LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სამედიცინო კვლევები უნდა ჩაუტაროთ ბავშვს, სანამ მას სპორტის რომელიმე სახეობაზე შეიყვანთ – სპორტის ექიმი თეა ადამია

862
თეა-ადამია

რა კვლევები უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ ბავშვი სპორტის რომელიმე სახეობაზე შევა? –  ამ კითხვას გადაცემაში  „სტუმრად ექიმთან“ „დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის“ ექიმმა – თეა ადამიამ უპასუხა.

„სანამ პედიატრი ამ ავად სახსენებელ ფორმა 100-ს გასცემს, ძალიან კარგი იქნება, რომ მანაც იცოდეს, რასთან აქვს საქმე, რადგან ნებისმიერი დადებითი პასუხი აღნიშნულ კითხვარში ნიშნავს, რომ ბავშვი გაღრმავებულ კვლევას საჭიროებს.

პირველი რიგის ამოცანა, რა თქმა უნდა, გულსისხლძარღვთა სისტემაა, ეს არის სკრინინგის ნაწილი, რადგან ჩვენ გვეშინია, არ მოხდეს ისეთი რამ, რომ ფიზიკურმა აქტივობამ ბავშვის ჯანმრთელობა გააუარესოს. ამ კითხვარში ზუსტად ასეთი კითხვაც არის – „ხომ არ არის ისეთი რამ, რაც ფიზიკური დატვირთვის დროს გაუარესდება?“. გულსისხლძარღვთა სისტემის კვლევის დროს ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს განვითარების ანომალია ბავშვებში, მანკი, რომელიც არ გამოვლენილა კლინიკურად ან ვიცით, რომ არის, მაგრამ გვაინტერესებს, ახლა როგორი მდგომარეობაა. სკრინინგი გულისხმობს, რომ უნდა აღმოვაჩინოთ შემთხვევით ახალი რაღაც.

ასევე კარგი იქნება, ვიცოდეთ ბავშვის მხედველობის მდგომარეობა, რადგან გაჯეტებთან მიჯაჭვულ ბავშვებს, როგორც წესი, ეს პრობლემა აქვთ. ძალიან კარგი იქნება, თუ მშობელი შეხედავს, ბავშვს მუდმივად რაიმე კონკრეტულ პოზაში ხომ არ უჭირავს გაჯეტი ან კომპიუტერის, ტელევიზორის ეკრანთან რაიმე გარკვეული კუთხით ხომ არ უკავია თავი, რადგან ეს მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება მხედველობა ასტიგმატური იყოს, შეიძლება იყოს ზარმაცი თვალი, რომელიც სხვანაირად არ ვლინდება, არ კომპენსირდება და ბავშვი ვერ ხვდება, რომ გამოსახულებას არასწორად აღიქვამს. დანარჩენი, რეალურად, რაც ჩამოვთვალეთ სიცოცხლისთვის საშიში არაფერი არ არის.

განსაკუთრებით სახიფათო ამბავი შეიძლება იყოს გარდატეხის ასაკში დაწყებული ფიზიკური აქტივობა, რადგან არსებობს ძალიან საშიში დაავადებები, რომლებიც ზუსტად გარდატეხის ასაკში ვლინდება. ამ დროს ბავშვის ფიზიკური მონაცემები შეიძლება მის თანატოლებზე უფრო კარგი, მაღალი იყოს და ხშირად ეს შეცდომის მიზეზიც არის ხოლმე. მაგალითად, ასეთი არის კარდიომიოპათიები, გულის გენეტიკური დაავადება,

რა ასაკიდან უნდა შევიყვანოთ ბავშვი სპორტზე და რომელია საუკეთესო სპორტი ჯანმრთელობისთვის – თეა ადამიას რეკომენდაციები

რაც გულისხმობს იმას, რომ გულის კუნთი იზრდება კამერების შევიწროების ხარჯზე და ბავშვი უეცარი კარდიული სიკვდილის კანდიდატია, მაგრამ ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობიდან მას პირიქით, ძალიან კარგი მონაცემები აქვს. შესაბამისად, თუ არასდროს გაკეთებულა გამოკვლევა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვი შევიყვანოთ სპორტზე, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი აუცილებლად გამოკვლეული უნდა იყოს, რათა ბავშვს მინიმალური ზიანი მივაყენოთ.

მეორე დიდი რისკი, რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის ერთი ორგანო, მაგალითად, ერთი თირკმელი. ასეთ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობა არ იკრძალება, მაგრამ იკრძალება გარკვეული სახეობები, მაგალითად, ცხენოსნობა, მოტოსპორტი, კრივი, სახეობები, სადაც შეიძლება ორგანოს ტრავმა მივიღოთ. გულის მანკებთან მიმართებაში, არსებობს მანკები, რომლებისაც ნაკლებად გვეშინია, მაგალითად, ასეთია კომპენსირებული მიტრალური სარქვლის პროლაფსი, რომელიც არ არის აბსოლუტური შეზღუდვა, მაგრამ არის შეზღუდვა გარკვეულ პოზიციაზე, იგივე, კრივზე, მეკარის პოზიციაზე, ფრენბურთში ლიბეროს პოზიციაზე, რადგან დარტყმა გულმკერდში არ არის სასიამოვნო.

რაც შეეხება ეპილეფსიას, ისიც არ არის აბსოლუტური უკუჩვენება, პირიქით, დღესდღეობით ნევროლოგები ითხოვენ, რომ 6 საათი კვირაში ფიზიკური დატვირთვა შესრულებული იყოს ამ ბავშვებისთვის გამძლეობაზე, რადგან ეს უზრუნველყოფს თავის ტვინში აგზნებისა და შეკავების მოწესრიგებას და ჟანგბადით გაჯერებული სისხლის მიწოდებას. ვცდილობთ, ბავშვი მოვარიდოთ სპორტს, სადაც თამაშის წესების მიხედვით, არის მოძრავი საგანი, მაგალითად, ჰოკეის, ფრენბურთს, სპორტს, სადაც შეიძლება, რომ ბავშვმა თავის ტრავმა მიიღოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელი გაფრთხილებული იყოს ბავშვის მდგომარეობის შესახებ, რადგან ეპილეფსია მაინც რჩება ტაბუდადებულ თემად და მშობელი ამას მალავს. შეგახსენებთ, რომ დიდი ეპილეფსიური გულყრა უნებლიე შარდვით და დეფეკაციით სრულდება და მწვრთნელი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ გულყრის დაწყებისთანავე ბავშვის თანატოლები დარბაზიდან გაიყვანოს. ყველასთვის კარგად ნაცნობია შავი ნაჭერი, რომელსაც რატომღაც სახეზე აფარებენ ადამიანებს, სინამდვილეში, ჩვენი წინაპრები სასქესო ორგანოებზე აფარებდნენ მუქ ნაჭერს, რადგან ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ მთავრდება გულყრა და ეთიკურ ნორმებს იცავდნენ, რომ არ გამოჩენილიყო უნებლიე შარდვა და დეფეკაცია“ – განაცხდაა თეა ადამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები