LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს ვარჯიში საქართველოში?

ვინ როგორ ახერხებს ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას? რა ინტენსივობით ვარჯიშობთ? რითი იკვებებით? – გეცნოთ ეს კითხვები? ისინი ზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე. არსებობს მითები იმის შესახებ, თუ რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი.

„ფორტუნა“ შეეცადა, გაერკვია, რა მითებია საქართველოში ვარჯიშთან დაკავშირებით და რეალურად რას გვეუბნებიან დიეტოლოგები და ფიტნესინსტრუქტორები:

 

მითი #1 – ვარჯიში დამღლელი და არასასიამოვნოა

ვარჯიში ბევრისთვის ტანჯვასა და სხვა არასასიამოვნო პროცედურებთან ასოცირდება. სინამდვილეში იგი ცხოვრების აქტიურ წესს გულისხმობს, რომელზეც ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობაა დამოკიდებული.

ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარნი თამბაქოზე, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე უარს ამბობენ; ისინი ზომიერად და ჯანსაღად იკვებებიან; ასევე, მისდევენ აქტიური ცხოვრების წესს, ფიტნესს, აერობიკას, იოგას და ა.შ. ჯანსაღი ცხოვრების დაგეგმვაში მნიშვნელოვანი როლი დიეტოლოგებს, ფიტნესინსტრუქტორებსა და ფსიქოლოგებს აკისრიათ. ასე რომ, ყველას შეუძლია, ეს პროცესი სასიამოვნო გახადოს და ჯანსაღი ცხოვრების სასურველი სახეობა აირჩიოს.

 

 

ცურვა

ცურვა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და სასარგებლო პროცედურაა.  სპორტის ეს სახეობა ყველა ადამიანისთვისაა. იგი ათავისუფლებს სტრესისგან, ავარჯიშებს მთლიან სხეულს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამაღლებს თვითშეფასებას. ცურვა დიდ ენერგიას საჭიროებს, მაგალითად:

  • თავისუფალი სტილით ნელა ცურვისას ჩვენს ორგანიზმში, საშუალოდ, 413 კალორია იწვის;
  • ზურგზე ცურვისას – 493 კალორია;
  • ბრასის სტილში ცურვა 590 კალორიას წვავს;
  • ხოლო ბატერფლაი – 649 კალორიას.

ზაფხულის მოსვლასთან ერთად თბილისში არაერთი საცურაო აუზი მომხმარებელს მიმზიდველ ფასებს სთავაზობს:

  • „ოლიმპიური აუზის“ ერთთვიანი აბონემენტი 145 ლარი ღირს, ხოლო ფასდაკლების ვაუჩერის წარდგენისას მას 100 ლარად შეიძენთ.
  • Sport Time-ის საცურაო აუზის ერთთვიან ულიმიტო აბონემენტს 150 ლარად შეიძენთ. ასეთივე შეთავაზება აუზ „ოლიმპიკში“ – 170, ხოლო ფასდაკლების ვაუჩერით 110 ლარი დაგიჯდებათ.
  • ვაკის საცურაო აუზში ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის ფასი 380 ლარიდან იწყება.
  • რაც შეეხება Sea side-ის დახურულ საცურაო აუზს, აბონემენტის ფასები 70-დან 180 ლარამდე მერყეობს და ფასი ვიზიტის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

მითი #2 – ვარჯიშის გარეშეც დავიკლებ წონაში

გავრცელებული აზრის თანახმად, წონაში დაკლება მხოლოდ დიეტითაა შესაძლებელი და ვარჯიში ამ პროცესში მონაწილეობას ნაკლებად იღებს. სინამდვილეში ასე არ არის. წონაში დასაკლებად, დიეტასთან ერთად, ვარჯიშიც აუცილებელია.

ვარჯიშს კი, თავის მხრივ, მხოლოდ წონაში დასაკლებად არ მიმართავენ. ფიზიკური აქტივობა კარგია სხეულის ფორმების შესაცვლელად, პრობლემური ზონების კორექციისთვის, ენერგიის მოსამატებლად და იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც დაკავშირებულია ზურგთან, წელსა და ხერხემალთან.

როგორც კვების რაციონი, ასევე სავარჯიშო პროგრამაც ინდივიდუალურად უნდა შედგეს და ინსტრუქტორის მითითებებს უნდა მივყვეთ. მთავარია, სწორად განვსაზღვროთ, რა გვინდა.

ბოლო დროის ვარჯიშის პოპულარული სახეობა ზუმბა ფიტნესია  – კარდიო დატვირთვა, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ფიტნეს კლუბები დაიპყრო. კლასიკური აერობიკის, სარბენი ბილიკის და სხვა კარდიო დატვირთვებისაგან განსხვავებით, ზუმბა ფიტნესში ვარჯიშის დროს მთელი სხეულია ჩართული, განსაკუთრებით კი აქტიურია შიდა ღრმა კუნთები, რომლებიც  ფორმების კორექციას ახდენს და სხეული ტონუსში მოჰყავს.

  • ვარჯიშის ამ სახეობას სავარჯიშო ცენტრი Relax-ი ერთთვიან, 10-ვიზიტიან აბონემენტს 100 ლარად გვთავაზობს, ხოლო ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში – 29 ლარად.
  • Zumba ქართული ცეკვის ელემენტებით  სუხიშვილების ინოვაციაა. აქ ერთთვიანი სავარჯიშო აბონემენტი 60 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. ვარჯიში კვირაში სამჯერ ტარდება და ერთ საათს გრძელდება.

ფიზიკური დატვირთვის ტრადიციული მეთოდი ტრენაჟორებით ვარჯიშია. 

