LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს და სად იყიდება შეშა, რომელიც თხილის ნაჭუჭით მზადდება?

4987

ე.წ ევრო-შეშის გაყიდვები საქართველოში უკვე დაიწყო. პროდუქცია სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ ”ბრიკორამასა” და ”ბუხრის  სახლში”:  შევიდა და გასაყიდი ფასი, 1 შეკვრის შემთხვევაში, 9 ლარია.

როგორც ”ფორტუნას” ევრო-შეშის მწარმოებელი ქართულ-უკრაინული  კომპანიის Ecoline Energy-ის დამფუძნებელმა თამაზ ლომიძემ განუცხადა,  შეშის აღნიშნულ სახეობაზე ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

”ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე შევიტანეთ პროდუქცია სავაჭრო ქსელებში და პირველი პარტია წარმატებით გაიყიდა. შესაბამისად, მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს სხვა სავაჭრო ქსელებთანაც  ვაწარმოებთ და ცოტა ხანში რეალიზაცია უფრო ბევრ ობიექტში განხორციელდება”, – აღნიშნა ლომიძემ.

მისივე თქმით, პროდუქცია დაპრესილი ბიომასისგან მზადდება, მას არ გააჩნია ქიმიური დანამატები, შესაბამისად, 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა. ერთი შეკვრა ევრო-შეშის, იგივე ბრიკეტის წონა 10 კგ-ია და იმავე რაოდენობის შეშაზე სამჯერ უფრო დიდხანს იწვის.

”ბრიკეტებს ჩვეულებრივ შეშასთან შედარებით ბევრი უპირატესობა გააჩნია. პირველი ის, რომ ერთი ტონა ბრიკეტი უდრის 2 გადარჩენილ ხეს. გარდა ამისა, ნაკლებ კვამლს გამოყოფოს. შეშასთან შედარებით ბევრად მშრალია, შეშის ტენიანობა 35%-ია, ბრიკეტის კი – 1%-ზე ნაკლები. შეშა 450 გრადუსამდე ხურდება, ბრიკეტის ტემპერატურას კი შეუძლია 800 გრადუსს მიაღწიოს”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, თხილის ნაჭუჭზე ბრიკეტების წარმოების დასაწყებად კომპანიას დიდი შრომის გაწევა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მოუხდა. ამ  ეტაპზე Ecoline Energy-ი თვიურად 150 ტონა ბრიკეტს  უშვებს, სამომავლოდ კი Ecoline Energy-ი წარმოების გაზრდასა და ქართული ევრო-შეშის ექპორტზე გატანასაც გეგმავს.

ცნობისთვის, Ecoline Energy-იმ ბრიკეტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა ზუგდიდში 2015 წელს დაიწყო. საწარმო, რომელიც ქართულ-უკრაინული ინვესტიციით აშენდა, ექსპლუატაციაში 2016 წლის ნოემბერში შევიდა. აქ 15 ადგილობრივი კადრი დასაქმდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები