სად გადის ზღვარი სამართლიანობის აღდგენასა და ჰუმანიზმს შორის – არასრულწლოვანთა კოლონიის ყოფილი დირექტორი დღეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ტატო ქელბაქიანი „ფორტუნასთან“ ციხის კრიმინალიზაციის საფრთხეებსა და არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
- სად გადის ზღვარი კანონს, ჰუმანურობასა და საზოგადოების მიერ მოთხოვნილ სამართალს შორის?
ტატო ქელბაქიანი: საზოგადოების პირველადი ემოციური განწყობები გასაგებია, მნიშვნელოვანია დაზარალებულის ინტერესები. თუმცა, როცა სასჯელზე ვსაუბრობთ, გარდა იმისა, რომ სამართლიანობის აღსადგენად სასჯელი პროპორციული უნდა იყოს, მოზარდთან მიმართებაში მნიშვნელოვანია რეაბილიტაციაზე ორიენტირებაც. არასრულწლოვანი საზოგადოებას წლების შემდეგ სრულფასოვან წევრად და არა საშიშ პიროვნებად უნდა დაუბრუნდეს.
- სასჯელთან დაკავშირებით უფლებადამცველებისა და საზოგადოების ნაწილის პოზიცია მკვეთრად განსხვავებულია. მოსწავლეებს შორის დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ხშირად ისმოდა შეფასებები, რომ „ბავშვები სასტიკები“ არიან. რა პრობლემას ქმნის საზოგადოების მსგავსი განწყობები?
ტატო ქელბაქიანი: საზოგადოება ზოგადად არ არის ტოლერანტული და არამარტო ჩვენთან. როცა მსგავსი მძიმე ფაქტია მომხდარი, ამ ფონზე რთულია, საზოგადოებას აუხსნა, რატომ არის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი სამუშაოა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ჩასატარებელი და ამაში სახელმწიფო და მედია სწორი მესიჯების გაჟღერებით თანაბრად უნდა იყოს ჩართული.
რაც შეეხება მოზარდებს, ბავშვებს ახასიათებთ ანტისოციალური ქცევა, რომელიც ზრდის და განვითარების ნაწილია და უმეტეს შემთხვევაში, უჩინარდება და ქრება სრულწლოვანების ასაკის მიღწევასთან ერთად. არ ნიშნავს, რომ ანტისოციალური ქცევის ბავშვი აუცილებლად დამნაშავე იზრდება. ბრიტანეთშის მაგალითზე, დაახლოებით, 6% იყო, ვინც ანტისოციალური ქცევა ზრდასრულობისას გააგრძელა. რთული ქცევის ბავშვთან საჭიროა ჩარევა, მუშაობა და არა სტიგმატიზირება, რომ ამისგან არაფერი არ გამოვა.
- თუ საკითხს შევხედავთ დაზარალებულის პოზიციიდან, არ გეჩვენებათ, რომ დაზარალებულის ინტერესი ბოლომდე არ იქნება გათვალისწინებული?
ტატო ქელბაქიანი: დაზარალებულის ინტერესი და დაზარალებულის ჩართვა სამართლის აღსრულების პროცესში მიშვნელოვანია. ახალი მიდგომა – მედიაცია, იგივე აღდგენითი მართლმსაჯულება, არის ჩატეხილი ხიდის აღდგენის მცდელობა დაზარალებულსა და დამნაშავეს შორის. ბუნებრივია, მსგავს რთულ შემთხვევებზე მედიაციამ შიძლება, ვერ გაამართლოს, თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ყოფილა მაგალითები, როცა მედიაცია მკვლელობის საქმეზეც კი შედგა. მსგავსი მიდგომა შემდგომში შურისძიების ელემენტებსაც გამორიცხავს. მაგალითად, ერთ სოფელში მცხოვრები ადამიანები, როცა ერთი დამნაშავეა და მეორე დაზარალებული, სასჯელის მოხდის შემდეგ მათი თანაცხოვრება შესაძლებელი უნდა იყოს.
- რამდენად ბევრია სასჯელის მაქსიმალური ვადა 12 წელი არასრულწლოვანისთვის და რამდენად ცოტაა მძიმე დანაშაულში ბრალდებულისთვის?
