიდენტი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო – ქადაგიშვილი უკრაინის ელჩის გაწვევაზე