LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს საქართველოში ელექტრომობილები – მითები და რეალობა

2214

ავტომობილი შიგაწვის ძრავის გარეშე – ეს ელექტრომობილია.

ელექტრომობილი შიდაწვის ძრავის გარეშე გადაადგილდება. არ მოიხმარს საწვავს და არც გარემოს აბინძურებს.

საქართველოში ჯერჯერობით 50 ასეთი ავტომობილი დადის. ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, თუმცა ამის განვითარებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო.

ელექტრომობილს მოძრაობისთვის ელექტროენერგია სჭირდება. სრულად დამუხტული საშუალო კლასის ელექტროავტომობილი 120 კილომეტრამდე გავლის საშუალებას იძლევა(გააჩნია მოდელს). თბილისში რამდენიმე დასამუხტი სადური უკვე არსებობს და წლის ბოლომდე 100 ასეთი სადგურის დამონტაჟება იგეგმება.

როგორც „ფორტუნას“ კავკასიის ავტოიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ როსტიაშვილმა განუცხადა, ელექტრომობილები საქართველოსთვის ახალი ხილია და მათზე მოთხოვნა უკვე არის.

თბილისში ელექტრომობილების იმპორტი უკვე დაწყებულია, რომლებიც ხელმისაწვდომი და ეკონომიურია.

მეორადი ელექტრომობილების ღირებულება 4–5 ათასი დოლარიდან იწყება. ამ მონაცემების ავტომობილები ერთ დატენვაზე 120 კილომეტრის ფარგლებში თავისუფლად გადაადგილდებიან.

nissan leaf 2013

„ელექტრომობილების თემას ვამუშავებთ. ეს უახლოესი მომავლის თემაა. ჩვენ გზაში გვყავს რამდენიმე ათეული ელექტროავტომობილი. შემოგვყავს ყველაზე ოპტიმალური მოდელები მათ შორის ყველაზე პოპულარული 2012–12 წლის Nissan leaf-ია. ძალიან კარგი მანქანაა Tesla, თუმცა ძვირია. ეს არის უფრო მასობრივი მანქანა– ფასიდან გამომდინარე“, – განაცხადა ნიკოლოზ როსტიაშვილმა.

ელექტრომობილები საწვავის თვალსაზრისით ყველაზე ეკონომიურია. მისი საწვავი ელექტროენერგიაა – რომლის ხარჯი მიზერულია.

ამის გარდა, ელექტრომობილს არ აქვს ძრავი, შესაბამისად არ სჭირდება ფილტრების ცვლა, ანტიფრიზი, არ აქვს რადიატორები – შესაბამისად, არც გაგრილების სისტემა.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, თუკი ელექტრომობილი ასეთი ხელმისაწვდომი და ეკონომიურია, რატომ არ არის ის საქართველოში პოპულარული (თბილისის მასშტაბით, მხოლოდ 50–მდე ელექტრომობილი გადაადგილდება).

პირველ რიგში, ამას ინფორმაციის ნაკლებობა განაპირობებს. მეორე რიგში კი არასაკმარისი ინფრასტრუქტურა.

Tesla model 3 ტესლას ახალი ელემენტი P100D ერთ დატენვაზე უკვე 500-700კმ ფარავს. თუმცა ეს უკვე luxary კლასია და ტესლას ავტომობილები  ალბათ, რიგითი მოკვდავებისთვის ხელმისაწვდომი კიდევ დიდი ხანი არ იქნება.

 

როგორც „ფორტუნას“ ნიკოლოზ როსტიაშვილმა განუცხადა, აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება, იმისთვის რომ მომხმარებელმა ელექტრომობილის გამოყენება მოახერხოს.

„ელექტრომობილის გამოყენება საქართველოში, კერძო მომხმარებლისთვის ცოტა რთულია. უკვე არსებული დამტენები, რომლებიც თბილისში რამდენიმე ადგილზეა დამონტაჟებული საკმარისი საერთოდ არ არის. ამ დამტენების იმედზე ადამიანი ელექტრომობილებს ვერ შეიძენს“, – განაცხადა მან.

შესაძლებელია ელექტომობილების სახლის პირობებში დატენვაც – თუ ბინა პირველ სართულზე გაქვთ ან კერძო სახლში ცხოვრობთ. თუმცა თბილისის მოსახლეობის უმეტესობა კორპუსებში ცხოვრობს – აქ კი საქმე ცოტა პრობლემურადაა.

„დღევანდელ პირობებში, მათ ვინც კორპუსში ცხოვრობს, დასატენი ინფრასტრუქტურის მოწყობა ცოტა გაუჭირდება. მეექვსე სართულიდან დამტენ მოწყობილობას კაბელით ხომ ვერ ჩამოუშვებ?! პირველი სართულიდანაც ცოტა მოუხერხებელია მისი დატენვა თუმცა, შესაძლებელი. ამიტომ აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ჩარჯერის დამონტაჟება“, – განაცხადა ნიკოლოზ როსტიაშვილმა.

ასეთი ავტომობილების კიდევ ერთი მინუსი ის არის, რომ მისით ქალაქგარეთ გასვლა ამ ეტაპზე შეუძლებელი, მომავალი წლისთვის კი უბრალოდ მოუხერხებელი იქნება, რადგან სრულად დამუხტული ავტომობილით საშუალოდ 120 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი.

მომავალ წელს ავტობანზე სწრაფი დამტენების დამონტაჟება იგეგმება, თუმცა ამ პრობლემას სავარაუდოდ ვერც რამდენიმე დამტენი გადაწყვეტს, რადგან სწრაფი დამტენებითაც კი ავტომობილის სრულად დამუხტვა 20 –30 წუთშია შესაძლებელი.

„რიგში თუნდაც ერთი ავტომობილი რომ იდგეს, მას 1 საათი მოუწევს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და თუ რამდენიმე ელექტრომობილი იქნება რიგში, მხოლოდ მათი დამუხტვის რამდენიმე საათიანი ლოდინი და თან ამის შემდეგ 120 კმ–ის გავლა არც ისე მოხერხებულია“, – განაცხადა როსტიაშვილმა.

სავარაუდოა, რომ თუ ასეთ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა, მომავალში არც ასობით დამტენის დამონტაჟება იქნება პრობლემა.

რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრომობილების აგრეგატები ძალიან პრობლემურია, იმპორტიორები გვიმტკიცებენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, თუკი არ გაგიმართლათ და თქვენს მეორად ელექტრომობილს აგრეგატის გამოცვლა დასჭირდა ეს პროცესი სულ მცირე 1000 დოლარი დაგიჯდებათ.

„აგრეგატები საკმაოდ განვითარებული და მუშაა, შესაბამისად ეს პრობლემა იშვიათია. თუმცა, თუ ეს პრობლემა წარმოიქმნა, აგრეგატების გამოცვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მისი ფასი 1000 დოლარიდან იწყება. ამ დროისთვის კი საქართველოში ბაზაც კი არ არსებობს იმისთვის აგრეგატი გამოიცვალოს“, – განაცხადა კავკასიის ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.

თუმცა მანვე, „ფორტუნასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მისი სერვისცენტრის თანამშრომლები გადასამზადებლად მიდიან უცხოეთში, იმისთვის რომ ელექტრომობილების მომსახურების ტექნოლოგიები შეისწავლონ.

შესაბამისად, მოლოდინები იმისა, რომ მომავლის ავტომობილები საქართველოსთვის უფრო და უფრო ხელმისაწვდომი და მოხერხებული გახდება, რეალურია.

ელექტრომობილების შემოყვანა დაიწყო ჰონდას ოფიციალურმა დილერმა საქართველოში „სენა ავტო ჯგუფმაც“. მათ ახალი ელექტრომობილები შემოჰყავთ, რომლებზეც 8 წლიანი განვადება მოქმედებს.

როგორც „ფორტუნას“ ჯგუფის მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს, ელექტრონულ ავტომობილებზე საქართველოში მოთხოვნა იზრდება.

„ცენტრში უკვე გვყავს ტესტ დრაივისთვის განკუთვნილი ავტომობილი, მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ იცის როგორ მუშაობს ელექტრო ავტომობილი და როგორ დადის. ასევე, კომპანია უზრუნველყოფს ცვეთადი ნაწილების იმპორტს და მონტაჟსაც“, – განაცხადეს „სენა ავტო ჯგუფში“.

რაც შეეხება ფასებს, სენა ავტო ჯგუფში წარმოდგენილი ახალი ელექტროავტომობილების ფასი 19 000 დოლარიდან იწყება.

JAC iEV6S კიდევ ერთი ელექტრომობილის დასამუხტი მოწყობილობის გახსნაზე (დამტენი კომპანია e-space–მა დაამონტაჟა)

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომავალი წლის იანვრიდან, 2008 წლამდე წარმოებული ავტომობილების განბაჟება გაძვირდება, ხოლო ელექტრომობილების იმპორტი გადასახადისაგან საერთოდ გათავისუფლებულია (დაბეგვრისგან გასათავისუფლებლად ავტომობილი უნდა იყოს გაერთიანებული 8707 კოდში) ლოგიკურია რომ თბილისში ეს თემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

ფაქტია, რომ ინიციატივების დონეზე, სახელმწიფო მისი იმპორტის წახალისებას ახდენს. აღსანიშნავია, რომ კომპანია espace–ს, რომელმაც თბილისში პირველი ელექტრომობილების სადგურების დამონტაჟება დაიწყო, მერიამ ფართი უფასოდ გამოუყო. ელექტრომობილის ორი დამტენი თბილისში სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება მსურველებს. სადგურებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარჯს ასევე, თბილისის მერია ფარავს – 2017 წლის ბოლომდე.

კომპანია e-space-ის მეშვეობით, სადგურების მონტაჟი ასევე დაიწყო მსხვილმა, კერძო კომპანიებმა, როგორიცაა “ლისი დეველოპმენტი” და “რედისონ ბლუ ივერია”.

თამთა უთურგაშვილი