  • Fitness plaza-ში ტრენაჟორების ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი 75 ლარი ღირს, ვაუჩერით – 45.
  • Tbilisi Gym-ში ფიტნესის ერთთვიანი აბონემენტი – 70, ვაუჩერით კი 45 ლარი ღირს.
  • სპორტ დარბაზი Fit Town ერთთვიან ულიმიტო პაკეტს 80 ლარად, ხოლო ვაუჩერით – 40 ლარად გვთავაზობს.
  • GNP Fitness-ის შემოთავაზება კი ასეთია: ზუმბა + ვარჯიშის პაკეტი (პილატესი + აერობიკა+ ფიტნესი + კვრივი) + ინდივიდუალური მწვრთნელი – 130 ლარი ღირს, ვაუჩერით – 50 ლარი.
  • ცალკე ზუმბა + ინდივიდუალური მწვრთნელი (12 ვიზიტი) – 60 ლარი, ვაუჩერით – ცალკე ვარჯიშის პაკეტი + ინდივიდუალური მწვრთნელი + პილატესი + აერობიკა + ფიტნესი + კვრივი (ულიმიტო ვიზიტები) – 60 ლარად შეიძენთ, ვაუჩერით – 30 ლარად.

 

მითი #3 – იოგის მიმდევრობისას ფიზიკური დატვირთვა ნაკლებია

იოგას პრაქტიკა საუკეთესო გზაა, როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი გაჯანსაღებისათვისათვის. მით უმეტეს, რომ იოგას ახალმა მიმდინარეობებმა, რომელიც დასავლეთში წარმოიშვა, ის მაქსიმალურად მოარგო თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს და რეალურად ერთერთ სავარჯიშო პროგრამად იქცა, რომლითაც მსოფლიოში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანია დაკავებული.

  • fitness studio იოგას ერთთვიან აბონემენტს, რომელშიც თვეში იოგას 12, ხოლო ფიტნესის 1 ვარჯიში შედის, 100 ლარად, ხოლო ვაუჩერით შეძენისას – 50 ლარად გვთავაზობს.
  • Fitness lifestyle-ში აერობიკა, იოგა, ქიგბოქსინგი და ყოველდღიური ვარჯიში, რომელიც საშუალოდ საათ-ნახევარს გრძელდება, აბონემენტის ფასი 100 ლარია.

საქართველოში იოგას ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ბერძენიშვილი იოგათი დაინტერესებულებს ურჩევს:

იოგას, როგორც ტანვარჯიშს, შუა საუკუნეებში იოგები იყენებდნენ. იოგა გამოყოფს ვარჯიშის პასიურ და აქტიურ სახეობებს. მეტად ხაზგასასმელია აშთანგა იოგა, რომელიც ამუშავებს, როგორც კუნთოვან სისტემას, ასევე ახლავს კარდიო დატვირთვაც, რაც მთლიანობაში სრულფასოვანი ფიზიკურ-სპორტული დატვირთვაა.“

გიორგი ბერძენიშვილის ფოტო

 

მითი #4 – დიეტა=შიმშილს

სწორი კვება და დაბალანსებული რაციონი – აი, რას ვკითხულობთ ცნობილი დიეტოლოგების რეკომენდაციებში. ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი ნატა გაგუა წონაში სწრაფად კლებას მონოდიეტების დახმარებით უარყოფითად არ აფასებს, თუმცა, მათი დაცვის შემდეგ სწორი კვების მიყოლას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. მისივე რჩევით, ცილოვანი დიეტა ეფექტურია ყველასთვის, მაგრამ ექიმის ჩარევის გარეშე საშიშია. მისი ხანგრძლივად გაგრძელება არ შეიძლება. ნატა გაგუა წყლის მიღების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ორი ლიტრი წყალი დღეში აუცილებელია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საკვები ნაკლებად მარილიანი უნდა იყოს. ყავა და მწვანე ჩაიც კი ცელულიტის გაჩენას უწყობს ხელს, თუ მათ დიდი რაოდენობით მივიღებთ. ამიტომ აუცილებელია ზომიერების დაცვა.“

შედეგი, რომელსაც დიეტა მოგვცემს, შენარჩუნება სჭირდება

მთავარია, დიეტის განმავლობაში გამომუშავდეს სწორი დამოკიდებულება კვების მიმართ; დაკავდეთ სპორტის რომელიმე, თქვენთვის სასურველი სახეობით. ნატა გაგუა ამ საკითხზეც გვირჩევს:

„წონის დაბრუნების პროცესში გამოიმუშავებთ იმ წესებს, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა მისდიოთ. იგულისხმება, რომ ეჩვევით ისეთ კვებას, რომელიც წონაში მატებას არ იწვევს.“

სწორი კვება ცხოვრების წესს შეცვლის, ყოველდღიურ რეჟიმს გადააწყობს, კვებასთან დაკავშირებით დაგჭირდებათ ახალი მიდგომები. საამისოდ კი ფსიქოლოგიურად აუცილებლად მომზადებული უნდა იყოთ.

რაც შეეხება ფინანსებს, სატრენაჟორო დარბაზში, ან რომელიმე აქტივობაში ჩართვა ძვირი სულაც არ არის. თვეში, თუნდაც, მხოლოდ 40 ლარით თქვენ ჯანსაღი ცხოვრებისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამთ. ეს ყველაფერი, კონკრეტულ ცენტრებში სიარულის გარეშე, სახლშიც შეგიძლიათ, თუმცა, როგორც წესი, დარბაზი უფრო მეტად გაყენებთ რეჟიმში და გაძლევთ მოტივაციას.

და ბოლოს, ჯანსაღი ცხოვრების წესი მხოლოდ აკრძალვა არაა, ეს თქვენი არჩევანია!