თუ დოლარის გაუფასურება გაგრძელდება, ლარი გამყარდება, საქართველოს მოქალაქეებს კი, რომელთა დიდ პროცენტს სესხი დოლარში აქვს აღებული და შემოსავალი ლარში, ყოველთვიური გადასახადი შეუმცირდება.
მსოფლიო ბირჟებზე დოლარის გაუფასურება დღეს ბუნებრივი რეაქცია იყო, ვინაიდან, გარკვეუწლილად, აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ბევრი არც მოელოდა – ამის შესახებ რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ბანკები და საზოგადოების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა.
რაც შეეხება მოლოდინებს ქართულ რეალობაში, მისი თქმით, საქართველო ამ დიდი ბაზრის ძალიან მცირე ნაწილია და შედეგები ჩვენზე გარკვეული პერიოდის შემდეგ ახდენს ხოლმე ზეგავლენას. ამასთან, დოლარის გლობალური გაუფასურების დაწყებაზე და მისგან გამომდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბარი დღესდღეობით ნაადრევია, რადგან დოლარს ახასიათებს რყევები მკვეთრი პოლიტიკური ცვლილების ფონზე, ოქრო კი პირიქით, ასეთ დროს უფრო სტაბილური ვალუტა ხდება.
„ეს მოვლენები ბირჟებზე მოსალოდნელიც იყო, თუმცა ქართულ ბირჟებზე მკვეთრ გავლენას, მით უმეტეს, ამ ეტაპზე, პირდაპირ არ მოახდენს“ – დასძინა გიორგი კეპულაძემ.
ამერიკულ ეკონომიკას დიდი გავლენა აქვს მსოფლიოს ეკონომიკაზე და მათ შორის საქართველოზეც. თუ მომავალში, დოლარის გლობალური გაუფასურების პროცეს გაგრძელდება, ეს აისახება ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც და პარალელურად, ლარი გაიმყარებს პოზიციებს. თუმცა,
გიორგი კეპულაძის თქმით, მოვლენების ასეთ განვითარებაზე საუბარი დღეს, რა თქმა უნდა ძალიან ძნელია.
თუ დოლარის გაუფასურება გაგრძელდება, ლარი გამყარდება, საქართველოს მოქალაქეებს კი, რომელთა დიდ პროცენტს სესხი დოლარში აქვს აღებული და შემოსავალი ლარში, ყოველთვიური გადასახადი შეუმცირდება.
თუმცა, კეპულაძის თქმითვე, ლარის გამყარებისა და სტაბილურობის პროცესს არ უნდა განსაზღვრავდეს მხოლოდ აშშ-ში ახალი პრეზიდენტის არჩევა.
„ლარის გამყარებაზე ზრუნვა მხოლოდ საგარეო ფაქტორების მოლოდინით არ გამოვა, მთავრობამ, ამერიკასთან, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, უნდა უმიშაოს აქტიურად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ბოლო 15-16 წლის განმავლობაში ამერიკას ბევრი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში , შესაბამისად ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ქართულ ეროვნულ ვალუტაზე კი არაფერი ისე არ მოქმედებს, როგორც საქართველოს ეკონომიკური ზრდა,“- განაცხადა ჩვენთან საუბრისას გიორგი კეპულაძემ.