LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პერსპექტივა აქვს აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სადისკუსიო ფორმატს და რით განსხვავდება ალიევის ინიციატივა, გამსახურდიას „კავკასიური სახლის“ შექმნის იდეისგან

211
Untitled design (36)

ევროპის 44 ქვეყნის მთავრობის მეთაურები ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შესაქმნელად ერთმანეთს 6 ოქტომბერს შეხვდნენ.

დამფუძნებელ ღონისძიებაზე ევროკავშირის ქვეყნების გარდა, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებიც იყვნენ წარმოდგენილი.

მათ შორის იყვნენ: უკრაინა, თურქეთი და საქართველო.

გავრცელებული ინფორმაციით, პრაღაში გაიმართა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის არაფორმალური საუბარიც, რომელსაც მოგვიანებით საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი შეუერთდნენ.

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ სომხეთის მხრიდან „კეთილი ნების“ შემთხვევაში, ამ წლის ბოლომდე ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას.

ამავე შეხვედრის შემდეგ ალიევი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმა.

რამდენად მნიშვნელოვანია ალიევის ინიციატივა საქართველოსთვის, რატომ გაჟღერდა მისი მხრიდან მაინცდამაინც ახლა და მისი განხორციელების შემთხვევაში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები – ამ კითხვებით „ფორტუნამ“ ექსპერტებს მიმართა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ იდეის განხორციელების ძალიან მცირე თუმცა შანსი მაინც არსებობს, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

 

 

„ეს არის ძალიან სერიოზული შანსი,  რომელიც ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს. ასეთი ტიპის პლატფორმის შექმნის თაობაზე არაერთხელ განუცხადებია ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს.

გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სამშვიდობო პლატფორმაზე.

თუმცა ამ მთავრობამდეც იყო ასეთი იდეები. ადამიანები, რომლებიც კავკასიური ერთობის თაობაზე ვმსჯელობდით, ან ვმუშაობდით, ყოველთვის გვქონდა იმის სურვილი, რომ მსგავსი ტიპის პლატფორმა შექმნილიყო თბილისში და ჩვენი დედაქალაქი ყოფილიყო მთელი კავკასიის სამშვიდობო ცენტრი.

ალიევს ინიციატივისთვის სამშვიდობო ცენტრი არ დაუსახელებია, მაგრამ იდეა გააჟღერა ალიევმა, რაც თავისთავად ძალიან კარგია, რადგან წინა შემთხვევებში, ჩვენგან გაჟღერებულ ამ იდეას მაინცდამაინც მხარდაჭერა არ ჰქონდა ოფიციალური ბაქოდან.

ახლა ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა გამოიყენოს მისი ინიციატივა და ამ მიმართულებით სერიოზულად უნდა იმუშაოს. მით უფრო რომ შედგა გუშინ შეხვედრა თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, მართალია ეს არაოფიციალური შეხვედრა იყო და რომ გითხრათ, გარღვევა არ მომხდარა, მაგრამ პირველი შეხვედრა იყო ერდოღანის და ფაშინიანის, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.

არ მაქვს იმედი, რომ ამით სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, აზერბაიჯანი თავისას არ მოეშვება, აუცილებლად მთლიანი ყარაბაღის დაკავებას მოინდომებს, რაც მუდმივი კონფლიქტის წყარო იქნება რეგიონში, მაგრამ ეს ნაბიჯი რომ გადადგა ალიევმა, უკვე კარგია. დარწმუნებული ვარ, ეს არაა მხოლოდ მისი ინიციატივა, ის შეთანხმებულია ანკარასთან და ამით არის საინტერესო.

და ასეთი ტიპის პლატფორმა თუ შეიქმნა, ბუნებრივია ეს თბილისში უნდა შეიქმნას და ვერ მოხდება ვერც ბაქოში და ვერც ერევანში და კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ცნობილი 3+3 ფორმატის (მოსკოვის, ანკარისა და თეირანის – სამი რეგიონული ძალის და სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნის ერთ პლატფორმაზე გაერთიანების) საპირწონეა.

ბუნებრივია, ვიღაცას გაუჩნდება შეკითხვა, როგორ დაუშვა ანკარამ მისი პროექტის, 3+3-ის  უგულებელყოფა. 

აქაც რაღაც აზრია ჩადებული, შესაძლებელია, მოგვიანებით ამ პლატფორმის 3+3-ის კონტექსტში მოქცევა მოინდომონ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იყოს კავკასიის პატარა ქვეყნების სამშვიდობო პლატფორმა და არ იყოს სხვების განსაკუთრებული ჩართულობა. სხვების ჩართულობა იქნება, მაგრამ მე განსაკუთრებულ ჩართულობას ვგულისხმობ. ამაში მონაწილეობას დასავლეთიც მოინდომებს, თურქეთიც, თავისთავად ირანიც და რუსეთიც, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იყოს მსხვილი მოთამაშეების გარეშე. გაგვიჭირდება, ამის შანსი არის მილიონში ერთი, მაგრამ ამ შანსის რეალიზაციაზე უნდა ვიზრუნოთ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ არეშიძე.

