ქორწინებას და ოჯახს ადამიანების უმეტესობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა იდეა, რომ აუცილებლად უნდა დაქორწინდე, რათა ბედნიერი იყო, წარსულს ჩაბარდა.
დღეს არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის ურთიერთობა, რომელიც არ გრძელდება მთელი ცხოვრება, არც რეგისტრირებულია, მაგრამ სრულიად მისაღები და დამაკმაყოფილებელია მხარეებისათვის. 21-ე საუკუნეში ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახის შექმნისას სიყვარულის არსებობა-არარსებობის ფაქტორი თითქმის მეორეხარიხოვანია. პრიორიტეტი ენიჭება ერთად ცხოვრების საერთო ინტერესის, ურთიერთგაგებისა და პატივისცემის ფაქტორებს.
სწორედ ამიტომ ნიშვნელოვანია, რომ მეუღლეებს შორის ურთიერთობის (იქნება ეს წმინდა ქონებრივი სახის თუ პირადი ხასიათის) მოწესრიგების საკითხი მაღალ დონეზე დადგეს. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი სამართლებრივი მექანიზმი სწორედ საქორწინო კონტრაქტია, რომელიც რეალური მიდგომით სერიოზული და მტკივნეული საკითხების გადაჭრის გზას გვთავაზობს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი სოფიო მექანარიშვილი საქორწინო კონტრაქტის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე „ფორტუნასთან“ საუბრობს.
მისი განმარტებით, საქორწინო ხელშეკრულება ეს არის სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული და განსაზღვრული ხელშეკრულება, რომელიც მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს და ვალდებულებებს არეგულირებს.
„საქორწინო ხელშეკრულების დადება, როგორც ქორწინებამდე, ასევე ქორწინების შემდეგაც შესაძლებელია. ქორწინებამდე დადებული ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ შედის ძალაში. რაც შეეხება ქორწინების შემდეგ კონტრაქტის დადებას, ეს ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლის ცალმხრივი უარი საქორწინო ხელშეკრულებაზე დაუშვებელია,“ – განმარტავს იურისტი.
მისი განცხადებით, განქორწინების შემთხვევაში, ის, რაც მეუღლეებმა თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს, თანაბრად ნაწილდება.
„საქორწინო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, შემიძლია განვსაზღვრო განქორწინების დროს ქონება როგორ გადანაწილდება. მაგ. შემიძლია ჩავწერო ასეთი რამ – საჯარო რეესტრში, რაც ჩემს სახელზე ქონება ფიქსირდება, მიუხედავად იმისა ის თანაცხოვრების პერიოდში შეძენილია თუ არა, ის დარჩეს ჩემ საკუთრებად და არ გაიყოს,“ – განაცხადა იურისტმა.
სოფიო მექანარიშვილი საქორწინო კონტრაქტის დადების სტატისტიკასთან დაკავშირებითაც საუბრობს.
„საქართველოს ნოტარიუსთა პალატისგან გამოვითხოვეთ 2015-2018 წლის მონაცემები. ამ პერიოდში სულ 151 საქორწინო ხელშეკრულებაა დადებული, თუმცა, კონტრაქტის დადების მსურველთა რაოდენობა მზარდია. ეს ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ უფრო მეტი ადამიანი იგებს საქორწინო ხელშეკრულების იმ უპირატესობების შესახებ, რომელიც მას გააჩნია და ცნობიერება უფრო მეტად იზრდება“, – აცხადებს მექანარიშვილი.
იმისთვის, რომ საქორწინო კონტრაქტის უპირატესობებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება მოხდეს „ახალგაზრდა ადვოკატები“ აქტიურად არიან ჩართულნი.
„ჩვენს მიერ გამოთხოვილი კვლევა, სწორედ არსებული რეალობის შესწავლას და შემდეგ უკვე ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. კვლევის ფარგლებში სატელევიზიო და რადიო ეთერშიც გვქონდა ამ თემის განხილვა, რათა გვეთქვა საზოგადოებისთვის, რა დადებითი მხარეები ახლავს ამ კონტრაქტის დადებას,“ – განაცხადა სოფიო მექანარიშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.
კითხვაზე, რა თანხებთან არის დაკავშირებული საქორწინო ხელშეკრულების დადება, იურისტი აცხადებს, რომ საქორწინო ხელშეკრულება აუცილებლად უნდა დამოწმდეს ნოტარიულად და უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. შესაბამისად, კონტრაქტის დადების დროს, მხოლოდ ნოტარიულად დამოწმების და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თანხების გადახდა არის საჭირო.
სოფიო მექანარიშვილი საზღვარგარეთ არსებულ სიტუაციაზეც საუბრობს. მისი თქმით, საზღვარგარეთ საქორწინო კონტრაქტის გაფორმება საკმაოდ აქტიურად დანერგილი პრაქტიკაა.
„საქართველოსთან შედარებით, იქ მზარდი მაჩვენებელიც არის და გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობაც მეტია“, – განაცხადა იურისტმა.
საქართველოში საქორწინო კონტრაქტის დადება 1997 წლიდან არის შესაძლებელი.
27 წლის მარიამ გინტური „ფორტუნასთან“ საქორწინო კონტრაქტის დადებით მხარეებზე საუბრობს.
„პროფესიით იურისტი ვარ, როდესაც ვქორწინდებოდი, მეც და ჩემი მეუღლეც ინფორმირებული ვიყავით, კონტრაქტის არსებობის დადებითი მხარეებზე და ხელშეკრულება გავაფორმეთ. კარგია, როდესაც წინასწარ იცი მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, რა უფლებები გაგაჩნია. როდესაც კონტრაქტი არსებობს, დაშორების შემთხვევაში ქონებრივი საკითხების რეგულირება გამარტივებულია,“ – აცხადებს მარიამ გინტური.
საზოგადოებაში, საქორწინო კონტრაქტთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მომავალი მეუღლის შეურაცხყოფაა, რადგან აქცენტი თავიდანვე ფინანსურ მხარეზე კეთდება. ნაწილი კი ზოგადად საქორწინო კონტრაქტის დადებით მხარეებზე ინფორმირებული არ არის.
“საქსტატის” ინფორმაციით, 2018 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 288 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა.