LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხარვეზები აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის სისტემას

94

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს არ აქვს წინასწარ განსაზღვრული და ერთობლივი სახით გამოქვეყნებული შეფასების კრიტერიუმები და შესრულების ინდიკატორები, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში.

უწყებამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების აუდიტი ჩაატარა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სხვადასხვა აკრედიტაციის სტანდარტის დაკმაყოფილება შესაძლებელია იდენტური კრიტერიუმებით. ამასთან, არაპროდუქტიულია ექსპერტთა კორპუსი, რომელიც აკრედიტაციის გაცემაზე მუშაობს.

”უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვიზიტების 29%-ში შერჩეული ექსპერტთა ჯგუფი არ მოიცავდა შესაბამისი დარგის ექსპერტებს. ვიზიტების 17.5%-ში ექსპერტთა რაოდენობა არ შეესაბემებოდა ვიზიტისას შესაფასებელი პროგრამების რაოდენობას. შემთხვევების 29%-ში ცენტრმა ექსპერტებს აკრედიტაციის ვიზიტამდე მოსამზადებლად (უნივერსიტეტების თვითშეფასების ანგარიშებისა და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების შესასწავლად) მინიმალურ 5 დღეზე ნაკლები ვადა გამოუყო, მაშინ როდესაც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ეს ვადა ორი თვეა”- ნათქვამია ანგარიშში.

ამის გამომწვევ მიზეზებად აუდიტის სამსახურში ექსპერტთა მოუწესრიგებელ ბაზას ასახელებენ. გარდა ამისა, მათივე განმარტებით, აკრედიტაციის ვიზიტის ხანგრძლივობის რეგულაციის არარსებობა ექსპერტთა შეუსაბამო და არაერთგვაროვან შერჩევას იწვევს.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის მიხედვით, სააკრედიტაციო ვიზიტების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, ექსპერტთა ჯგუფის წევრების შერჩევისას ცენტრმა იმგვარად უნდა განახორციელოს მექანიზმის ადაპტირება, რომ უზრუნველყოს: განსახილველ პროგრამებთან შესაბამისი სფეროს ექსპერტების შერჩევა, საგანმანათლებლო პროგრამაზე ექსპერტთა ადეკვატური რაოდენობა და გონივრული ვადები ექსპერტების მიერ ჩასატარებელი სამუშაოსათვის.

რაც შეეხება აკრედიტაციის სტანდარტებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები შემდეგია:

აკრედიტაციის სტანდარტების კონკრეტულობის უზრუნველსაყოფად, ცენტრმა უნდა იზრუნოს არსებული სტანდარტების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებაზე და საჭიროების შემთხვევაში, მათი ჩართულობით არსებული სტანდარტების გადახედვასა და განახლებაზე.

აკრედიტაციის სტანდარტების გადახედვისა და განახლების პროცესში პროგრამასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მისაღებად ცენტრმა უნდა დაადგინოს შეფასების კრიტერიუმები და შესრულების ინდიკატორები. თითოეული სტანდარტის მოთხოვნებთან მიმართებაში აღნიშნული კრიტერიუმები და ინდიკატორები უნდა იყოს გაზომვადი და ნათლად აღსაქმელი, აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ობიექტურობის და ერთგვაროვნების მისაღწევად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები