LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლა – საქართველოში 121 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებს

127
სასაკლაო

2023 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.2 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, 16.5 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 16.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 14.0 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 11.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 23.1 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

როგორც საქსტატის გამოკვლევის შედეგებშია აღნიშნული, 2023 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 98.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 42.2 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 49.6 პროცენტი – ღორი, ხოლო 7.3 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8 პროცენტს შეადგენს.

უწყების ცნობით, გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 290.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2023 წლის I კვარტალში 13.6 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 34.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 43.3 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 21.6 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 12.9 ათას პირს, საიდანაც 35.5 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 116 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 33.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 28.9 ლარი.

რაც შეეხება ფასებს, გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენდა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 31.0 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.2 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 26.5 ლარი.