 

რატომ შეცვალა ალიევმა პოზიცია

 

 

„გეოპოლიტიკური სურათი ისეთი სისწრაფით იცვლება, არ არის გამორიცხული, რომ ალიევი ორიენტირებულია პერსპექტივაზე, როდესაც რუსეთი მაქსიმალურად იქნება დასუსტებული.

რუსეთის დასუსტების შემთხვევაში და იქიდან გამომდინარე, რომ ალიევი პოზიციონირებს, როგორც  ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ენერგოსისტემის რესურსებისა ევროპისათვის, მას სჭირდება ევროპასთან სხვა ტიპის ურთიერთობა. არაა გამორიცხული რომ ერდოღანს სჭირდებოდეს დასავლეთთან ურთიერთობის დათბობა.

მე არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ  მომავალში თურქეთმა  პლატფორმის თავისი მფარველობის ქვეშ მოქცევაზე იფიქროს,  მაგრამ მის მსგავსად რუსეთიც, ირანიც და დასავლეთიც მოინდომებს, რომ მთავარი ფიგურანტი იყოს. მთავარია, რამდენად მოვახერხებთ, რომ პატარა ქვეყნების მიერ შექმნილი პლატფორმა ჩვენივე კონტროლის ქვეშ დარჩეს, ამას უკვე დრო გვიჩვენებს“. – ამბობს არეშიძე ჩვენთან საუბარში.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივით ყოველთვის საქართველო უნდა გამოდიოდეს. 

 

 

„საქართველო უნდა იყოს ინიციატორი და ამ ტიპის ინიციატივებს უნდა აჟღერებდეს. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ მზად არიან და რისთვის არიან მზად არ ამბობენ. ახლა ალიევმა თქვა, რა არის გასაკეთებელი.

ინიციატივას იღებს თურქეთი,  ალიევს ამ ინიციატივაში  თურქეთის მხარდაჭერა აქვს. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვთანამშრომლობთ ანკარასთან გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში. თუმცა ვამბობთ, რომ მივდივართ ნატოში და არაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ამ ფონზე ყველაზე მეტი შანსი საქართველოს ჰქონდა, რომ გაეჟღერებინა საერთო კავკასიური სახლის იდეა“. – ამბობს კონფლიქტოლოგი და იმ განსხვავებაზე საუბრობს, რომელიც კავკასიური სახლის შექმნის ალიევისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ინიციატივებს შორის არსებობს.

„ზვიად გამსახურდია მთელ კავკასიას გულისხმობდა და საუბარი იყო ჩეჩნებსა და ინგუშებზეც და არ იყო მკაფიო. ახლა საუბარია სამხრეთ კავკასიაზე.

 

 

გამსახურდია თავისი პოზიციით ერეოდა რუსეთის ტერიტორიაზე. ის ფაქტობრივად საუბრობდა რეგიონებზე, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია.

პლატფორმა უნდა შეიქმნას სახელმწიფოების  და არა ხალხების დონეზე, როგორც ამას გამსახურდია წარმოიდგენდა.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან კარგი იდეაა. რამდენად რეალიზებადია, ეს სხვა საკითხია, რადგან თქვა ალიევმა და ფაშინიანს არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით დასტური.

სამწუხაროდ პრაღაში შეხვედრას, ესწრებოდა აზერბაიჯანი და სომხეთი, ჩართული იყო ევროკავშირი, შარლ მიშელი, რომელიც ჩვენ გავაგდეთ და თავზე გადავახიეთ შეთანხმება, ჩართული იყო საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, ასევე შეხვედრაზე იყო, უნგრეთის პრეზიდენტი, გაურკვეველია, რატომ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ იყო.

 

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცალკე შეხვედრა იყო ერდოღანსა და ფაშინიანს შორის.

სამი ფორმატი იყო ერთ დღეში შეხვედრების და საქართველო სამწუხაროდ არავის გახსენებია..

აშკარად ჩანს, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსი იღებს ინიციატივას და უნდათ ჩართონ ამაში სომხეთი.

საქართველომ შანსი არ უნდა გაუშვას, უნდა იყოს სომხეთის შუამავალი, მაგრამ ჩვენ დავრჩით გვერდზე გზაზე და დღეს რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს სომხეთზე ზრუნვას ახორციელებს თურქეთი და აზერბაიჯანი.

 

 

დავიტოვოთ იმის იმედი, რომ აზერბაიჯანის ინიციატივა რეალიზებადი იყოს. ჯერჯერობით სამხრეთ კავკასიაში ძალიან ბევრი სამშვიდობო ინიციატა იყო, მაგრამ არაფერმა იმუშავა.

აზერბაიჯანმა დააფიქსირა ინიციატივა, ფაქტია მასში თურქეთიცაა ჩართული და რუსეთი საერთოდ არაა ნახსენები.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას უნდა აკეთებდეს საქართველო..

ღმერთმა ქნას, რომ ინიციატივას რეალიზაცია მოჰყვეს. თუ არადა ის გახდება მორიგი ინიციატივა, რომელსაც არ ჰქონია განვითარება“. – ამბობს ზაქარეიშვილი „ფორტუნასთან“.

 

ფოტო სლაიდზე  – ემანუელ მაკრონის ტვიტერი