პარიზში დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველაფერი გადაწონა, თუმცა საფრანგეთისა და გერმანიის ამხანაგური მატჩი მაინც ჩატარდა (ფრანგებმა 2:0 მოიგეს). თამაში უკვე დაწყებული იყო, როდესაც ტერაქტი მოხდა.
„სტად დე ფრანსის“ სტადიონის ბართან აფეთქება მოხდა. აფეთქდა სამი ყუმბარა. მატჩზე მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დაუყოვნებლივ გაიყვანეს სტადიონიდან.
პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის სხვა რაიონებში სროლები ატყდა, ხოლო ერთ-ერთ თეატრში 100 ადამიანი მძევლად აიყვანეს.
მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები მინდორზე გადავიდნენ. მაყურებელი სტადიონს ვერ ტოვებდა, რადგან უსაფრთხოების მიზნით ყველა გასასვლელი დაკეტილი იყო. მოგვიანებით კარები გააღეს და ხალხიც თანდათან დაიშალა.
თავის მხრივ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმაც „სტად დე ფრანსი“ მატჩის დასრულებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში დატოვეს. გერმანელები სტადიონზე სამსაათნახევარი დარჩნენ, რადგან პარიზის ცენტრში მდებარე სასტუმრომდე მისასვლელ გზაზე უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცეს.
საბოლოოდ, ფეხბურთელები რამდენიმე მიკროავტობუსით პოლიციის თანხლებით გაიყვანეს.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია განცხადებით გამოვიდა, მომხდართან დაკავშირებით წუხილი გამოხატა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
პარიზში მომხდარი მოვლენების გამო ინგლისისა და საფრანგეთის ამხანაგური შეხვედრა შესაძლოა აღარ ჩატარდეს. თამაში 17 ნოემბერს ლონდონში, „უემბლიზეა“ დაგეგმილი.