LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კრიტერიუმით შეარჩია მიშა მდინარაძემ შემსრულებლები საახალწლო კონცერტისთვის: „არც ერთ მომღერალს ჩემთან პრეტენზია არ გამოუთქვამს…“

112

კომპოზიტორი მიშა მდინარაძე ამბობს, რომ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით მასთან პირადად პრეტენზია არავის გამოუთქვამს. მისი თქმით, წლევანდელ საახალწლო ღონისძიებაზე მომღერლები მხოლოდ მან შეარჩია, პროფესიონალიზმის და არა პოპულარობის ნიშნით.

ამ თემაზე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში მსჯელობა მიმდინარეობს „იბერიაში“ დებატების შემდეგ, სადაც მიშა მდინარაძემ განაცხადა, რომ თავადაც არ ეძახდნენ წლების განმავლობაში არც ერთ სამთავრობო კონცერტზე და ამის გამო ნაწყენი იყო… ჩვენთან საუბრისას კი კომპოზიტორმა განმარტა, რომ თავად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს არანაირი „შავი სია“ არ არსებობს…

მიშა, შეგიძლიათ დაგვისახელოთ მომღერლები, რომლებიც მონაწილეობენ წლევანდელ კონცერტზე? დასახელებული არიან ეკა დოლიძე და გიორგი მეფისაშვილი…

მიშა მდინარაძე:

დიახ, ისინი მონაწილეობენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ მე ვერ დაგისახელებთ ვერავის, ვინაიდან მერიას ჰყავს პრესსამსახური და მათი კომპეტენციაა და ზოგადად, მათი გადასაწყვეტია, როდის გამოაცხადებენ მომღერალთა ჩამონთვალს და ინფორმაციას ამ ღონისძიების შესახებ. მე ვარ მუსიკალური ხელმძღვანელი. მეორე – კანონი არავის ავალდებულებს, როდის უნდა ითქვას კონცერტის კონცეფცია და გამოცხადდეს მონაწილეთა სია, იქნებ, ორგანიზატორებს სურთ, საიდუმლოდ დატოვონ და კონცერტამდე ერთი საათით ადრე სიურპრიზად გამოაცხადონ? ვინმეს გინახავთ, ნიუ-იორკის საახალწლო კონცერტზე წინასწარ აცხადებდნენ მონაწილეთა სიას? ვერ ნახავთ ასეთ რამეს.

აქამდე კონცერტის შემდეგ გამოთქვამდნენ პრეტენზიებს, ახლა კონცერტამდე არის ატეხილი აჟიოტაჟი… თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

ვერ გეტყვი. მგონია, ეს არის უსაქმურობის პრობლემა, თანაც, ძირითადად, პოლიტიზების სურვილია. მომღერლების არჩევა იყო ჩემი კომპეტენცია, შერჩევის კრიტერიუმი გახლდათ პროფესიონალიზმი და არა პოპულარობა. არ ჩატარებულა არც ერთი კვლევა, რომელიც მომღერლების პოპულარობას გამოავლენდა. არც ალბომების გაყიდვის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, არც კონცერტებს ატარებენ, რის მიხედვით ამბობენ, რომ ერთი მეორეზე უფრო პოპულარულია?

შესაძლოა, „იუთუბზე“ კონკრეტული მომღერლის კომპოზიციების ნახვების რაოდენობით…

„იუთუბი“, ალბათ, დამეთანხმებით, არ წარმოადგენს სტატისტიკის წყაროს. ის ვერ გახდება პოპულარობის საზომი. მეორე საკითხი ისაა, რომ პირადად ჩემთან არც ერთ მომღერალს პრეტენზია არ გამოუთქვამს. ჟურნალისტებისგან მოდის ეს თემა, რომ ვიღაც უკმაყოფილოა.

ჟურნალისტებს ამას ვერ დავაბრალებთ, რადგან პირად საუბრებში მომღერლები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზია, რომ სამთავრობო კონცერტებზე აღარ ეძახიან…

შესაძლოა, მაგრამ მითხარით, ვინ უნდა განსაზღვროს, ვინ გამოვა ამა თუ იმ კონცერტზე?

ალბათ, მუსიკალურმა ხელმძღვანელმა…

დიახ, ასეა. მე ვარ პასუხისმგებელი, რომ თავად ავარჩიე მომღერლები და არანაირი „შავი სია“ და დაბლოკვა არ არსებობს. მერიას საერთოდ არ უკითხავს, ვინ იმღერებდა კონცერტში, თავად მომცეს არჩევის საშუალება. ეს ნდობის საკითხია. შემიძლია ვთქვა, რომ როგორც იქნა, საქართველოში მუსიკოსები წყვეტენ მუსიკის ამბავს.

მიშა, ტელეგადაცემაში აღნიშნეთ, რომ თავადაც იყავით ნაწყენი, როცა წლების განმავლობაში არ გეძახდნენ კონცერტებზე…

დიახ, ეს ასე იყო ნამდვილად. ახლა ამას ვერავინ იტყვის, რომ კონცერტზე იბლოკება. ჩემი პრინციპია, როდესაც რაღაცას ვაკეთებ, სხვა ადამიანებიც ჩავრთო, მუსიკოსები, რომლებიც იმსახურებდნენ, მაგრამ წლების განმავლობაში არსად არ ეძახდნენ. „საბას“ დაჯილდოვებაზევ ექვსმა ქართველმა კომპოზიტორმა იმუშავა, ასე იყო „თბილისობაზეც“, ასე იქნება საახალწლო კონცერტზე. მე არ მაქვს სურვილი, რომ სადღაც მარტო მე ვიყო და სხვა არავინ მივუშვა. მინდა, იყოს მრავალფეროვნება და ეს გახლავთ ამოსავალი წერტილი ჩემთვის. საახალწლო კონცერტში ძალიან კარგი მუსიკოსები მონაწილეობენ.

იმის თქმაც მინდა, რომ რაც უნდა მოვინდომოთ, ყველა კონცერტში ყველა მომღერალი ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამხელა კონცერტს ვერავინ გააკეთებს და ვიღაც ყოველთვის დარჩება ნაწყენი. დღეს ერთს დაუძახებენ, ხვალ მეორეს. შემდეგ წელს არ იქნება მიშა მდინარაძე პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი, იქნება სხვა და ის განსხვავებულ პროექტს შემოგვთავაზებს სხვა მონაწილეებით. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მას აუცილებლად ექნება კონცეფცია.

ერთსაც ვიტყვი, რომ ჩემი ინფორმაციით, დაუსაქმებელი არავინ დარჩება. ახალ წელს რეგიონებში იმართება კონცერტები და უამრავ მომღერალს დაუძახებენ. არ შეიძლება ასე ერთმანეთის ჭამით ვაკეთოთ საქმე…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები