LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს შეყვარებული საქართველოში?

288

ძლიერი გრძნობები და ურთიერთობები კარგია, თუმცა ჩვენ სამყაროში საბოლოოდ ყველაფერი ერთ რამემდე – ფინანსურ რესურსებამდე მიდის.

იმის მიუხედავად, რომ პრაგმატულად და უხეშად ჟღერს, ”ფორტუნამ” გადაწყვიტა გაარკვიოს რა უჯდებათ მამაკაცებს შეყვარებულობის პერიოდი.

ექსპერიმენტისთვის სხვადასხვა ასაკის და ურთიერთობის სხვადასხვა ფაზაზე მყოფი ორი მამაკაცის კონკრეტული შემთხვევები ავიღეთ და, რა თქმა უნდა, საერთო ფონიც გავითვალისწინეთ.

პირობითად ექსპერიმენტისთვის შერჩეულ მამაკაცები ასე დავყავით: გიორგი 30 წლის და ლუკა 21 წლის.

მათთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ ამ მხრივ გასათვალისწინებელია ორი მთავარი ფაქტორი: ასაკობრივი კატეგორია და ურთიერთობის ეტაპი.

პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვან ხარჯებს დავწერ, რომელსაც ვერც ერთი შეყვარებული დააღწევს თავს.

ლუკას შემთხვევაში დაბადების დღის საჩუქრის ღირებულება – 150–დან 350 ლარამდე მერყეობს; ახალ წელს საჩუქარი 50–100 –ლარამდე უჯდება. ქალთა დღეს შეიძლება 20–30–ლარზე მეტი არ დაჯდეს, სიყვარულის დღის საჩუქარი კი 100 ლარამდე ჯდება (შესაძლებელია საჩუქარში მოიაზრებოდეს ვახშამი და საჩუქარი ერთად).

ანუ გამოდის, რომ შეყვარებულ ბიჭს წელიწადში მხოლოდ დღესასწაულები სულ მცირე 350–დან 550 ლარამდე უჯდება. (გააჩნია წელს და შესაძლებლობებს).

ამას ემატება გადაადგილების ხარჯები. ლუკას შემთხვევაში გადაადგილება მისი საკუთარი ავტომობილით ხდება.

„თითო ნახვაზე 8 ლარის საწვავია საჭირო. კვირაში 4-5-ჯერ მაინც ვხვდებით“, – თქვა ლუკამ ჩვენთან.

შესაბამისად, შეყვარებული ბიჭის მგზავრობის ხარჯი კვირაში 32–დან 40 ლარამდეა, რაც თვეში 128–200 ლარამდე გამოდის. (გასათვალისწინებელია, რომ ტაქსით მგზავრობა ბევრად უფრო ძვირი დაჯდება).

theology21sm

ასევე „ფორტუნასთან“ ჩვენმა ექსპერიმენტის მონაწილემ აღნიშნა, რომ არის უხილავი ხარჯები, (ტკბილეული, მცირე საჩუქარი), რომელთა ღირებულება თვეში 50 ლარს არ აღემატება.

„თვეში ერთხელ მაინც მივდივართ კინოში ან თეატრში. კინოში ერთი ვიზიტი დაახლოებით 40 ლარი ჯდება, თეატრი შედარებით იაფი. გარდა ამისა, თვეში რამდენჯერმე ვსტუმრობთ სწრაფი კვების ობიექტებს ან კაფეებს. ამის ღირებულება ერთიანობაში 100 ლარს არ აჭარბებს“, – აღნიშნა მან.

გამოდის, რომ ამ ნაწილში ლუკა თვეში საშუალოდ 140 ლარს ხარჯავს.

უხეშად რომ დავთვალოთ, ლუკას შემთხვევაში ჩვეულებრივი თვე, როცა არც შეყვარებულის დაბადების დღეა და არც რაიმე დღესასწაულია ბიჭისთვის 200-დან 250-მდე ჯდება.

წელიწადში კი მხოლოდ მნიშვნელოვანი დღესასწაულების გათვალისწინებით, თქვენ რჩეულთან ერთად ყოფნა 3200 ლარამდე დაგიჯდებათ.

ექსპერიმენტის მეორე მონაწილე 30 წლის გიორგი ამბობს, რომ სტუდენტურ ასაკში სხვა მოთხოვნებია, ხოლო თუნდაც 30 წელს გადაცილებული ქალბატონის გულის მოგება უკვე „სხვა ფასი“ ღირს.

„თუ ახალგაზრდებს სწრაფი კვების ობიექტები, მისალოცი ბარათები და სხვა შედარებით „იაფად გამოსასვლელი“ აკმაყოფილებთ, შესაძლოა უკვე შემდგარი ქალის გულის მონადირება 200 და 300-ლარიანი სუნამოთი დაიწყოს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რა ეტაპზეა გოგოს და ბიჭის ურთიერთობა. საწყის ეტაპზე, როდესაც ბიჭს ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვს გოგონას ყურადღება და „თანხმობა“, ცოტა უფრო „ძვირი ჯდება“. მერე და მერე შესაძლოა ერთობლივად გადაწყვიტონ და შედარებით „იაფად გამოძვრნენ“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ გიორგიმ.

მისი კონკრეტული ხარჯებით თავს არ შეგაწყენთ და მოკლედ გეტყვით, რომ საშუალოდ შეყვარებულისთვის გაწეული ხარჯები თვეში მის შემთხვევაში 200 ლარს შეადგენს. წელიწადში კი 3500 ლარს არ აღემატება.

„ჩემი ბოლო, პირადი მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, შეყვარებულობა ძალიან ძვირი არ „ღირდა“. მე საკუთარი შემოსავალიც მაქვს და ამიტომ ამ მხრივ ცოტა ადვილია, როდესაც თუნდაც, მუდმივად მშობლებს არ თხოვ ფულს. ჩემი „ხარჯი“ იყო ელემენტარული ხასიათის სიურპრიზები (ეს შეიძლება 5 ლარის ღირებულებისაც ყოფილიყო), უბრალოდ მოულოდნელობის და ყურადღების ეფექტი ქონდა. თუ ბიჭმა ზუსტად იცის რა ესიამოვნება გოგონას, შესაძლოა დიდი თანხა არც დაჭირდეს. რა თქმა უნდა, ბანალური დეტალი: რესტორანი (საშუალოდ თვეში ორჯერ), მანქანის ხარჯის მოყვანა უხერხულიც კია. თავისთავად ყოფილა ცოტა უფრო ღირებული საჩუქარი. მაგ: დაბადების დღეზე და სხვა გაუთვალისწინებელი.

ვიტყვი იმასაც, რომ მქონია იდეა და რადგან მისი განხორციელება ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ვეღარ გამიკეთებია“, – გვითხრა მან საუბრისას.

„ხარჯის ზომას“ ურთიერთობის ინტენსივობაც განსაზღვრავს.

couple-gift

„მქონია შემთხვევა კვირაში 4-5-ჯერ მინახავს (ყოველდღე მცირე სიურპრიზს ვუწყობდი) და დაახლოებით 10-დღიანი პაუზაც ყოფილა. ასეთ დროს დანახარჯიც განსხვავებულია“, – აღნიშნა მან.

„ისე, ეს ცხოვრებისეულ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ხარჯია და მართალი გითხრათ მირჩევნია ხარჯი მქონდეს, ვიდრე „უსიყვარულობით თანხები დავზოგო“, – გვითხრა ჩვენი ექსპერიმენტის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბოლოს კი საკუთარ მოსაზრებასაც გაგაცნობთ და გეტყვით, რომ 500-ლარიანი საჩუქრის ნაცვლად 20-ლარიანის ჩუქებაც შეგიძლიათ (ისევე, როგორც 500-ლარიანის ნაცვლად 3500 ლარიანის). ასევე, აუცილებელია არაა ყველა ხარჯი ყოველთვის მამაკაცმა გასწიოს. შესაბამისად, ის ხარჯები, რაც დავთვალეთ, მხოლოდ უხეში კალკულაციაა და ეს ყველაფერი თქვენს შესაძლებლობებზე, ფანტაზიასა და თქვენი რჩეულის მოთხოვნებზეა დამოკიდებული.

ასე რომ, სასიამოვნო ხარჯებს და ამ ხარჯების გაწევის შესაძლებლობას გისურვებთ. დასკვნად კი გეტყვით, რომ ფული მთავარი არა, თუმცა აუცილებელია.

მათ კი, ვისაც შეყვარებული და მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, იმით დაგამშვიდებთ, რომ თამამად გეტყვით – თქვენ თვეში 200-ს, წელიწადში დაახლოებით 3000 ლარზე მეტს ზოგავთ.

 

15216044_1380223495356428_844597973_o

თამთა უთურგაშვილი