ტატო ქელბაქიანი: თუ ამოცანაა, რომ დამნაშავე საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს, ამ შემთხვევაში საქართველოში მოქმედი სასჯელის ვადა, საშუალო ევროპული სტატისტიკის მიხედვით, ნორმალურია. მაქსიმალური სასჯელი ჰოლანდიაში არის 6 წელია, ავსტრიაში – 10 წელი, ესტონეთში – 15 წელი . 12 წელი არც ცოტაა და არც დრამატულად ბევრი. რაც უნდა დრამატული იყო დანაშაული, ცალკეული შემთხვევით მთლიანი პოლიტიკის შეფასება და გადახედვა არასწორია. სასჯელის გამკაცრებას პრევენციაზე აქცენტირება სჯობს, რადგან ხშირად საქმე სასჯელის ჩადენამდეა გაფუჭებული. დღეს ციხეში, დახლოებით, 20-მდე მსჯავრდებულია. 2013 წელს, როცა მე ვიყავი – იყო 65, 2012 წლის აგვისტოში – 150, ხოლო 2007 წელს 200-მდე. სტატისტიკა კლებადია და ამას ლიბერალურმა კანონმდებლობამაც შეუწყო ხელი.
- გამოდგება თუ არა სასჯელის სიმკაცრე პრევენციისთვის და კანონის ლიბერალურობა ხომ არ განაპირობებს დანაშაულის წახალისებას?
ტატო ქელბაქიანი: სასჯელის შიშს აქვს პრევენციული ხასიათი, თუმცა, არასრულწლოვნებთან მიმართებაში ნაკლებად მუშაობს. ბავშვები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ , არ ფიქრობენ შედეგებზე და სასჯელის შიში პრევენციას არ განაპირობებს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ არასაპატიმრო სასჯელი (განრიდება ან მედიაცია) მოზარდმა ცალსახა პატიებად არ ჩათვალოს და იფიქროს, რომ ყველაფრის კეთების უფლება აქვს.
- როგორც არასრულწლოვანთა ციხის ყოფილი დირექტორი, რა საფრთხეს შეიცავს ციხე მოზარდისთვის და რამდენად ხშირია პენიტენციურ დაწესებულებებში ძალადობის შემთხვევები?
ტატო ქელბაქიანი: ციხეს პიროვნებისთვის კრიმინალიზაციის მაღალი საფრთხის მატარებელია. შვეიცარიის მაგალითით, არასაპატიმრო ღონისძიებები შვეიცარიაში 92% შემთხვევაში გამოიყენება და მხოლოდ 8% იყო საპატიმრო. ციხეში მოზარდი წყდება სოციალურ წრეს, აფერხებს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. პენიტენციურ დაწესებულებაშიც არის შიდა ძალადობის ფაქტები. ეს რისკები პენიტენციურ სისტემაში სულ იქნება, რასაც კონტროლი და უკეთესი ინფრასტრუქტურა სჭირდება.
- ბოლო პერიოდში გახშირდა 14 წელს მიუღწეველი ბავშვების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტები. დაფიქსირდა ასევე შემთხვევა, როცა მოკლულიც და ბრალდებულიც 13 წლის ბავშვი იყო . რა ხდება ასეთ შემთხვევაში, არის თუ არა ეს შავი ხვრელი კანონმდებლობაში?
ტატო ქელბაქიანი: რას ვაკეთებთ, როცა 14 წელს მიუღწეველი პირი სჩადის დანაშაულს ან აქვს ანტისოციალური ქცევა?! – ვერაფერს. ეს არის კანონმდებლობის პრობლემა. მაქვს ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის განყოფილებებში გამოკრული აქვთ ამ ბავშვების დაბადების თარიღები და ელოდებიან, როდის გახდება 14 წლის.
ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება, როდესაც არაფერს აკეთებ და ელოდები, როდის გახდება 14 წლის. დანაშაულის რეაგირების გარეშე დატოვება ბავშვისთვის არის წამახალისებელი ფაქტორი. საჭიროა ეფექტური რეაგირება, როგორც პროგრამებით, ასევე ინსტიტუციურად. დღეს არის ერთადერთი ინსტიტუციური ორგანო სამტრედიის სპეცსკოლა , სადაც უნდა მოხდეს მძიმე შემთხვევებში ბავშვის გადაყვანა, თუმცა, ეს სკოლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას.
- ქვეყნის მენტალიტეტი, სოციალური ფონი არის თუ არა საქართველოში დანაშაულის მაპროვოცირებელი ფაქტორი?
ტატო ქელბაქიანი: ქვეყანაში, საზოგადოებაში არის ძალიან დიდი ძალადობრივი ფონი. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოჯახებში ბავშვთა მიმართ ძალადობა აღზრდის მიღებული ფორმაა. ძალადობა წარმოშობს ძალადობას, მსხვერპლი ბავშვი თავად ხდება მოძალადე და ა.შ. არის მენტალური პრობლემებიც, რომელსაც სკოლებში კარგად ორგანიზებული სამოქალაქო განათლება სჭირდება. ადამიანებმა უნდა ისწავლონ კანონთან ურთიერთობა, პოლიციასთან თანამშრომლობა და ა.შ. ეს ყველაფერი ღირებულებათა ფონს ქმნის და საბოლოო ჯამში, მოზარდზე ახდენს გავლენას.
თამუნა გოგუაძე