მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აღმოჩენიდან ერთი თვის შემდეგ, “ომიკრონის” შტამი უკვე მსოფლიოს 106 ქვეყანაშია დადასტურებული.
გლობალური შეშფოთების მთავარი მიზეზიც ეს არის – მისი სწრაფად გავრცელების უნარი.
ვირუსის მუტირებული ვარიანტის აღმოჩენის დღიდან სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვა რეგულაცია აამოქმედა.
შობის მოახლოებასთან ერთად, კოვიდზომებიც მრავალფეროვანი ხდება – ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებიდან დაწყებული, ფოიერვერკების აკრძალვით, საშობაო ღონისძიებების გაუქმებითა და ქალაქების ჩაკეტვებით დასრულებული.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კი ქვეყნებს შორის ფრენების შეჩერება და ასევე ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის რეგულაციებში ცვლილებებია.
ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის რეგულაციები – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გირჩევთ, გამგზავრებამდე გადაამოწმოთ ინფორმაცია
ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტის დაფიქსირების გამო, მოსალოდნელია ცალკეულ ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის რეგულაციებში ცვლილებები.
საზღვარგარეთ გამგზავრების პირობებსა და საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს მოქალაქეები სამინისტროს ოფიციალურ საიტსა და geoconsul.gov.ge-ზე გაეცნობიან.
მონაცემები, რომლებსაც ამ ბმულზე იხილავთ, მოიცავს 95 ქვეყანას. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, თუ რა პირობებს უყენებს თითოეული მათგანი კოვიდპანდემიის პერიოდში მოგზაურობის დროს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
აღნიშნულ ბმულზე გადაამოწმებთ, როგორია ამა თუ იმ ქვეყანაში კოვიდვაქცინით შესვლის პირობები, კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები, ტესტის წარდგენის ვალდებულება, თვითიზოლაცია/კარანტინის მოთხოვნა, დამატებითი მოთხოვნები და ა.შ.
როგორც “ფორტუნას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თუ ქვეყნების მიერ რაიმე ახალი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უწყების ვებ-გვერდზე ავტომატურად აისახება.
ვის და რა შეზღუდვები დაუწესა საქართველომ
28 ნოემბრიდან, ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები აამოქმედა.
? მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეობის მიუხედავად, ნებისმიერი პირი, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
ეს ქვეყნებია:
- სამხრეთ აფრიკა
- ბოტსვანა
- ზიმბაბვე
- ნამიბია
- ლესოტო
- ესვატინი (სვაზილენდი)
- მოზამბიკი
- მალავი
14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს PCR-კვლევა ჩაუტარდებათ.
“საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში, თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი “ომიკრონი” შტამის დაფიქსირების გამო მიიღო.” – წერია ინფორმაციაში.