LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ქონებას ფლობენ საპრეზიდენტო კანდიდატები – ნაწილი II

„ფორტუნა“ განაგრძობს საპრეზიდენტო კანდიდატების დეკლარირებული ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას, რომელიც ცხადია, მათ მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციებს ეყრდნობა. კანონმდებლობა არჩევნებში მონაწილეებს დეკლარაციის შევსებას არ ავალდებულებს. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტობისთვის რამდენიმე მოქმედი საჯარო მოხელე იბრძვის, მათ დეკლარაციები შევსებული აქვთ ან ჰქონდათ. „ფორტუნა“ სწორედ ამ მონაცემებს ეყრდნობა.

 

დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, დავით უსუფაშვილს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს 2016 წლის 12 იანვარს პარლამენტის წევრის (თავმჯდომარის) თანამდებობით. ამ მონაცემების მიხედვით, დავით უსუფაშვილი უძრავ ქონებას არ ფლობს, თუმცა მისი მეუღლის, თინათინ ხიდაშელის მფლობელობაშია:

  • 116 კვ. მეტრის ფართობის ბინა, რომელიც თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარეობს;
  • ამავე ქუჩაზეა კიდევ ერთი, 60 კვ. მეტრის ფართობის ბინა;
  • უსუფაშვილის სიდედრისა და ხიდაშელი დედის, ზიზილა ურგებაძის მფლობელობაშია 120 კვ. მეტრის ფართობის საცხოვრებელი სახლი საგარეჯოში, სოფელ ანთოკში
  • და 1000 კვ. მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი ამავე სოფელში.

დავით უსუფაშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი, lexus RX330, რომლის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება. არც დავით უსუფაშვილი და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი ფასიან ქაღალდებს არ ფლობენ.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, უსუფაშვილის მიმდინარე „თი ბი სი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 20815.82 ლარი ირიცხებოდა; ამავე ბანკში კრედიტის სახით ფიქსირდება 10007.78 აშშ დოლარი; მითითებულ საბარათე ანგარიშზე 7885 აშშ დოლარი; მისი მეუღლის, თინა ხიდაშელის საკრედიტო ანგარიშზე, რომელიც „თი ბი სი ბანკში“ აქვს გახსნილი, 109900.10 ლარი ირიცხება; ხოლო სახელფასო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში თინა ხიდაშელს თანხა საერთოდ არ ჰქონდა. „თი ბი სი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე ხიდაშელს 10885 ევრო ჰქონდა დარიცხული.

დეკლარაციის შევსების მომენტში დავით უსუფაშვილს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 2000 ლარი, მის მეუღლეს – 1000 ლარი, ხოლო სიდედრს – 4000 აშშ დოლარი. არც თავად უსუფაშვილი და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულები არ არიან.

უსუფაშვილს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს სახით 1 წლის განმავლობაში აღებული აქვს 80031 ლარი; თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობრივი სარგოს სახით აღებული აქვს 62744 ლარი, ხოლო პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს სახით – 20436 ლარი.

დავით უსუფაშვილის სრული ქონებრივი მდგომარეობა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე შეგიძლიათ, იხილოთ.

 

კახა კუკავა

„თავისუფალი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს, კახა კუკავას ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს 2014 წლის 23 ივლისს თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობით. ამ მონაცემების მიხედვით, კახა კუკავა უძრავ ქონებას არ ფლობს, თუმცა მისი დედის, დალი შენგელიას მფლობელობაშია:

  • 300 კვ. მეტრის ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც თბილისში, წყნეთის გზატკეცილის #4-ში მდებარეობს;
  • ამავე მისამართზე აქვს 394 კვ. მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი და შენგელია ორივე უძრავი ქონების 100%-იანი მფლობელია.

კახა კუკავას ჰყავს მსუბუქი ავტომობილი, “მერსედეს ბენც” c 320 (სახ.სანომრე ნიშანი: KHK983), რომლის ღირებულება 10 ათას ლარზე მეტია. არც კახა კუკავა და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი ფასიან ქაღალდებს არ ფლობენ.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, კახა კუკავას „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 900 ლარის დებეტი ირიცხებოდა; „თი ბი სი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 700 აშშ დოლარი; მისი მამის, როლანდ კუკავას „თი ბი სი ბანკის“ სადებეტო ანგარიშზე თანხა საერთოდ არ ფიქსირდებოდა; დედის, დალი შენგელიას „ტაოპრივატ ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე იყო 75.73 ლარის ოდენობის კრედიტი; ხოლო კუკავას დის, ნუნუ კუკავას „თი ბი სი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 7000 ლარის ოდენობის დებეტი.

დეკლარაციის შევსების მომენტში, კახა კუკავა ნაღდი თანხის სახით ფლობდა 20 000 ლარს. გარდა ამისა, კუკავას და, ნუნუ კუკავა ჩართული იყო სამეწარმეო საქმიანობაში, კერძოდ, შპს სანდო კონსალტინგის“ პარტნიორი იყო, საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღია მთაწმინდა-კრწანისის სასამართლო, 26/06/1999წ. თუმცა, ქონებრივ დეკლარაციაში საწარმოს შემოსავალი მითითებული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის შევსების მომენტში კახა კუკავას მითითებული ჰქონდა, რომ უმუშევარი იყო, 1 წლის განმავლობაში მას ანგარიშზე ჰქონდა 44036 ლარი. მამას, როლანდ კუკავას „ონკო ცენტრის“ პროგრამისტის სარგოს სახით, 1 წლის განმავლობაში აღებული ჰქონდა 10800 ლარი. დედას, დალი შენგელიას ამავე ცენტრის სპეციალისტის სარგოს სახით ჰქონდა 6000 ლარი, ხოლო დას, ნუნუ კუკავას ახალი ამბების სააგენტო „ინტერპესნიუსის“ თარჯიმან-რეფერენტის სარგოს სახით – 6750 ლარი.

კახა კუკავას სრული ქონებრივი მდგომარეობა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე შეგიძლიათ, იხილოთ.

 

ზურაბ ჯაფარიძე

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს 2016 წლის 26 იანვარს საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობით. ამ მონაცემების მიხედვით, ზურაბ ჯაფარიძე ფლობს:

  • 105 კვ. მეტრის ფართობის ბინას, რომელიც თბილისში, გაბაშვილის #3-
    ში მდებარეობს და ბინის 100%-იანი მესაკუთრე სწორედ ჯაფარიძეა;
  • მისი მეუღლის, ნატა ქორიძის 100%-იან მფლობელობაშია კიდევ ერთი, 78 კვ. მეტრის ფართობის ბინა, რომელიც თბილისში, წყნეთის გზატკეცილის #2-ში მდებარეობს. არცერთი ბინის ღირებულება დოკუმენტში მითითებული არ არის.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირკვევა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს არ ჰყავს ისეთი მსუბუქი ავტომობილი, რომლის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება. გარდა ამისა, არც ჯაფარიძე და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი ფასიან ქაღალდებს არ ფლობს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ზურაბ ჯაფარიძის „თი ბი სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 2135 ლარი იყო, ხოლო ამავე ბანკში, მის სახელზე გახსნილ ანაბარზე 25 496 აშშ დოლარი. ჯაფარიძის მეუღლის, ნატა ქორიძის „საქართველოს ბანკში“ არსებულ სახელფასო ანგარიშზე 673 ლარი ირიცხებოდა, ხოლო ანაბარზე 16 413 აშშ დოლარი და 2796 ევრო. დეკლარაციის შევსების მომენტში, ჯაფარიძეს ნაღდი ფულის სახით არ ჰქონდა ისეთი თანხა, რომლის ოდენობაც 4 000 ლარს აღემატებოდა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ არც ზურაბ ჯაფარიძე და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არიან.

ჯაფარიძეს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს სახით 1 წლის განმავლობაში აღებული აქვს 60 285 ლარი, ხოლო მის მეუღლეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, სარგოს სახით – 44 660 ლარი.

ზურაბ ჯაფარიძის სრული ქონებრივი მდგომარეობა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე შეგიძლიათ, იხილოთ.

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატს, თეიმურაზ შაშიაშვილს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს 2003 წლის 30 აპრილს, იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობით. ამ მონაცემების მიხედვით, დეკლარაციის შევსების მომენტში თეიმურაზ შაშიაშვილი ფლობდა მხოლოდ სახელობით ბიბლიოთეკას, რომლის საბაზრო ღირებულება იმ დროისთვის 20 ათასი ლარი იყო.

შაშიაშვილის მამის, გივი შაშიაშვილის სახელზე გაფორმებული იყო 50 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლი ქუთაისში, ამავე ქალაქში მდებარე, 40 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი. მიუხედავად იმისა, რომ გივი შაშიაშვილი 1999 წელს გარდაიცვალა, დეკლარაციის შევსების მომენტში მემკვიდრეობა აღდგენილი არ იყო.

თეიმურაზ შაშიაშვილის მეუღლის, დეა მჭედლიშვილის მფლობელობაშია 5 000 ლარის ღირებულების როიალი და ამავე ღირებულების საძინებელი გარნიტური.

დოკუმენტის მიხედვით, არც შაშიაშვილი და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი ფასიან ქაღალდებს არ ფლობს. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, თეიმურაზ შაშიაშვილის შვილის, ნესტან შაშიაშვილის მიერ 1992 წელს „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ გახსნილ ანაბარზე 5 000 მანეთი ირიცხებოდა. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ თეიმურაზ შაშიაშვილს „ინტელექტბანკში“ გახსნილი ჰქონდა საკრედიტო ბარათი, თუმცა თანხის ოდენობა დოკუმენტში მითითებული არ არის.

თეიმურაზ შაშიაშვილის სრული ქონებრივი მდგომარეობა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე შეგიძლიათ, იხილოთ.

 

საპრეზიდენტო კანდიდატები, რომელთაც ქონებრივი დეკლარაცია შევსებული არ აქვთ

ცხადია, არიან ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატებიც, რომელთაც ქონებრივი დეკლარაცია შევსებული არ აქვთ. ასეთი კანდიდატები არიან:

  • „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ მიერ წარდგენილი მიხეილ-გელა სალუაშვილი;
  • „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ზვიად ბაღდავაძე;
  • პარტია “საქართველოს” მიერ წარდგენილი გიორგი ლილუაშვილი;
  • “საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის” მიერ წარდგენილი ზვიად მეხატიშვილი;
  • “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მიერ წარდგენილი ვახტანგ გაბუნია;
  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ბესარიონ თედიაშვილი;
  • “ახალი ქრისტიან-დემოკრატების” მიერ წარდგენილი ლევან ჩხეიძე;
  • “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” მიერ წარდგენილი ზვიად იაშვილი;
  • “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის” მიერ წარდგენილი აკაკი ასათიანი;
  • “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” მიერ წარდგენილი გელა ხუციშვილი;
  • პოლიტიკური მოძრაობის “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” მიერ წარდგენილი თამარ ცხორაგაული;
  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი გიორგი ანდრიაძე;
  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ვლადიმერ ნონიკაშვილი;
  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კახაბერ ჭიჭინაძე;
  • “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” მიერ წარდგენილი მიხეილ ანთაძე;
  • და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” მიერ წარდგენილი ოთარ მეუნარგია.

 

რა ქონებას ფლობენ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატები, ჩვენს წინა სტატიაში წაიკითხავთ.

თათია კაკიაშვილი