LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს მზის სხივები ხალებზე – სილამაზის აკადემია

13
ხათუნა-კუდავა

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის ხალი და რა გავლენას ახდენს მზის სხივები ხალებზე – გადაცემის „სილამაზის აკადემიის“ სტუმარია დერმატოლოგი ხათუნა კუდავა.

რა არის ხალი?

ხალები კანის მეტად გავრცელებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია. ისინი ვითარდება პრაქტიკულად მთელს სხეულზე: სახეზე, ტანზე, კიდურებზე, თავის თმიან არეში და ფრჩხილქვეშ მიდამოებშიც. ზრდასრულთა უმრავლესობას სხვადასხვა ზომის დაახლოებით 10-დან 20-მდე ხალი აქვს, ზოგს ნაკლები, ზოგს მეტი. ხალები (პიგმენტური ნევუსები ) ნევუსური უჯრედებისგან შედგება.

მზის სხივები წარმოადგეს ნევუსური უჯრედების ზრდისთვის მასტიმულირებელ ფაქტორს, ამიტომაც ზაფხული განსაკუთრებული პერიოდია ხალების ცვლილებებისთვის. გარუჯვის შემდეგ ხდება როგორც არსებული ხალების ზომაში ზრდა და ცვლილებები, არამედ ახალი ხალების გაჩენაც.

როგორია მათი გამოვლენა და ცვლილებები ასაკის მიხედვით?

არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი ხალები. თანდაყოლილი ხალები ვლინდება დაბადებისთანავე ან ადრეულ ჩვილობის პერიოდში. ახალი ხალების აქტიური გაჩენა და არსებული ხალების ზრდა ძირითადად უკავშირდება ჰორმონულ ცვლილებებს. ამიტომაც ეს პროცესები ყველაზე შესამჩნევია გარდატეხის ასაკში. ხალების ზრდა და ცვლილებები აღინიშნება ორსულობის პერიოდშიც. რაც შეეხება მოხუცებს, ამ ასაკში ხშირად კანის სხვა სიმსივნური წარმონაქმნები ვლინდება. ზოგჯერ მოგვმართავენ მრავლობითი ხალების ერთიანად განვითარების გამოც. არსებობს სებორეული კერატოზებიც, კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც ხშირად ვიზუალურად მოგვაგონებენ ხალებს. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა, რადგან ხალები და სებორეული კერატოზები განსხვავებული წარმონაქმნებია და მკურნალობასთან მიმართებაშიც განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს.

რა სახის ხალები არსებობს?

ხალები შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფერის: კანისფერი, ვარდისფერი, ყავისფერი, ლურჯი, შავი. ეს დამოკიდებულია პიგმენტების რაოდენობასა და იმაზე, თუ კანის რომელ შრეებს მოიცავს ხალი. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ხალს თავისი განვითარების ეტაპები გააჩნია. ზოგი ხალი კანის ზედაპირთან არის გათანაბრებული, ზოგი ამოწეულია კანის დონიდან. ზოგს სადა ზედაპირი აქვს, ზოგს მეჭეჭოვანი.

კანის დონიდან ამოწეული და კანისფერი – ღია ყავისფერი ხალები ხშირია სახეზე, კისრის არეში და თავის თმიან არეში. თავის თმიან არეში განვითარებული მეჭეჭოვანი ზედაპირის მქონე ხალები ხშირად შეცდომით დიაგნოსტირდება როგორც მეჭეჭები. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ დიაგნოსტიკას.

რომელია განსაკუთრებით საყურადღებო?

მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ხალის ცვლილებებს. ზოგადად მელანომების უმრავლესობა ვითარდება როგორც დამოუკიდებელი წარმონაქმნები, მისი გარკვეული ნაწილი კი ვითარდება უკვე არსებული ხალისგან. ამიტომაც მნიშვნელოვანია ხალებზე დაკვირვება. თუ ხალი იზრდება ზომაში, იცვლის შეფერილობას (შესამჩნევი ხდება სხვადასხვა ფერის პიგმენტური ჩანართები), განიცდის ფორმის ცვლილებებს, ხდება არასწორი მოხაზულობის, ასეთი ხალი საყურადღებოა. ყურადღება უნდა მივაქციოთ სუბიექტურ ჩივილებსაც, როგორიცაა წვა, ქავილი, ტკივილი.

მნიშვნელოვანი კომპონენტია პერიოდული სისხლდენა. ახლად გაჩენილი წარმონაქმნებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ხალები, რომლებიც გაჩნდა 30 წლის შემდეგ, კანის მზისგან დაფარულ უბნებზე.

რამდენად საშიშია ხალის დაზიანება?

ხალები ხშირად ზიანდება სხვადასხვა სახის მექანიკური ტრავმირების შედეგად (ქავილის, ტრავმული სისხლჩაქცევის). ზოგადად მექანიკური დაზიანება არ განიხილება, როგორც გადაგვარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი, თუმცა გასათვალისწინებელია ხშირი რეგულარული ტრავმირება და ძალიან დიდი ზომის დაზიანება, რომლის დროსაც ხალის დიდი ნაწილი მოცილებულია.

არის თუ არა საშიში თეთრი უბნების გაჩენა ხალების ირგვლივ?

თეთრი, დეპიგმენტური ლაქების გაჩენა ხალების ირგვლივ განსაკუთრებით ხშირია მოზარდთა ასაკში. ასეთ ხალებს სეტონის ან ჰალონევუსებს ვუწოდებთ. მათი უმრავლესობა კეთილთვისებიანი მიმდინარეობით ხასიათდება. უმეტესად ასეთი თეთრი ფერის ლაქების გაჩენა ხალების ირგვლივ დაკავშირებულია ავტოიმუნურ პროცესებთან, შესაძლოა იყოს ვიტილიგოს გამოვლინება ან ასოცირდებოდეს ენდოკრინულ პათოლოგიებთან. ამიტომაც პროცესი ხშირად მოიცავს არა ერთ, არამედ რამდენიმე ხალს და ხშირად ამ არეებში ხალების თანდათან გაქრობით მთავრდება. ასეთი პროცესის განვითარების დროს ხალების დიაგნოსტიკა აუცილებელია.

რა არის ,,წითელი ხალები“?

,,წითელ ხალებად“ წოდებული წარმონაქმნები კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი ანგიომებია. ყველა ასაკში გვხვდება სხვადასხვა რაოდენობითა და ზომით. მექანიკური დაზიანებით სისხლმდენია. კანზე ცვლილებების მხრივ რისკ-ფაქტორებს ნაკლებად შეიცავს, თუმცა ერთბაშად მათი დიდი რაოდენობით გაჩენა შესაძლოა შინაგანი პათოლოგიის გამოვლინება იყოს.

როგორ ხდება ხალის დიაგნოსტიკა?

ხალების დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი ეტაპია მათი სკრინინგი, რომელიც ტარდება ციფრული დერმატოსკოპიით. უმტკივნეულო, უსაფრთხო გამოკვლევა, რომლის დროსაც ასაკი არ არის შეზღუდული. ციფრული დერმატოსკოპით ვიღებთ მნიშვნელოვან ბაზისურ ინფორმაციას ხალების შესახებ, ვინახავთ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში დინამიკაში დასაკვირვებლად და ვიღებთ პაციენტისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას. საეჭვო შემთხვევებში იგეგმება პათომორფოლოგიური გამოკვლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები